ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მდიდარი სიღარიბე 

ეჰ, ღარიბი იყო მამა, დედაჩემიც...
და მე უკმარობას ადრე შენაჩვევი
აწმყოს ხელცარიელს ხელში შევაჩერდი.
ნატვრა, სიყვარული, რწმენა, მონდომება
და თვით სიღარიბეც მქონდა მე ქონებად.
ქუსლებს მიგალავდა აღმართ-დაღმართები,
ხან ღმერთს ვაკაცებდი,
ხან კაცს ვაღმერთებდი.

ქვეყანა, ვით ყანა გარჯით მოვიარე,
ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მგლოვიარე,
სოფლის ავკარგობის გავხდი მოზიარე.
ზამთარ-გაზაფხულო, ზაფხულ-შემოდგომავ,
ფიქრთა აყვავებავ, დღეთა შემოდნობავ,
თქვენგან, რაც მომენდო და რაც მომებარა,
განა სიფუხრეა? _ ჩემი ქონებაა.

ლექსი ხმიადივით ვაცხვე კერიაზე,
ზოგჯერ ფეხშიშველას ხელში მჭერია მზე,
ბევრმა მოიხვეჭა ოქრო და ჭინჭები,
მე კი მათი ხარბი თვალით ვიჭინჭრები...

და არ მენაღვლება, ოქროს ვინ არიგებს,
ჩემთვის სიმდიდრეა ჩემი სიღარიბე.
 

1972

??????