წურწუმია სერგო
გაზიარება

უიმედობის ბალადა 

ვოისარადაშ, რადი გუშა, სად იყავი, ქალო, გუშღამ?
მე გელოდი ისევ იქა, სად ვარსკვლავმა ცა მოჭიქა.
მე გელოდი... შენ არ ჩანდი... მოებურა მთვარეს ჩადრი.
ვოისარადაშ, რადი გუშა, განა ზრახვა ჩაგეფუშა,
დრო ვერ ნახე სანუკვარი, სახლში იყო ალბათ ქმარი,
ანთებული ჰქონდა კვარი, შენი ტანჯვით იყო მტკბარი...
ვოისარადაშ, რადი გუშა, რა უნდოდა ნეტავ, გულშავს?
შენ მეტად არ შეგეშინდეს, სწრაფად უნდა გადმოფრინდე,
მივეფაროთ სადმე შინდებს, გიალერსებ, დაგამშვიდებ!..
ვოისარადაშ, რადი გუშა, რა გაჩერებს მაგ პირქუშთან?
მოდი, მალე, მოდი, ქალო, ქმრისთვის ცივო და ფერმკრთალო,
ჩემი ტრფობის ნაღვერდალო, მო, ამ სოფელს გავეცალოთ!..
ვოისარადაშ, რადი გუშა, თეთრო ქალო, თვალებნუშა...
მე წაგიყვან ცისფერ მხარეს, მოგაშორებ ფიქრებს მწარეს,
გრძნობას მოგგვრი უნეტარესს, გალაღდი და გაიხარე!..
ვოისარადაშ, რადი გუშა, სახე რატომ მოგეღუშა?
კვლავ ვდგავარ და გელი იქა, სად ვარსკვლავმა ცა მოჭიქა...
მე გელი და... შენ არ ჩანხარ... და იმედიც გულში ჩაქრა.
ყველაფერი დამრჩეს ოხრად, ვიცი, ვიცი, რომ არ მოხვალ!..
ვოისარადაშ, რადი გუშა...

??????