მზე წვიმაში
მას ელოდი,
ამიტომ ღამე ისე გაგიდნა,
რომ კალმით და ოცნებით
ვერ მიადექ მაგიდას.
მთელი ღამე ელოდი,
წვიმდა, ახლა ცრის კიდევ,
დილა მაინც შინდისფრად
ღებავს მაღალ ცის კიდეს.
ადექ ნალოდინარი,
მზე წვიმაში აინთო,
თითქოს ამით ის გითხრა,
გულს გიკეთებ ამითო.
მთების რუხი უბიდან
ამობრძანდა მნათობი,
ქალიც მაშინ მოვიდა,
იგი, ვისაც ნატრობდი.
სევდიანი დარია,
წვეთი ნემსად გესობა,
მაგრამ იგი მოვიდა
და გრძნობ უკეთესობას.
სახლის ცისფერ ფანჯრებში
ათამაშდა ხალისი,
გიხარია ეს დილა
და მოელი ხვალისას.
ქალი, ვინაც თან მოჰყვა
წვიმას, მზეს და იმ დილას,
იჯდა ჩუმად,
მერე კი ადგა და თქვა:
_ მივდივარ.
წლები რაგვარ წვალებით
მისთვის დაგიხარჯია,
ნეტავ ახლა რომელი
წუთი იმ წლებს არჩია?
მაშ რატომღა მოვიდა,
ანდა სად მიელიან?
ძნელი არის, თუ გიყვარს,
დუმილი კი ბნელია.
ჰკითხო რამე? _ ცუდია,
ხვეწნა _ უარესია,
არადა, ჰა, ეს დელგმა
წალეკს, რაც გითესია.
წუთით კარს მიეყუდა,
მდუმარეა, მშვიდია,
ეუბნები:
_ რა მოხდა?
_ არაფერი... მივდივარ...
შენ მუხლები გეშლება,
მას მუხლები უძლებენ,
გამეტებით აბიჯებს
ჟოლის ყვითელ ფურცლებზე.
დარი ისევ დაბინდდა,
ცასაც გული ევსება,
მთები ნისლებს იხვევენ,
ვით ქეჩხოებს მწყემსები.
და გადიხარ წვიმაში,
წვიმა წვიმას არა ჰგავს, _
წვეთში სხივის მტვერია,
შენ კი მტვერიც არა ხარ.
მაინც ისე მიდიხარ,
თითქოს ახლა აღარ წვიმს,
გაგონდება ვიღაცა,
გეძებს ძალა რაღაცის.
მთელი ღამე წაიღო
სიყვარულის იმედმა,
შორიდან კი ვარსკვლავი
ჩუმად გიციმციმებდა.
შენს მძლავრ მზერას ელოდა,
ვით შენ სატრფოს ელოდი,
იცოდა _ შენ ოცნებით
სახლში ვერ ეტეოდი.
ის ქალი კი ვერ მიხვდა
შენთა ფიქრთა სიდიდეს,
თუ რა სხივს დაედევნე,
რა მზე გადაიკიდე.
ვერ იტანდა შენს ფიქრებს
და შესჩივლა გარეწრებს:
ჯერ უნახავ გზებსა და
სამყაროებს დაეძებს.
მაგრამ შორი სიყრმიდან,
როგორც ირმის ნახტომი,
მოგდევს დიდი სინათლე,
უნდა შენად გახდომა.
ის საოცრად თბილია
და ღამისფერ თვალებში
ვარსკვლავები ცვივიან
მეტეორთა თარეშით.
რუზე ნაკრეფ გვირილებს
კრავს ბალახის ღეროთი
და ყოველთვის ბინდისას
შენს ეზოში შემოდის.
დგას, განიცდის შენს აზრებს
და სურს ერთი გვირილა
დადოს შენს მაგიდაზე,
ვით სიტყვა და ღიმილი,
მაგრამ იმ შენს კოსმიურ
შრომას მოეკრძალება
და უკანვე წაიღებს
სიყვარულს და წვალებას.
შენ კი, ვინაც მონახე
და შეხსენი ცას კარი,
ვერ იგრძენი შენ გვერდით
შენი ბედის ვარსკვლავი.
უბრუნდები რუკებს და
ჭოგრიტს გულდაწყვეტილი,
და რიცხვებით საუბრობს
შენთან თითო წერტილი.
ასეთია ყოფნა აქ
დიდისა თუ პატარის;
სულ ურთულესს გაიგებს,
სულ უბრალო გადარევს.
თავში ზეცა ტრიალებს,
თვალწინაა ნახაზი,
კოსმიური სიღრმიდან
გეძებს ძალა რაღაცის.
ასე იყავ ბინდამდე
მაგიდაზე დახრილი,
უცებ ფანჯრის მიღმიდან
მოგწვდა მორცხვი ძახილი.
გაიხედე, _ იცანი,
ვინც სიყრმიდან მოგდევდა...
მზე კი ზღვაზე ჩაყვითლდა
კვერცხის გულისოდენა.
შემდეგ ქარმა რტოები
გააღვიძა იმედით
და ფოთლებმა მომართეს
წვიმის ლურჯი სიმები.
1964