გრუზინსკი პეტრე
გაზიარება

* * * "წმინდაო, წმინდაო" 

წმინდაო, წმინდაო,
წმინდაო მარიამ!
მე ლოცვად მოვედი,
მე ლოცვა მწადია;
ვიცი, უჩემოდაც აქ ბევრნი დადიან,
მაგრამ შენ ვერ ნახავ ჩემსავით დარდიანს.
წმინდაო, წმინდაო,
წმინდაო მარიამ!
რა გაოცებული თვალებით მიცქერი?!
ვიცი, არ მელოდი...
მე მხოლოდ ღვინოს და ვნებას ვუმღეროდი.
ვიცი, არ მელოდი...
და მაინც მოვედი,
ნაძარცვი, შიშველი,
ჩემთვის არაფერს გთხოვ,
მე რაღას მიშველი,
როსკიპი ქალივით ათასჯერ გაყიდულს
სულიდან ხორცამდე...
ბევრჯერ მიტირია,
ბევრჯერ მინანია,
მაგრამ ჩემ ცოდვათა მონანიებაზე
ფიქრიც გვიანია...
მეტად გვიანია...
და მაინც რატომღაც დღეს ლოცვა მწადია _
წმინდაო, წმინდაო,
წმინდაო მარიამ...
მე განწირული ვარ,
ლოცვა ვერ მიშველის,
მე დაღუპული ვარ _ შენდობა არ მინდა..
ვიცი, ჩემს შეცდომებს კვლავ გავიმეორებ,
ისევ რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან...
და მაინც, რატომღაც დღეს ლოცვა მწადია _
წმინდაო, წმინდაო,
წმინდაო მარიამ!
მე შენთან მოვედი
ნაძარცვი, შიშველი...
ჩემთვის არაფერს გთხოვ, ვეღარას მიშველი.
მე იმას გავედრებ _ ჩემს სახელს კი არა,
ვინც ჩემთა ტკივილთა სევდას ეზიარა,
ჰფარავდე მას, ჩემზე ნაღველით დარდიანს
წმინდაო, წმინდაო,
წმინდაო მარიამ!..

??????