მეხსიერება
მე, რომ შემეძლოს გამოვთქვა დარდი,
მგონი, ღრუბლები გაჩერდებოდა
და სიბრალულით შემკრთალი ვარდი
გულდათუთქული აცრემლდებოდა.
მაგრამ ვაი, რომ არ მიწერია
ამ ქვეყანაზე მსუბუქად ფრენა
და ეს ვარამი მარად ჩემია,
რადგან ქართველად დამბადა ზენამ.
ეს რა სისხლი მაქვს... რეები მახსოვს,
საიდან მზვირთავს ხილვების დენა,
რა უმძიმესი ამბები მათოვს
და რა ქვითინით მევსება სმენა.
მაგრამ, ამავ დროს, რა მსუბუქია
და რა ტკბილია ეს ჩემი ხვედრი,
თითქოს სილაღეს დაულუქია
უძირო ქვევრი ოხვრის და ყვედრის.
რა მიწა არის ეს ჩემი მიწა,
რამდენი ლანდი, რამდენი სული,
სხვა რას გაიგებს, თუ, როგორ მიცავს
მე მომავალში ჩემი წარსული.
ბედნიერი ვარ უბედურებით,
უძლეველი ვარ წამების თმენით,
უსამართლობას არ ვემდურები,
გამოცდილების უცნაურ ლხენით.
მე ვარ ქართული მდინარის წვეთი,
ჩაგრულთა ცრემლის მშვენიერება,
ბოლო საყდარი ჯვარცმული ღმერთის
და ამაღლების მეხსიერება.