ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

სასაფლაოთა მეურნეობა 

ოთახის კართან, უპატრონო წითელი ძაღლი - 
ყურყუტებს ქარი და მგონია, აღარ წავა -
აღარ ჩადგება.
ზამთრის განიერ კალაპოტთან მუხლებზე მდგარი ცა
უსტვენს : თოვა, ჩრდილოეთი,
სკანდინავია.
შემეძლოს ვწერდე ან უბრალოდ,
შემეძლოს გწერდე,
სულ უბრალო და სადა წერილს თეთრ ფურცელზე,
ცისფერ გისოსებში დანწყვდეული შავი ჩიტებით -
სიტყვებს,
რომ გადაიწვა ჰორიზონტი მზის სეზონური ჩასვლებისგან. 
დროდადრო, როცა თეთრი დათვის თვალებიდან 
პოლუსებისკენ დაძრული ღამეები უშვებენ ღუზას
დაცემული სიზმრებით დანაღმული კორპუსების წინ,
სადაც მორცხვად ვცდილობდით ერთმანეთის წამოყენებას
ჩვენივე გამჭვირვალე და უსხეულო შეგრძნებებით,
ახლა წერილები აწყობენ უმისამართო მარშს
შეუღებავი ხის საფოსტო ყუთებიდან,
მეხსიერების მეწამული შუშის მიღმა დარჩენილი
მოგონებების მიმართულებით-
ნუ გადაკვეთავ ხიდს,
ხიდზე უნდა გაიარო,
ხიდი უნდა გადაიარო.
დიდი ხნის წინათ, ჩვენ შევთანხმდით, 
რომ ნებიესმიერ რიგით მოკვდავს შეუძლია სიმაღლიდან სივრცეში ხტომა
და ჩვენც შევთანხმდით, არ გვესაუბრა რიგითებზე, ქვეითებზე, უჩინოებზე,
მხოლოდ აწოწილ, დაფერდებულ წყვეტილ ჩრდილებზე
ღობის აქეთ და იქეთ მხარეს, ან იქეთ და აქეთ მხარეზე -
პირობითია-
ისეთივე პირობითი როგორც მაჯებზე გამავლი 
მოწითალო ვაგონების მიმართულება-
გარეთ კედრების მწვანე ჩრდილში,
ეკვდერის  ქვის კედლის გადაღმა მარხავენ შობას-
გილოცავ.

??????