ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ნუგეში 

ნუგეში უნდა ყველას და ყოველს,
ნუგეში სიტყვით,
ნუგეში საქმით,
მზის სხივებიც კი ნუგეშს ითხოვენ,
სხვაგვარად იქნებ ისინიც ჩაქრნენ.

ფოთოლი რაა, ფოთოლსაც უნდა
ნუგეში ხელის, წვიმის და ზეცის,
გულს კი ნუგეში ყველაზე მეტად
მოარჩენს,
თორემ გული თუ გეწვის...

ნუგეში უნდა ყველას და ყოველს:
კაცებს და ჩიტებს,
წყლებსა და გემებს,
უნუგეშობა ყოველთვის ტოვებს
შიშს, დამარცხებებს,
სიკვდილს და ნგრევებს.

ჩვენებურს შევხვდი იზმითს და 
სტამბოლს
(თურმე უცნობი გულიც გულს უგებს),
ვიგრძენი _ მისი ღიმილიც ამბობს _
საქართველოდან ველიო ნუგეშს.
მაგრამ ასეთი ნუგეშის პოვნა
ყოველთვის განა გეადვილება?
ძნელია ყველა იმედის მოვლა,
თუმცა იმედი არ დაილევა.

ნუგეში უნდა ყველას და ყოველს,
შრომას და სურვილს,
აზრსა და სიტყვას,
სახლსა და მიწას,
ფესვსა და რტოებს,
შენც, მეგობარო, ძლიერ რომ გიყვარს.

თუ ცოცხლობ, კიდეც უნდა გიყვარდეს,
რაა სხვაგვარად წუთისოფელი,
თვით სიყვარულიც სიყვარულს გარდა
ყველგან, ყოველთვის ნუგეშს მოელის.

 

1969

??????