მე ვზივარ ჩემი ტკივილის ნაჭუჭში...
მე ვზივარ ჩემი ტკივილის ნაჭუჭში,
რომელშიც თანდათან ჟონავს სინათლე,
და მეჩვენება, სიტყვების ნაცვლად
ელვარე თეთრი ტიკინებით ამევსო პირი...
და გელოდები
ორივე თვალის და ყურის გეშით,
გარეთ ცივა
და სახლები
ძროხებივით ეკვრიან ერთმანეთს
სველი გვერდებით,
შენ გინდა ცივ და შიშველ კედელს
მიალურსმო იდეა ქალის,
რომელსაც ტიკინა უჭირავს ხელში,
და მოდიხარ ჩემთან,
შენ არ იცი,
ჩემი დარდი რომ დავაქუცმაცო,
ყველა ტიკინას ერგება სევდა ფრჩხილისოდენა...
მაგრამ მე ამას არ გეუბნები,
რადგან სახლები
ძროხებივით ეკვრიან ერთმანეთს
ცივი გვერდებით...
ჩვენ ვდგავართ ჩემი ტკივილის კართან,
შენი ფერმკრთალი ნიღაბი სიკეთეა,
ჩემი ვარდისფერი _ მორჩილება,
და ვატყუებთ ერთმანეთს...
შენ იმეტებ
კრავებივით უწყინარ სიტყვებს,
მე გაძლევ ტიკინებს...
მერე შაქრისფერი ბავშვები ცხვრებს მოაძოვებენ
ყაჭის მინდორზე...
ჩვენ
გაგვიჩნდება ზიარი ნივთები,
ბავშვები,
ნაკვეთი,
ჩვენ გავხდებით ოჯახი,
და უფრო ადვილად მოვატყუებთ ერთმანეთს...
მერე შენ გაგიკვირდება
რომ მე ყოველთვის,
ყველაზე დიდი ზეიმის დროსაც,
მქონდა სევდა ფრჩხილისოდენა,
და აღშფოთდება
ჩემი მაღალი დახვეწილი წრე,
სადაც არავინ წრეს არ გადადის,
რომ ვერ შევიფერე
შაქრისფერი ბავშვები
და კრავები ყაჭის მინდორზე,
გამიყვანენ შუა მოედანზე
და გამასამართლებენ
და მომისჯიან სევდის კონფისკაციას...
და ყველაფერი დაიწყება თავიდან:
მე ვზივარ ჩემი ტკივილის ნაჭუჭში,
რომელსაც მალე დაამსხვრევს სინათლე
და გელოდები
ორივე თვალის და ყურის გეშით...
შენ ხარ სულ ახლოს,
მაგრამ, როდესაც მომინდება დაგინახო,
ჩემს წინ კედელივით აღჩნდებიან
ელვარე თეთრი ტიკინები...