ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

კაცობას-ამინ! 

პატარა მთა-ველ-მდინარე
დიდი, ულევი ვიარე,
მადლობა მშობელ ნიავებს,
გული მტკივანი მიამეს.

შურ-გესლს გაუძლო კეთილმა,
ეს ახლაც ბედის ხვედრია,
რატომ ჰგავდიო ბედნიერს _
მეტყვიან, დამაყვედრიან.

ბედნიერება პოეტის, 
რაღაც წუთიერ მომენტის
იდო სასწორზე ყოველთვის.

იმ დროში, დროდაწყევლილში,
ვზიდე მეც ჭირის უღელი,
სიტყვით, ძლივს გადარჩენილით,
მეც გადარჩენას ვუმღერე.
მითქვამს და ისევ ჩემშია,
რაც მართალია, მადლია,
განა ოდესმე შემშლია
ვინ ვარ, სადა ვარ, სად მივალ?!

ვისი შვილიც ვარ, იმისი
ქება თუ დამიკვნესია,
აჭარა, მცხეთა, თბილისი
ლექსში თუ ჩამიგლესია,
თუ სიყვარულის სანაცვლოდ
მეც სიყვარული მივიღე,
ძმაო, ღვიძლო და მამაცო,
ვინ ბედავს, _ ამ წყალს ვინ მიმღვრევს?!

ნასროლი ქვები ვის ხვდება,
კარგად იციან იმ ქვებმა.
წამაქცევ? _ ჩემი წაქცევა
შენი წაქცევა იქნება.

დღევანდელ დღესთან მოვსულვარ
არა ელჩად და კონსულად,
ჩემის ჩემადვე მოსურნე
დასახარჯავად მოვსულვარ.

არ მწამს, ვინც თავისუფლება
ჩათვალა თავის უფლებად,
არც ცხრება, თავის და-ძმებსაც
უტოვა სიტყვა ხანძრებად,
კაცობას ამინ! იმეფოს
სიბრძნემ, სიკეთის ჯილაგმა.

გამოიდარე, იმედო, _
საკმარისია, _ იავდრა.

მადლობა, სიტყვავ დამჯერო,
ერთგულო ყავარჯენივით,
დამარცხებულო რამდენჯერ
გამხადე გამარჯვებული.

დღევანდელად რომ შემრაცხონ,
არ მომიშვია წვერი მე,
გმადლობთ, ძმავ, ნაძმაკაცარო, _
ეს ლექსი დამაწერინე!
 

 

1992

??????