* * * "ეკვატორზე"
ეკვატორზე ჩამომჯარი ბებერი ალბატროსვით
გაჰყურებს ჩრდილოეთის საზღვარს სურვილმორეული,
რომ ოთხიოდ წუთში საპირისპირო მხარეს იბრუნოს პირი
(მომავალ არდადეგებამდე). მანმადე კი სანამ ქალაქს დატოვებს,
ნანობს ორ რამეს:
დავალებად მიცემულ (წაკითხულ) სქელკანტანიან ფურცლების მტევანს და
გუშინ ქვაფენილზე ნათამაშებ უკანასკნელ ჭადრაკის პარტიას
(გოტფრიდთან ყაიმი სულაც არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მაინც...).
ხვალ ქალაქს ბულდოზერებით გადაუვლიან.
ბებერი ალბატროსი კი, ისევ შეჰყურებს ზედა საზღვარს
და რამოდენიმე წუთში თავქვე დაეშვება სამხრეთისაკენ.
წერილი ნიკოლას
ნიკოლა!
ახლა ისევ ვზივარ და ვფიქრობ. ამჯერად ნაფიქრს თან ვწერ და სულ არ მედარდება პუნქტუაციაზე და სხვა ათასზე, რომელზეც ყოველთვის მსაყვედურობდი. პირიქით, განგებ დავუშვებ უფრო მეტ შეცდომას, რომ უფრო მეტად
მისაყვედურო, უფრო მეტი მომწერო და უფრო და უფრო...ან კიდევ, საერთოდ არ მომწერ ან, ნაკლებად და ნაკლებად...
ოთხი თვე მოუნდი დასველებას? მე შვიდი თვე ვშრებოდი რეინტაუნიდან აქ ჩამოსული, მაგრამ მაშინ შენც მომეხმარე.
ნეტა თუ არსებობს ქალაქი მკაცრი რეჟიმით: ერთი დღე მზე, ერთი დღე წვიმა (სრული სიზუსტით)... მაშინ რაღაც მოხერხდებოდა...
დღეს პატარა ავარია შემეთხვა ველოსოპედით და ხემი გავტეხე. ახლახანს დავეტოლე ჩემს ჩელოს და რაც შენ წადი ორი სანტიმეტრით გავზრდილვარ სიმაღლეში (მალე ვეღარც დამცინებ)...
ეხლა მე წავალ (სტაფილო მინდა). ისევ მოგწერ...უფრო ხშირარად და უფრო მეტი შეცდომებით, რომ რაც შეიძლება
მეტი და მეტი წერილი მივიღო პასუხად წარწერით: "შეცდომების გასწორება" ( იცი არასოდეს გამოვასწორებ, მაგრამ მაინც...).
მიყვარხარ ნიკოლა... სანტაუნი და ჩელო უფრო მეტად...