ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან...
ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს...
ეკა მეორადი მაღაზიიდან მოტანილ კარადაში
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა რ-ს
შოკოლადივით ღრღნის _
ფრანგულს სწავლობს
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
როცა ფანჯარას გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟითა ივსებოდა...