მამისეიშვილი ნონა
გაზიარება

შეძახილი 

არ დავიღლები, სანამ გული ფეთქავს ვერანი
და ეხეთქება სხეულის კედლებს.
არ დავიღლები, დამაჩოქებს ვიდრე ვერავინ,
ვიდრე ეს გული საგულეს ეძებს.
არ დავიღლები, ყავლი გასვლია
თუმცა ზღაპრებს და იგავ-არაკებს,
არ დავიღლები სანამ სიკეთე
და სიყვარული მალაპარაკებს.
არ დავიღლები იმაზე ადრე,
ვინც ჩემს დაცემას ნატრობს და ცდილობს,
არ დავიღლები, ვიდრე ამყარებს
რწმენა სამყაროს და ძვალი რბილობს.
არ დავიღლები, ვიდრე მექნება
ნიჭი დათმობის, ნიჭი შენდობის,
ვიდრე მიგრძვნია და შემწევია
მადლი მცხეთის და ალავერდობის!
და ვიდრე ვცდილობ, ახდეს ოცნება.
ვიდრე მზეს ვეძებ ხელის ცეცებით
არ დავიღლები, ვიდრე ვუყვარვარ,
ვიდრემდე მიყვარს, არ დავეცემი!

??????