სტურუა ლია
გაზიარება

ავტოპორტრეტი 

და ასე ვცხოვრობ _

თავი, მაგიდაზე დამხობილი,

რომელშიც ტკივილი გუბდება

და ორ თვალს იკეთებს

ესეც შენი შინაგანი ხედვა,

ხერხემალი მარილის სვეტად იქცევა,

სითეთრეშელახული ქაღალდი _

სინათლის წყაროდ,

ხოლო ჩემი ყველა თითის ბოლოში

ია იზრდება

მელანთან განუწყვეტელი ურთიერთობის გამო,

მაგრამ ქაღალდს ხომ არ ვეყვარები,

ან მაგიდას,

ხალხს მომღერალი ურჩევნია,

პირიდან რომ ვარდებს აფრქვევს,

მე კი ყელში

ბგერების ძვალი მაქვს გაჩხერილი

და ყრუ-მუნჯს უფრო ვგავარ,

ვიდრე სიტყვის მოყვარულს...

ერთადერთი იმედი მაცოცხლებს,

ასე მგონია, ვაჟა-ფშაველას ვუყვარვარ,

რადგან ყვავილის თავგანწირულებას

ვამჩნევ უპირველესად

და მერე იისფერობას,

მაგრამ მას ქვაც უყვარს,

რომელსაც მესვრიან,

ამიტომ შუა გზაში გააჩერებს,

ბოროტებას არ ჩაადენინებს... 

??????