ბაიაშვილი იოსებ
გაზიარება

* * * "მიწავ" 

მიწავ, შენა ხარ უძლევი,
ქვეყნად ყველაზე მაგარი,
სხვა ყველა შენთან ისეა,
როგორც ზღვის ხიდად ბაწარი.
დასაბამიდან დღესნამდი
ვერვინა გნახა გამძღარი,
არც გასძეხ, აღარც გასუქდი,
არც გულს გიფუჭებს ნაჭამი.
შენთვისა უხვობს ბუნება,
არ გითავდება საგზალი.
ლუკმაა შენი კუჭისთვის
სამყაროს ნაჭირმაგარი.
შენს მადას ბოლო არ უჩანს,
სხვას ყველასა აქვს საზღვარი.
ვერც მოგაყენებს წყლულებსა
თოფი, ხმალი და ხანჯარი,
ვერც დროთა ბრუნვამ დაგღალა,
არც როს დაგიყრავ აბჯარი.
ვერც ცა გაშინებს მეხითა,
ვერც ამირანი ამდგარი,
ვერც ბრძოლა-ნგრევა ქვეყნისა,
ვერც მოდებული ხანძარი,
ვერ ასცილდება შენს ყბასა
მტვერი, ფერფლი და ნაცარი.
დღეს ზურგი დაგეღრანტება,
ხვალ ნახავ, ისევ მთლად არი.
ადრინდელ ზღვების ადგილზე
შენდება დუქან-ბაზარი,
დრო მოვა, ბაზრის ადგილას
ისევ ზღვა არი დამდგარი,
სთქამ და სთქამ ჟამთა ბრუნვასა,
სვამ, თითქოს იყოს მაჭარი.
ხელს გიწყობს განგების ძალა
ყვავის და ყვავის მთა-ბარი.
შენ მადა არ გეკარგება,
სუფრა გეშლება ახალი,
ზედ ყველაფერი ლაგდება,
ამ ბუნებაში რაც არი.
ენისგან გამოუთქმელი
მოხრაკული და შამწვარი.
შენი უზომო მადისგან
კლდე მინახია დამდნარი.
თან ორი მზარეული გყავს _
გაზაფხული და ზამთარი.
ამას სხვა ვერავინ იზამს,
რაც შენ საქმე გაქვს ნაქნარი.
შენი კერძია ხელმწიფე,
ბრძენი, წოდებით მაღალი,
ჩემფერა გლეხზე რაღა ვთქვა? _
ეს კევადა გაქვს სახმარი.
მე ამას არ გედავები,
არ ვამბობ, ეგრე რად არი?!
შენ გვშობავ, შენვე გვიბარებ,
შენა ხარ ჩვენი საფარი.
ყველასა სწვდება და ფარავს
შენი გულცივი საბანი.
რას დაგიშავებ, რომც გცემო,
ხმალს დავაცვითო ვადანი.
მხოლოდ ერთ რამეს გავბედავ
როგორც ტყვე, შენი საპყარი:
შენგნით ისა მწყინს, მიწაო,
ქართველთ დაგვიხშე გზა-კვალი,
დიდის თამარის საფლავსა
სად გიფარიან კალთანი?
ვეძებთ და ვერ გაგვიგია,
სად არი მისი აკვანი?
ან მისი დროის გმირები,
ის ჩვენი მამა-პაპანი?
რომელთაც შენი დაცვისთვის
სწყვიტეს ცხოვრების ჭაპანი,
სული შენს მკერდზე დალიეს,
გაჩერდა გულის კლაპანი.
რატო გჩვევია, ეს მიკვირს,
გულქვა სიკერპე ამგვარი?!
რამდენი კარგის მოქმედი
არც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი.
მოსულა ჩვენამდისინა
როგორც ლეგენდა _ ზღაპარი.
ესა მწყინს, ესეთ ფიქრებმა
გამამირიეს ჭაღარი. 

??????