ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ის... 

ის, ვინაც ახლა ამ ლექსის
და ამ თქმის ადრესატია,
ვინც მე მიქადის დალექვას,
ვინც ბევრის დედა ატირა.

მე ვიცი არ წაიკითხავს
იგი ამნაირ "ნაჯღაბნებს",
ის ახლა ითვლის ასაღებს
და აღებულებს აჯამებს.

რა უცნაური დრო არის, _
არა ცოდნა და მორალი,
დღევანდელსა და მომავალს
ყიდულობს ახლა დოლარი.
შვილს ძმათა ომში აცილებს...
მოუწყენიათ არწივებს,
სამშობლო, როგორც დონორი,
სულ სისხლად დაინაწილეს.

შტერია ის ან მტერია,
ანდა არ ვიცი ვინ არი, _
მოკლა, რაც ჩემში მღეროდა,
გული მიკვნესის მტკივანი.

მაინც, დარდი რომ შემოვა,
ჩამძახებს ბედისტრიალი:
_ "ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი".



1992

??????