ბუკოლიკური სონეტი
ბენზინის სუნი, გაზი, ბუღი დაახრჩობს ქალაქს,
ოთხი კედელი, დაბოღმილი მარწუხებს მიჭერს.
მე კი მაგიჟებს ფერშეცვლილი ბუნების ნიჭი,
როცა ცას, მაღალს, სანთელივით უნთია ჭალა,
ლოცვად ვეცემი მის წინაშე: _ მომეცი ძალა,
ხის და ბალახის ტყავში შევძვრე, ფრინველის ფრთაში,
რაიმე ყვავილი გამიზარდე ალისფერ თმაში!
გთხოვ გულით, თვალით და ხერხემლის ათასი მალით,
ჩატეხილია თითქმის ყველა, ერთი თუ კმარა,
გამოიყენე სალამურად და მაზიარე
სადაფისფერი ორკესტრებით დატენილ წამებს,
მე კიდევ, ქოფაკს ვიყოლიებ, ქათქათა ფარას,
ცხოველი ნერწყვით მოვიშუშებ ყველა იარას
და ერთხელ, მწყემსი ჩამომივლის, მთვარიან ღამეს...