ხევარდულა
ხევარდულა ვაზის ერთ-ერთი თეთრი
ჯიშია, შავშეთ-კლარჯეთში ხარობდა
მე შავშეთში და კლარჯეთში
ვაზი დამრჩა ხევარდულა,
ხე იყო და ვარდი იყო,
როგორ ძლიერ მენატრულა!
ნეტავ ვინ ჰყავს მესატკივრე _
ცის გამხსნელი, მათოხარი,
ეგებ უწყლოდ დაიგვალა
ნათქერი და ნაოხარი.
ვინ ფურჩნა და ალამაზა,
შეაცალა ნაშხრეული?
მანდ ტაძარი ბევრი დამრჩა,
სახლ-კარი და სახლეული.
ვყვირი, როგორც მუეძინი:
_ შველა უნდათ ვაზს და ფრესკებს,
ქართულ სულს არ მიეძინოს
და სჯულს, მასში ჩანაფესვებს!
.............
ვაზო, ათას ჭირნანახო,
ვინ გიხვევდა ნაჭდევს ხმლისას,
მსხმოიარე მენატრები
დამტევნებულ ზვრების ღირსად.
მზე იყო და გადაბინდდა,
შხამს ანთხევდა ღრიანკალი,
შავბედობა ჩაგაფრინდა,
ვით ყორანი ყიამყრალი.
მტერმა ტურფა საბაღნაროს
მოგწყვიტა და ვისევდები,
რაგინდ ნისლმა ჩაგაღამოს,
მაინც შენკენ ვიხედები.
მინდა შენთან წამიერად
მოვიქროლო შევარდნულად,
ვნახო, მამულს მოწყვეტილი
ისევ დგეხარ, ხევარდულავ?
არ მენახო აბეჩხარი,
მწვავე გოლვით დაშანთული,
ანდა, როგორც კიბორჩხალი,
დაბლა ტოტებგაშხვართული.
მინდა ისევ ჩემი იყო,
მაჭრევინო ჩხა სართველო,
ავჟამობით წანართმევო,
არ გივიწყებს საქართველო.