აჭარა
ვლოცავ ბალახს, ქვას, ფუძეს,
ნანგრევ-ნამუსრს, რაც კია,
ციხე-ტაძრებს ძველისძველს,
კოშკები რომ აღარ აქვს;
რასაც ჩვენი სისხლი და
ჩვენი ცრემლი აცხია, _
დედა-საქართველოსთან
დაბრუნებულ აჭარას.
ხსნა არ მოდის იოლად...
აქ მრავალმა იომა, _
სელიმმა და მემედმა,
ზაქარიამ, ილიამ,
გოგლამ, გალაკტიონმა.
ახლა კია ადვილი
თქმა მართლის და ნამდვილის,
მაგრამ ზოგი ლანძღვით და
განქიქებით ერთობა.
თუ ბოღმა და ჭირია,
სწორედ ახლა გვჭირია,
საქართველოვ, ერთობა,
კაცობა და ღმერთობა.
კარგად იცი, ვინ არის
ავი თვალით მზირალი...
არ გაუვა არავის
იმნაირი ფანდები,
თუ მაჰმადმა ვერ დაგვყო,
ახლა დავიფანტებით?!
ნურავის ნუ ჰგონია
რამე წახდა, გაჭირდა,
ბოროტს ვინმემ დაუთმო,
ანდა თავი დახარა.
ღმერთმა ნუ ჰქნას,
მეორე დაბრუნება დასჭირდეს
დედა-საქართველოსთან
დაბრუნებულ აჭარას.
1990