დიდოსტატი
კონსტანტინე გამსახურდიას
როცა ასეთი მიწა გაქვს,
მონობას როგორ მოითმენ,
მიტომ ქართველი ყოველთვის
ომს პასუხობდა ომითვე.
ზოგჯერ ეზოშიც მოსულან,
გულში კი ვერ შემოვიდნენ.
თქვენთვის დიდება ის არი,
თუ საქართველო მძლავრია,
სხვაგვარად საყვარელია
მისი ფერფლი თუ კვამლია,
მისი ყოფნისთვის ცხოვრება
თქვენგანაც დაგვისწავლია.
ეს იყო თქვენი ოცნება,
ღელვავ, წარსულთა ხმაურო,
მაღალი სიტყვა ქართული
დღეს მიტომ დღესასწაულობს.
გულზე გეხვია, ოსტატო,
ხალხის წადილი ყოველი,
და თქვენაც მძლავრი კალამით
ააგეთ სვეტიცხოველი.
თქვენ მიერ დადგმულ სიმდიდრეს
ქარავანიც ვერ გაზიდავს,
ესაა ერის ქონება
სავსე ძალით და აზრითა.
დიდო ოსტატო, მშობელი
ზეცა გვირგვინად გხურავდეს,
საქართველოსთვის იწვოდეს
თქვენი ცხოვრების შუადღე.