ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ოცი ლექსის სიცოცხლე 

ხრისტო ბოტევს


ვინ იცის კიდევ ლექსი რამდენი,
ვით გასაშლელი ნაზი კვირტები,
აქ შენთან ერთად ჩალეწ-გათელეს,
მოსპეს ნაყოფი ერის დიდების.
თუ ოცმა ლექსმა, ოცმა ობოლმა
იცოცხლა, გაძლო, ამაღლდა დროსთან,
რაღას შექმნიდი, რომ შეგრგებოდა
ყოფნა ბოლომდე და კალმის მოსმა.

მე წარმოვიდგენ აჭარის წარსულს 
(მას შენი მტერი ჯიჯგნიდა იმ დროს),
მოკვდა რამდენი უთქმელი ლექსი,
რამდენი ჩვენი ბოტევი ხრისტო,

მაგრამ ტანჯული ხალხის სიმღერა,
თქვენ _ ბულგარული, აქ ჩვენ ქართული
გადაგვირჩინა სისხლმა დაღვრილმა,
მან, ვინც მიწაზე დარჩა გართხმული.

ამიტომ, ძმებო, ერთი ვიცოდეთ, _
რომ მოვუაროთ ამ ძმობას კარგად,
სულ ერთმანეთს ჰგავს ჩვენი სიცოცხლე,
ჩვენში სიკვდილიც ერთმანეთს ჰგავდა.

 

1988

??????