გონაშვილი მაყვალა
გაზიარება

სამების კართან 

                   ნ. ხერკელაძეს
უკვე მოვედით სამების კართან,
უკვე ავლიეთ მთები ალევის,
და უმიზეზოდ ვარ სევდიანი,
როგორც სიზმარში ნამტირალევი.
რას არ გაუძლო ტაძარმა დღემდე,
რა წვიმებს, ელვას, ღმერთო, რა ქარებს,
ისე ლამაზი არის ყოველი,
ლამის ელდისგან აქვე გავქვავდე.
შენ მეკითხები, რად ვარ მოწყენით,
აჰა, დღეობა, ცხენით ჯირითი,
მთები გვირილით მოგვირისტული
და საცალფეხო ცისკენ ბილიკი.
მაინც გულს დარდი რად მიღრღნის ასე,
რატომ არა ვარ დღეს ბედნიერი?
ტრადიციების ძველ ნასუფრალზე
რად ილხენს ჩემი დაღლილი ერი?
რას მეტყვი, ძმაო, რით მანუგეშებ?
რის მაქნისია სიტყვა ლიტონი,
ვერც აქ ვიპოვე, ამ სამოთხეში
ამ ჩემი სულის პარაკლიტონი.
დრო იყო ამ მთებს, ამ გზებს, ამ ტაძარს
სულ სხვანაირი შუქი ებურა,
და ხევისბერიც, სოფლის ნამუსი,
შენს ფერ-ტილოზე გაქვავებულა.
სად არის ის გზა, ჩვენ რომ გავკვალავთ?
ფუჭ ფაცი-ფუცში გადის ცხოვრება.
რას ვეტყვით შვილებს ჩვენს გმირობაზე?
გვეყო წარსულით თავმოწონება.
ვინ უნდა გასცეს კითხვას პასუხი?
ერის ტკივილი ვინ დაიტიროს,
ჰო, დიდი საქმე, ხვალ მე ლექსს დავწერ,
შენ ფერადებით მოხატავ ტილოს.
და საკუთარი საქმით და ფიქრით,
ჩვენც დავყუჩდებით და დავმშვიდდებით,
და გაგვიტაცებს ქალაქი თავის
დღეობებით და პანაშვიდებით...
დაგვავიწყდება, რომ უნდა ვიყოთ
ჩვენი თავის და ფიქრის უფალი,
ჩვენს მიტოვებულ სოფლებს დაივლის
ქარი _ ერთგული ჭირისუფალი.

??????