ლომსაძე შოთა
გაზიარება

* * *  

თუ ღვთის წყალობით იმ მესხთა
წყალი ჩვენც გადაგვესხმება,
ჩვენს ხეს აქამდის რაც ესხა,
იგივ ნაყოფი ესხმება.
ვენახი ავად ნასხლავი
თუ აღარ გამოგვესხვლება,
იგივ ხმა გამოგვასხივებს
რა ხმითაც სული მზეს ხვდება.
ნუ გეფიქრებით, ვერ გვათნევს
მტერი, ზოგან რომ ეს ხდება,
დარჩება მესხი მესხადვე,
მესხი არ გადამესხდება.
შენ მამაღმერთო, უფალო,
ვინც ეს ბაღნარი შენარა,
ზოგი ქმნა უგზო-უკვალო,
ზოგი აფრინა ზენარა,
ზოგს მიუჩინა ბაღდადი,
ზოგს შირაზი და ბენარა,
მაგრამ ეგ შენი ბაღნარი
ვერვინ ვერ გადიშენარა;
შენ მზე ხარ ამა სამზეოს,
მაღალი, მიუწვდომელი,
სიცოცხლის გადასამზერო,
გვერდს მოგიდგება რომელი?
ვინა თქვა შენებრ საზეო
სიტყვა ცათაცა მძრომელი,
სიმღერით შემომხაზველი
გზა დროთა გადამდგომელი;
დიდების ტახტზე დამჯდარო
ბალიშითა და ნატითა,
ფერხთ გისხედს მეფეთ სამსჯავრო,
პორფირ-ბისონით მათითა.
ფართოა შენი დარბაზი
კარაპნებ წანამატითა.
მოგიდექ კარსა, ამბავი
მე ჩემი გითხრა პატიჟთა:
ვერსად წაგიველ, დავბმულვარ,
მაგ თქმათა ანდამატითა;
შენ პაპის პაპის პაპა ხარ,
რჩეულთა ზედან რჩეული,
მე შვილიშვილი,
ვაგლახად ვერაფრით გამორჩეული.
დავდივარ, როგორც შემთვრალი,
სიტყვით აცრილი გრძნეული,
ერთი მოლაშქრე ნესტანის
საძებრად გამოსეული;
ბევრს რომ არა სწამს, ისა მწამს,
დღეთა ზღაპრული დინება,
ჩემთა ფიქრთა და მიზანთა აფრენა, აღორძინება.
შემობრუნება ზაფხულის,
გზად უჩინართა ჩინება
და სიყვარულის დაფლულის
ხელახლა გადმოფინება;
დღეს ეს ხმა გზად რომ შემექცეს,
მოგეგებები მე რითა?
ვარდი გაყრია ხელებზე,
ვსუნთქავ მით მონაბერითა,
შენს სტრიქონს როგორც ელექსირს
ვსვამ, თუ სათქმელი ვერ ითქვა,
ვლოცულობ სამცხის სერებზე,
ცრემლებს ვიმშრალებ მღერითა...
დავდივარ, როგორც ერეკლე,
სულზე ასპინძა მერითმა,
ვწერ ვინმე მესხი მელექსე
ამ ჩემის ბედისწერითა;
აუგი როგორ შევკადრო იმ მესხს,
ვინც შენით იწვოდა,
ვინც ეგ სახელი, მზეკაცო,
ჩემად სახელად მიწოდა.
შენს კვალზე გამომიძახა,
მწვრთნა, მცემა, არ შემიცოდა,
საძრახი მიგმო, მიძრახა,
მასწავლა, რაც რამ იცოდა;
ჩუნჩხა მინჩხობით ჯავახეთს
იქნებ იცოდე, იმისნო,
ხსოვნის კარები განახვნეთ,
ფიქრნო ჩემნო და იმისნო!
რახან მართლის თქმას დავხარბდი,
ღმერთო, მეც მომეც იმის შნო,
ფეხზე შემდგარი ჩახმახი
პირდაპირ გულზე ვიმიზნო
იქიდან ავდექ სამსჯავროს,
ჯავრნი ჩემსავ თავს შევაბი,
თუმც საქართველო აღარ მაქვს
დარუბანდიდან სპერამდი.
შევლით შემოვლე სამყარო,
ვერ მოვაღწიე შენამდი...
გულო, ფიქრებში დამჭკნარო,
ვარდის წყლის ნამით შენამდი,
ეპკურე ტრფობას ცოცხლებად მას,
ვისც ულექსოდ შენანდი,
ვის მნათი თავზე ევლება:
მე დაბლა ჩავალ, შენ ადი,
იმის ნაფეხურს კოცნიდე
ახლის მზის გამოჩენამდი;
მასწავლებელო, მასწავლე
ამა სურვილთა მხილება,
სისხლი ლექსებში გავცვალე, _
მაკლია გამოცდილება,
დავალ, ხან რითმა მაწვალებს,
ხან ხმებში ფერთა ცილება,
სიტყვისთვის ისე ვკანკალებ,
რო მნახო, გაგეცინება;
ცხავს არ ვხმარობდი, ცხრილით მაქვს
ეს ხვავი გამოჩელხული,
მაგრამ ბედმა ვერ მირითმა,
ვერ დავუარე ფერხული,
ვერ ვაფრიალე ბაღდადი
წითელ-ყვითლითა შესხმული,
თავს ჭირის ოფლი გადამდის,
ვერ ვთქვი შენებრი მესხური;
რაცა ვთქვი, იქნებ სათქმელად
არცა ღირდა და არცა ღირს,
ესე ცნოს ჩემმან მაცნემან,
არც მათრახს ვხმარობ, არც აღვირს.
მივდევ მიშვებულ ავშარას,
სულს არ უხდება არტახი,
ზე სავარძელზე დამსხდართა
ძირს ვერ მიუველ თავდახრით,
ამად მაქვს დაბლა გაშლილი
მე ეს ფიჩვი და ფარდაგი;
ხსოვნით რომ მაინც გვახსოვდეს
ამა ქსლისა და ბეჭვისა,
ვქმენ ორი ძაფით ნაქსოვი სახე,
ღმრთით ანაბეჭდისა,
მისი, ვინც მოგვცა სახსოვრად
უჭკნობი ტყავი ვეფხისა,
თვით დაუწყვილდა მაცხოვარს
გაბრწყინებულის ეტლითა
და მეთორმეტით აცნობა
ხალხს უკვდავება ლექსისა.
ვინც სახე ისე სახოვნად
სახა დღესაც რო ვეტრფი და...
ხან ცით გალობის ხმა მესმის,
ხან მტრის მხარეში შეჭრისა...
რა შორს რეკავენ ზარები
გამარჯვებულის ქვეყნისა!..
გუშინდელსა ვჭვრეტ, ხვალესაც,
ნეტა მენახა, მეჭვრიტა;
მე ჩემი ნათელ-მირონით
ვარ მტვერი მისი ხრმალისა,
ვა, ვა, რა ტყვილად ვყვიროდი,
ხვალემ იკითხოს ხვალისა.
დღეს ხვალეს ვჩივი, ის მტკივა _
ვიყო მძებნელი სხვა რისა?
სიცოცხლე დამაქვს ვისთვისღა,
თუ მან არ გამახალისა,
თუ რუსთველური ქართული
არ მესმა მომავლისა;
ზემო მხრისა თუ ქვემო მხრის,
ახალგაზრდებო, შემოკრბით,
წინ ვეფხვის ტყავი იმძღვანეთ,
აღფრთოვანებას ეგ მოგგვრით,
სჭექეთ ქართული სიმღერა
ძლევის ზარების შემოკვრით,
ცა იწმინდება, დღე ცხრება,
მეოცდაერთის მზე მოქრის... 

??????