ნაძვის ხის სიკვდილი
საახალწლოდ წაღებული ცოცხალი ნაძვი გემბანზე ტროპიკულმა ჰავამ დააჭკნო.
მლაშე ჰაერი ცხელი იყო და ავზნიანი,
სქელი, მბუგველი ოხშივარით ჰქროდა ნიავი
და ატლანტიკა ზვირთით გრძნობდა მხურვალ აფრიკას _
გრილი ჩრდილები გემბანიდან მზემ სულ გაკრიფა;
შეწუხდა ნაძვი სამშობლოდან წამოყვანილი, _
მას არ მოუხდა ჰავა უცხო და სხვანაირი.
გაფითრდა, ობოლს ჩაუწვრილა სიცხემ წიწვები,
ჩიოდა: კაცნო, რა მიყავით, ხედავთ, _ ვიწვები,
ერთიმეორეს შევცქეროდით უხმოდ, კაეშნით
და რომ შევედით ინდოეთის ოკეანეში,
ჰაერი გახდა უფრო მწუთხე და ავზნიანი,
სქელი, მბუგველი ოხშივარით ჰქროდა ნიავი.
ძალამ უმტყუნა, ნაძვმა თავი სულ გაიწვალა
და შუადღეზე ის ანძასთან გარდაიცვალა,
დგას ახლა ჩემ წინ, ოდეს მწვანე, კეკლუცი, მორცხვი,
უჩრდილო ნაძვის აჩრდილივით მწუხარე ჩონჩხი.
დგას წელმოხრილი, განწირული და უბედური,
როგორც სასჯელი, როგორც წყევლა და საყვედური,
და ეზმანება ფესვებს, ალბათ, შორი მთა-ბარი,
წყაროს ალერსი, ნაწვიმარი კორდი _ საბანი.
შეჩვეულ მიწის ჩვენებათა სევდით მოცული,
მზეში დახრილი, ნავედრები თრთის და ლოცულობს,
ჩემი ნაძვის ხე, გლოვაშიც რომ ნაზობს ქალივით,
ჩემი ნაძვის ხე, სამშობლოდან წამოყვანილი.
1974