შამუგია პაატა
გაზიარება

საყოველთაო პატიება 2 

მაპატიე, რომ გათენდა და მთვარეჩახდილი ზეცა გამოჩნდა,

მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და

სახლის გამოც და ყველაფრის გამო

მაპატიე, რომ საზღვარს გამოცდა

ჩემი ლექსი და ჩემი ლექსიდან ამოფრენილი ზანტი განცდები.

მაპატიე და დღიდან ამისა მხოლოდ საკუთარ სხეულს გავცდები.

მაპატიე, რომ ზეცა შავია, მაპატიე, რომ ყოფა ავია,

მაპატიე, რომ ყველა უფალი ყველა მეძავთან დამნაშავეა.

მაპატიე, რომ სუნთქვა კარგია, ყოფნა კარგია, მაგრამ ბარგია,

მაპატიე, რომ ყველამ დაკარგა, რაც საბოლოოდ დასაკარგია.

მაპატიე, რომ გუშინ ქუჩაში უბრალოდ მოკლეს პატარა ბიჭი,

მაპატიე, რომ, როგორც ყოველთვის, ახლაც ისევე უზომოდ

გიჭირს.

მაპატიე, რომ ეს ტკივილებიც ხანდახან მაინც რაღაცით

მშველის,

რომ სიყვარული არ არსებობს და უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი

და უფრო მეტიც, მტერიც გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს,

თანაც არათუ

უნდა გვიყვარდეს, არამედ აღარ უნდა ჩამორჩეს ყოფის

მარათონს.

მაპატიე, რომ შენი მეზობლის ბავშვმა უაზროდ მოიკლა თავი,

რომ ბავშვობაში ზღაპრის კითხვისას შეგძულდა ყველა

ქაჯი და დევი,

და რომ ბავშვობა სადღაც ქუჩაში გაიხადე და სიბნელეს შერჩი,

ახლა წევხარ და

არავინ გახსოვს,

არვის ახსოვხარ,

არავინ გერჩის.

??????