პეტრე
და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს.
სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა
და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს.
განთიადამდე დრო იყო კიდევ,
მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი,
ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი.
ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი,
პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა,
ვერ შევაშველე ბორკილი ხელი,
განთიადამდე გულდასმით წვიმდა.
პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე,
მე ავედევნე უცხო ნაპირებს,
მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე,
არ ვიცი, ახლა ის რას აპირებს.
სამგზის უარყო მოძღვარი მისი,
სულში აყივლდა პეტრეს მამალი,
უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი,
პეტრე -მომეცი შენი წამალი.
ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე,
და წამოდგომის ვიგრძენი გემო,
არ მინდა, მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო, იესო ჩემო...