კეშელავა ბონდო
გაზიარება

წვიმების შემდეგ 

გაზაფხულია, შეგვეჩვია ხმაური წვიმის,
მრუმე ღრუბლებმა არ გვაღირსა ცა მოწმენდილი,
გავცქერი ეზოს, მენატრება მოლზე ციმციმი
ლორთქო ფოთლებით შემოსილი ხეების ჩრდილის.
ვხედავ ჯეჯილი იჩაგრება, ვერ ცქვიტა ყური,
ჩაყვითლებულა სიმინდები, აღარ ლურჯდება,
აღარც ხეხილთა შრიალია და შარიშური,
იქ ზვარში ლერწებშეფოთლილი ვაზი ყუჩდება.
მზეს ელოდება ერთი ციცქნა მტევნის ნასახი,
მას აი, ახლა, აი ახლა უნდა გათბობა,
ის თავს გვაბრალებს, იგი შველას ითხოვს ცახცახით,
მას ახლა უნდა უალერსოს დიდმა მნათობმა.
ეს მერამდენე ღამე არის, რაც ამ ფიქრებით
ვარ დატვირთული და რომ ტკბილად არ მეძინება.
წუთით ვარსკვლავი იკიაფებს და ისევ ქრება,
ისევ და ისევ ღრუბლებს შორის ჩაიძირება.
განა კაცს ქვეყნად ასე ერთი გამოქროლებით
თუ ჩაგრავს რამე, ვით წყეული უამინდობა,
სხვა ვინმეს ჩაგრავს, კაცი უხდის, შეებრძოლება,
თუკი ისურვა, თუ იკადრა, თუ მოინდომა.
მშრომელი გულით იშვიათად შეწყრება ზეცას,
მას უფრო მეტად დაულოცავს დედა-ბუნება.
მაგრამ ამ წვიმებს, წვიმებს დარი სულს გვითქვამს როცა,
ადამიანის შეუძლია დაძაბუნება.
შორს, შორს მივყევარ მე ამ ფიქრებს და ასე მჯერა,
უამინდობას სძლევს უთუოდ შთამომავლობა...
ილევა ღამე, ცისკრის ქარმა შემოუბერა,
ოდნავ მთვლემარეს შემომესმა ჩიტის გალობა.
სულის და გულის გასახარი შუქია დილის,
ცა მშვენიერი მზის ამბორით ცახცახებს, ტკბება,
ამ სილამაზეს, იმ ავდრებში ხმაჩაკმენდილი
ჩიტი-ჩიორა ტკბილზე ტკბილი ჭიკჭიკით ხვდება.
იმღერე, ჩიტო, ჭეშმარიტად გათენდა დილა,
წვიმების შემდეგ სატრფიალო, საგალობელი,
ეზო და კარი დაამშვენა ხეების ჩრდილმა,
იმღერე, ჩიტო, მცხუნვარე მზის საგალობელი.
ყოველ წუთს და წამს ემატება შნო და იერი,
ყველას, ყველაფერს მზე ახარებს, მზე ეფერება,
იმღერე, ჩიტო, უგალობე ამ დღეს მშვენიერს,
უსურვე ასე დაღამება და გათენება.

??????