რატიანი ზვიად
გაზიარება

უკანასკნელი ლექსი შენზე 

მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა !
მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე  მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს !
მე ახლა ვწევარ
მე ვწევარ
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ძალიან ჩემი და
ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში
და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე მინდა წარმოვიდგინო
შენი შემოსვლა ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო
ჩემი დახვედრა...
მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით,
არც ძველი სისულელეებით,
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით
ერთ დროს ტირილით...
დღეს მე ვარ კარგად
და მე მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,
ჩემი დღევანდელი სიმშვიდით,
რადგან ეს სიმშვიდე და კარგად ყოფნა
კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,
რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.
მე მინდოდა მეთქვა რამე ისეთი,
რაც ჩემსთავს  შეგაცოდებდა
და გეუბნები:
"მე აღარ მიყვარხარ შენ ! "

??????