ჭელიძე ოთარ
გაზიარება

ერთდღიანი ძეგლი 

ერთი დღით თოვლის ძეგლი დამიდგით
ჩემი სამშობლოს დედაქალაქში,
მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,
გვიან მობეზრდეს ჩემთან თამაში.
ნელა დამადნოს მზის ელვარებამ,
ჯადოსანივით გულთამხილველი,
უჩემოდ გაზრდილ შვილს ევალება
შუბლში მესროლოს გუნდა პირველი.
დე, სიცოცხლეში შავად დამწვარი
ერთი დღით ვიდგე თეთრ ქანდაკებად,
რადგან სამშობლო კერის ნაცარი
არ მყვარებია სხვაზე ნაკლებად.
მსუბუქი ძეგლი შემეღირსება,
მხრებზე სიმძიმე რადგან არ მაწევს,
პატარა ბავშვის ხელის შეხება
მიწისძვრასავით შემაბარბაცებს.
სინათლეჩამქრალ თოვლის ბაბუას
მქონდეს ნახშირის შავი თვალები,
ერთი დღით ვიდგე ასე ზღაპრულად,
მერე ჩავდნები, ჩავიმალები.
ერთი დღით... მერე ყველამ გამთელოს,
ქარმა მომგლიჯოს თეთრი ფაფარი,
კიდევ მოუვალ ჩემ საქართველოს,
გაისად, როცა მოვა ზამთარი.
და ისევ თოვლის ძეგლი დამიდგით
ჩემი სამშობლოს დედაქალაქში,
მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,
აღარ მობეზრდეს ჩემთან თამაში.
და თუ გამწირეთ დასავიწყებლად,
სამდურავს გეტყვით, ჰო, დიდ სამდურავს:
საქართველოში საკუთარ ძეგლად
ჩავთვლი სუყველა თოვლის ბაბუას.

??????