ნონეშვილი იოსებ
გაზიარება

გალაკტიონი 

 

როგორც კვარცხლბეკზე,
საქართველოს მთებზე შემდგარი,
თითქოს მომავალს გაჰყურებდი გულდაჯერებით.
იყავ ამბოხი,
ბობოქარი, დაუდეგარი
და დაედევნე ტატოს მერანს ლურჯა ცხენებით.
მთაწმინდა სევდის
ბილიკებით შემოგივლია,
ამ ბილიკებით უკვდავების გზებზე გახველი.
ჩვენს შორის მარტო,
ვით აკაკის, ვაჟას, ილიას,
შენ ერთს გიცნობდა საქართველო მხოლოდ სახელით.
დიახ, მღეროდი დიდი გულით,
დიდი ოცნებით.
სხვა რა გინდოდა, ლექსი იყო შენი დიდება.
შენ ერთი იყავ,
შენ შეგეძლო ამდენ მგოსნებში
სიკვდილთან ასე შეხუმრებაც და შეჭიდებაც.
შენი სიმაღლე
შურთ ჩინარებს, ლაღად აწვდილებს,
შენი ლექსები სურთ შორეულ ჩანგებს სიმებად.
შენი გვირგვინი
რამდენ მგოსანს გავუნაწილეთ
რა ვუყოთ, მართლაც დიდი არის, მართლაც მძიმეა.
ზოგ-ზოგ კრიტიკოსს
დღეს თავისი ჰყავს ფალავანი
და მწერალს გვერდით კრიტიკოსი უდგას ფალავნად.
შენ არ გინდოდა
ჩლუნგ კალამთა ეს გალავანი,
შენ შენი სიტყვის ვაჟკაცური ძალა გფარავდა.
მხრებზე გეყარა
ვარსკვლავების უცხო კრებული,
გედგა სამშობლოს ათინათი მარად კეთილი.
ქართულ ედემში,
ბიბლიურად ჩაფიქრებული,
წვერმოშვებული დადიოდი მამაღმერთივით.
სევდას, სიხარულს
ვკითხულობდი მე შენს თვალებში
და გეტყვი მართალს: მე შენს ლექსებს შეფარებული,
ჭაბუკობის ჟამს,
სიყვარულით უანკარესით,
იმ შენს მერიზე მეც ვიყავი შეყვარებული.
ჩუქურთმისმჭრელო, ოქროპირო,
კაცო ალალო,
გულის ფესვიდან ამომსკდარო სიტყვავ ნათელო,
არ ჩაუვლია შენს სიმღერას,
შენს ლექსს ამაოდ,
ახლა შენს სახელს უკვდავ ნათელს ჰფენს საქართველო.

 

1960

??????