ასათიანი ლადო
გაზიარება

*ბიოგრაფია (ა.ლ) 

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. 
1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წლის ზაფხულიდან, ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.
პატრიოტული განწყობილება პოეტის სიცოცხლეში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ლადო ასათიანს ნაციონალისტობა დასწამეს, არაჯანსაღი განწყობილების გავრცელებას უკიჟინებდნენ, იდეური თვალსაზრისით უწუნებდნენ პატრიოტულ ლექსებს.
1939 წელს ლადო ასათიანი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.
ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა, ისე რომ სიცოცხლეში თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ, 1968 წელს პოეტი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

??????