ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

დიალოგი მონატრებულ მეგობართან 

მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაა 
რომლითაც მზე მომაქვს შენთვის..

ზაზა კოშკაძე
(მასვე)





ყველაფერი წავიდა.
ყველაფერი ჰაერია.
სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.
სინათლე ჰგავს ტუჩებს.
ყველაფერი ქრება.
ჰო.

ის ბარის მაგიდასთან ზის,
სუსტი და უსიცოცხლო,
როგორც ღამის განათება.
ის ზის მაღალ სკამზე, ფეხებმორთხმული,
ეწევა სიგარეტს
და ჭუჭყიან თმას ხელით ისწორებს.
ის ამბობს:
„მაგრად მომენატრე, სან“.
გარეთ წვიმს.
წვიმის ხმა არ აღწევს
ნახევრად განათებულ ბარში.
მე ვეუბნები:
„ხედავ?
ხედავ, როგორ შეიცვალა ჰაერი“?
სიგარეტს კოკა–კოლის
გადაჭრილ ქილაში აქრობს,
ბიჩოკამდე ჯერ არ ჩასულა..
ის ამბობს:
„ჰაერი კი არა,
ჩვენ შევიცვალეთ.. ტეხავს“.
ბარში შემოდის პატარა მათხოვარი,
„დაცვა დააყენეთ, ბლიად“ –
ხმა კუთხის მაგიდიდან.
კარის გაღებისთანავე ცივი ნიავი
აღწევს ჩემამდე
და მექანიკურად ჯიბეებისკენ მიმაქვს ხელები.
მე ვამბობ:
„ხედავ?
ხედავ, როგორ შევიცვალეთ ჩვენ“?
ბავშვს კეფაში მძიმე ხელი ხვდება,
ორიოდე წამში უკვე გარეთაა,
უხერხული მომენტია,
მუსიკას ხმას უწევენ.
ის ამბობს:
„ჩვენ?
ვყოფილვართ კი როდესმე არაშეცვლილები“?
ახლაღა ვხვდები,
რომ ხელები ჯიბეში მიწყვია
და მუშტები მაქვს შეკუმშული,
ან დაძაბულობის, ან სიცივისგან..
სუნთქვა ჭირს,
ბევრს ეწევიან.
მე ვამბობ:
„ხედავ?
ხედავ, როგორ აცივდა“?
თვალს თვალში მიყრის,
აშკარაა, წუხანდელი უძილოა,
მერე სკამიდან დგება და შარვალს იფერთხავს,
თხელი მაისური აცვია,
არ სცივა. შეეჩვია.
ის ამბობს:
„უარესი სიცივეც მინახავს,
შენ ხომ იცი, არა“?
თვალებს ვხუჭავ,
ვცდილობ რაღაც გავიხსენო,
მერე ზურგისკენ ვტრიალდები
და ხელებს განზე ვშლი,
მე ვამბობ:
„ხედავ?
ხედავ, როგორ მომენატრე“?
თვალებს ხელით ვისრეს,
კარიდან გავდივარ
და უკანმოუხედავად ვიჯახუნებ.
ის ამბობს:
„ჩვენ“..
მეტი აღარ მესმის,
ქუჩის ხმაური ფარავს.

სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.
სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.
ჰო. 

??????