ფუტკარაძე ოთარ
გაზიარება

პირველი ქართული გაზეთი 180 წლისაა 

საქართველოს (ქართული) გაზეთი

ცნობილია, რომ ნაბეჭდი გაზეთების ისტორია იწყება 1609 წლიდან, როცა სტრასბურგში გერმანულ ენაზე გაზეთი “სტრასბურგერ რელასიონი” გამოვიდა. აქ არ შევუდგები ევროპასა და რუსეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარებაზე საუბარს, მე-17 – მე-18 საუკუნეების საქართველოში კი, შინააშლილობის თუ გარეშე მტრების შემოსევების გამო, არც საამისო პირობები იყო და არც საშუალება. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსება და 1712 წელს “ვეფხისტყაოსნის” გამოცემა.
მდგომარეობა მეტ-ნაკლებად იცვლება მე-18 საუკუნის სამოციანი წლებიდან. მამის – თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთი გააერთიანა და მისი საზრიანი მეფობის წყალობით ქვეყანა სამეურნეო და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დაიწყო სახელმწიფოს ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა და, ბუნებრივია, ბეჭდვითი სიტყვის საჭიროების პირობები ჩვენშიც წარმოიშვა.
ზაქარია ჭიჭინაძე, თანამედროვეთაგან შეკრებილი ცნობების საფუძველზე, ერეკლე მეორის კარზე ეთდროული პერიოდული ნაბეჭდი ფურცლების არსებობაზე საუბრობს. თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონერებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და, ბუნებრივია, მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მიემგზავრებოდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომლებშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე, რომ გასაკვირი არ არის, თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს იწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც “ლეპორტი” ერქვა.
იმ დროს ეს საკითხი წესრიგში რომ მდგარა, ამას იოანე ბატონიშვილის “კალმასობაც” ადასტურებს. გიორგი მეთორმეტესათვის 1799 წელს წარდგენილ სახელმწიფო მართვა-გამგეობის პროექტში საგანგებო პუნქტად შეტანილია: “...აგრეთვე იბეჭდებოდეს გაზეთი თვეში ორჯერ. აქედამაც იქნება შემოსავალი და ხალხნიც შეეჩვევიან.”
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მოსახლეობის ინფორმირების საჭიროება კიდევ უფრო აუცილებელი შეიქმნა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აღა-მაჰმად-ხანის დარბეული სტამბა გენერალმა ციციშვილმა 1804 წელს შეაკეთა და ხელისუფლების ბრძანებებისა და განკარგულებების ბეჭდვა დაიწყო.
მომდევნო პერიოდში რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში მრავლად შემოდიოდა ჟურნალ-გაზეთები, რომელთაც ქართველი თავადაზნაურებიც ეცნობოდნენ. ეს, ბუნებრივია, ქართულად გაზეთის გამოცემის სურვილს აძლიერებდა. ამის შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას 1819 წელს ეძლევა. გაზეთის გამოცემის წინაპირობა იყო ქართველი ხალხის აქტიური წარმომადგენლების მიზანი – მოსახლეობაში სწავლა-განათლება შეეტანათ და გაევრცელებინათ ინფორმაცია კულტურულად დაწინაურებული ერების გამოცდილების შესახებ (ი. მჭედლიშვილი).
“საქართველოს გაზეთის” აღმოცენების თაობაზე იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა იყო. პროფ. ხანანაშვილი მიიჩნევდა, რომ იგი 1821 წელს გამოვიდა, ზ. ჭიჭინაძე კი გაზეთის გამოცემის თარიღად 1817 წელს თვლის. გრ. ყიფშიძეც 1901 წელს წერდა, რომ მას ხელთ ჰქონდა 1818 წლით დათარიღებული გაზეთი, რომელიც საეკლესიო მუზეუმში ინახებაო.
ამ მოსაზრებათა მცდარობა შემდგომში აღმოჩენილმა 1819 წლის დოკუმენტმა დაადასტურა. მაშინდელი თბილისის გუბერნატორი ხოვენი, რომელიც გაზეთის გამოცემის საქმესთან ახლოს იყო, თბილისის პოლიციის უფროსს სწერდა, რომ საქართველოს გაზეთი მალე გამოვა და, ეცადე, მოსახლეობას ხელი მოაწერინოო.
გაზეთის პირველი ნომრის მოძიებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ივერიას,” რომელმაც მკითხველებს მიმართა, მოეძებნათ პირველი გაზეთის ნომრები. ამ მოწოდებამ გამოიღო კიდეც შედეგი: “ივერიის” 1887 წლის 156-ე ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ “სოფიო გრიგოლის ასულმა დოდაშვილმა შესწირა წერა-კითხვის საზოგადოებას პირველი ნომერი უწინდელი გაზეთისა, რომელსაც ეწოდებოდა სახელად “საქართველოს გაზეთი,” დაბეჭდილი თბილისში 1819 წლის მარტის ცხრასა (უნდა იყოს რვა).”
მანამდე “ივერიამ” და “დროებამ” სხვადასხვა წლების ცალკეული ნომრების აღმოჩენის თაობაზე არაერთხელ ახარეს მკითხველებს.
1925 წელს დ. კარიჭაშვილმა გამოაქვეყნა “საქართველოს გაზეთის” “გამოცხადების” სრული ტექსტი. ეს განცხადება 1819 წლის დასაწყისში გაუვრცელებიათ. 
იგი საზოგადოებას აუწყებდა “რომელ გამოიცემოდნენ თბილისსა შინა ბუნებითსა ქართულსა ენასა ზედა დაბეჭდილნი ფურცელნი, რომელსაც ეწოდება “საქართველოს გაზეთი.”
აქვე მოტანილია მისი პროგრამა, რომ იგი გამოდიოდა “სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის მცხოვრებთა ამა ქვეყნისათა” და მოსახლეობისათვის უნდა გაეცნო:
1. ხელისუფლების განწესებანი და განკარგულებანი;
2. “მესაზღვრე ქვეყნების” ყურადღების ღირსი ამბავნი;
3. ახალი მიღწევები ცხოვრების სხვადასხვა დარგში;
4. გამოკრებანი ჟურნალ-გაზეთთაგან;
5. ახალი ცნობები ლიტერატურის სამყაროდან.
გაზეთს, ამავე დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა.
უნდა ითქვას, რომ “საქართველოს გაზეთის” პროგრამა 50-ანი წლების ჟურნალ “ცისკრისას” არ ჩამოუვარდებოდა.
მეფის მოხელეებს გარკვეული მიზნები ამოძრავებდათ _ გაზეთის მეშვეობით მათ თავიანთი მიზნების დაცვა უნდოდათ და ამიტომაც მის გამოცემას ხელს უწყობდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, გაზეთის პირველი ნომერი დოდაშვილის ქალმა გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. იგი 1819 წლის 8 მარტით არის დათარიღებული. ამრიგად, ამ დღიდან იწყება ქართული ჟურნალისტიკის ისტორია და ამ დღეს ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ დღესასწაულს ვზეიმობთ (ახალი სტილით 21 მარტი).
განცხადების თანახმად გაზეთი პირველ მარტს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ხელისმომწერთა სიმცირის გამო არ მოხერხდა. ამის შესახებ მესამე ნომერში თავადვე გვამცნობს. საჭირო ყოფილა 500 ხელისმომწერი და მათ შეგროვებაში არქიეპისკოპოსი ნერსე დახმარებია.
“გამოცხადება” თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ქართული გაზეთის გამოცემის სურვილი გამოუთქვამს ქართველთა ერთ ჯგუფს, ხოლო მთავრობა ვერ ჰპოვებს “ნაკლულულევანობასა მათ შორის, რომელთაც სწადთ მიღება ამისა.” – ე. ი. მთავრობას უარის თქმის საბაბი არ აქვსო.
როგორც ჩანს, თაოსნები ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდნენ, რომ ქართულ ენაზე გაზეთის გამოცემა მთავრობის ღონისძიებათა შესრულებას გააადვილებდა, მით უმეტეს, რომ რუსული ენის უცოდინარობის გამო უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებების და განკარგულებების შინაარსი დაბალი ფენებისთვის კი არა, თავადაზნაურობისთვისაც გაუგებარი იყო. ნებართვაც, უთუოდ, ამ მოტივით აიღეს. ეს საქმე მთავრობას რომ წამოეწყო, დააფინანსებდა კიდეც და გაზეთ მარტო ხელისმომწერებზე დამოკიდებული არ იქნებოდა.
“საქართველოს გაზეთი” მაინც ოფიციალური გამოცემა იყო და მას კორპუსის შტაბი ზედამხედველობდა. თუმცა, ეს ოდნავადაც ვერ აკნინებს იმ ქართველთა ღვაწლს, რომელთაც მეტად რთულ ვითარებაში საკუთარი სახის შენარჩუნება და დედა ენის დაცვა სწადდათ.
ეტყობა, გავლენიანმა ქართველებმა მთავარმმართებელი ერმოლოვი გაზეთის საჭიროებაში ისე დაარწმუნეს, მან ნებართვა თვით იმპერატორს სთხოვა. მისივე დავალებით გაზეთის გავრცელებას მაღალი თანამდებობის მოხელეებმა მოჰკიდეს ხელი. საამისოდ თბილისის გუბერნატორმა ხოვენმა ხელქვეითებს საგანგებო წერილებიც დაუგზავნა.
ხელისმომწერთა შორის იყვნენ თავადაზნაურები, ვაჭრები, ოფიცრები, სამღვდელოება. თავიდან 2 მანეთი ღირდა – ალბათ იმიტომ, რომ მარტიდან იწყო გამოსვლა, მომდევნო წლიდან კი სამი მანეთი დაწესდა, აბაზიც საფოსტო ხარჯებისთვის ემატებოდა. ეს თანხა ცოტა არ იყო, ამიტომაც გამოწერა უჭირდათ და გაზეთიც ხელისმომწერთა სიმცირეს განიცდიდა.
“საქართველოს გაზეთი” კვირაში ერთხელ, პარასკეობით, გამოდიოდა. თბილისიდან ფოსტა სწორედ ამ დღეს გადიოდა და ეს ხელისმომწერებამდე მთის დროულად მიტანას უზრუნველყოფდა.
1820 წლიდან გაზეთმა სახელი შეიცვალა და “ქართული გაზეთის” სახელწოდებით დაიწყო გამოსვლა. 
მ. გოცაძის აზრით ეს ერთი და იგივე გაზეთის სხვადასხვა სახელწოდებაა და განსხვავებული პროგრამით მოქმედ ორგანოს არ წარმოადგენს. ალ. კალანდაძე თვლის, რომ თუ “საქართველოს გაზეთი” ოფიციალურ-ადმინისტრაციული ხასიათისა იყო, “ქართული გაზეთი” უფრო თავისუფალი, ეროვნულ-ემოციური შეფერილობისაა.
პ. გუგუშვილის ვარაუდით “სახელის გადაკეთება გამოიწვია არა რაიმე საფუძვლიანმა რეორგანიზაციამ... არამედ ახალი მთარგმნელის სამართლიანმა პოზიციამ, გაზეთის რუსული სახელწოდებისათვის გამოენახა უკეთესი ქართული შესატყვისი.”
ივ. მჭედლიშვილის მოსაზრებით “სახელწოდების შეცვლის ფაქტი იმას მოწმობს, რომ გამომცემლები, თუ იდეური ხელმძღვანელები სახელწოდებას მიზანდასახულობით მნიშვნელობას ანიჭებდნენ. უთუოდ გათვალისწინებული იქნებოდა მისი პოლიტიკური ჟღერადობა. “საქართველოს გაზეთი” გეოგრაფიულ ერთეულს მიანიშნებდა, “ქართული გაზეთით” კი მისი ეროვნული ხასიათი დაკონკრეტდა.”
მეც ვეთანხმები ამ აზრს. აბა, რომელი უფრო ეროვნულად და, ამდრნად, საამაყოდ ჟღერს – “საქართველოს გაზეთი” თუ “ქართული გაზეთი?”
ეტყობა, ვიღაცამ მოხერხებულად ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და გაზეთს სახელი შეუცვალა. საგულისხმოა ისიც, რომ სათაურის ქვეშ გაჩნდა ღერბი _ წმ. გიორგი კლავს გველეშაპს. ამასთან, დაიხვეწა და გამოცოცხლდა გაზეთის ენა.
არის მოსაზრება, თითქოს ქართული გაზეთი მთლიანად ანალოგიურია ამავე სახელწოდების რუსული გამოცემისა (თარგმანს წარმოადგენსო). ეს რომ სწორი არ არის, ამას ხოვენის წერილიც ადასტურებს. იგი მაზრების წინამძღოლებს ავალებს – შეგიძლიათ გაზეთს ადგილობრივი ინფორმაცია ქართულ ენაზე გამოუგზავნოთო.
გაზეთიდან არ ჩანს, თუ ვინ იყო მისი რედაქტორი. პ. გუგუშვილის ვარაუდით, მას სათავეში თაოსანთა ჯგუფი ედგა. ძნელია პუბლიკაციების ავტორთა დადგენაც – წერილები ხელმოუწერელი ქვეყნდებოდა. ვარაუდობენ, რომ მასალები ჯერ რუსულად ითარგმნებოდა, რათა ცენზორს გაეცნო, შემდეგ კი გადმოქართულდებოდა, რაც გაზეთის გამოცემას აძნელებდაო. თუმცა ალ. კალანდაძე თვლის და მართებულადაც, რომ ეს მთლად ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ბევრი წერილი მაღალი კულტურული ენით არის დაწერილი. ცხადია, ქართულად იწერებოდა, მოხელეებს კი შინაარსს უთუოდ რუსულად აცნობდნენ. ანდა, რუსულად თარგმნილი ტექსტის ხელახლა გადმოქართულება რატომ უნდა დასჭირვებოდათ, დედანი ხელთ არ ექნებოდათ?
გაზეთში მასალები ასე იყო განლაგებული:
* ჯერ იბეჭდება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ამბები და უმაღლესი ბრძანებები (უმაღლეს პირთა დანიშვნა, დაწინაურება, ოფიცერთა გადაყვანა-გადმოყვანა, დაჯილდოება, პენსიების დანიშვნა).
* გამოცხადებანი “ისპოლიტელნაია ექსპედიციის,” “საქარღველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობის” და სხვა.
* “უცხო ქვეყნების ამბავი.”
* “შერეული ამბავი,” – სხვადასხვა ხასიათის მასალები (ძირითადად რუსული და უცხოური გაზეთებიდან გადმობეჭდილი).
ცნობისათვის: 1819 წელს თბილისში გაიხსნა კლუბი, რომელსაც ბიბლიოთეკაც ჰქონდა. ეს კლუბი ფრანგულ და ინგლისურ გაზეთებს იწერდა, რაც “ქართული გაზეთისთვის” გარკვეულ წყაროს წარმოადგენდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ოფიციალური რუსული და უცხოური პრესა “ქართული გაზეთის” ერთადერთ წყარო არ იყო, იგი ადგილობრივ ცხოვრებასაც ასახავდა და თანამშრომელთა მიზიდვასაც ცდილობდა. 1819 წლის მესამე ნომერში სთხოვს კიდეც “მოყვარეთ სიტყვიერის სწავლისათა, რათა მოსცენ მათ ქართულ ენასა ზედა სხვადასხვა ცნობანი, მოთხრობანი, ყურადღებისა ღირსთა საგანთათვის.”
გაზეთს მასალებს აწვდიდნენ “აღმასრულებელი ექსპედიცია,” თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექცია, “საქართველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობა” და სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, საჭირო ცნობებს რედაქციის მუშაკებიც მოიძიებდნენ. 
“ქართული გაზეთის” გამოცემის პერიოდში საქართველოში ერთადერთი სტამბა იყო და, ბუნებრივია, ეს გაზეთიც იქ იბეჭდებოდა. იგი ცალკე კორპუსის შტაბს ეკუთვნოდა და 1816 წელს იყო დაარსებული. გაზეთი აღნიშნავს, რომ “სამხედრო საველე სტამბაში” იბეჭდება. ამ სტამბასთან ლითოგრაფია მოგვიანებით ჩამოყალიბდა, ამიტომაც, ივ. მჭედლიშვილის მტკიცებით,  სათაური და ემბლემა ხეზე არის ამოჭრილი.
გაზეთი პატარა ფორმატისაა. იბეჭდება ოთხ გვერდზე, თითოეულზე ორ-ორ სვეტად, მცირე ინტერვალით. სათაურები და ტექსტი აწყობილია ერთნაირი შრიფტით და უფრო ხელნაწერს ჰგავს (სხვათაშორის ძალიან ლამაზი შრიფტია). წინადადებები ასომთავრულით იწყება, იოლი საკითხავია და, საერთოდ, გაზეთი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.
სახელწოდების შეცვლასთან ერთად ფორმატიც გადიდდა – “ერთი საწერი ქაღალდის ოდენა გახდა.” იბეჭდება სქელ, ცისფერ ქაღალდზე.
1819 წლის ნომრებმა ჩვენამდე მთლიანად მოაღწია, მომდევნო ორი წლისა კი საკმაოდ ნაკლულია.
როგორც ვთქვით, პ. გუგუშვილის ვარაუდით ქართულ გაზეთს თაოსანთა მთელი ჯგუფი ედგა სათავეში. იგი ასახელებს თბილისის თავადაზნაურთა მარშალ კონსტანტინე ბაგრატიონს, კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორ ბუკრინსკის და სხვებს.
მ. გოცაძე მბეჭდავთა შორის ვ. დუბოვს მოიხსენიებს.
ნ. ტაბიძის აზრით, თანამშრომელთა შორის შეიძლება ვიგულისხმოთ ცალკე კორპუსის შტაბის მთარგმნელი, კაპიტანი ნაზარაშვილი, აღმასრულებელი ექსპედიციის მთარგმნელი გიორგი ჩიქოვანი, სასამართლო პალატის მთარგმნელი თომა ყორღანაშვილი და სხვები. ალ კალანდაძე ამატებს სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს – სავარსამიძეს, მაჩაბელს, ჯომარჯიძეს, ციციშვილს, ჭილაშვილს და სხვებს.
პირველი ქართული გაზეთი საკმაოდ მდიდარ ადგილობრივ, რუსულ და უცხოურ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველებს. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ადგილი ეკავა სამეფო კარის ცნობებს, ბრძანებულებებს; იბეჭდება ადგილობრივ ხელისუფალთა განკარგულებანი, საჯარო ვაჭრობის განცხადებები, ადგილობრივ ოფიცერთა დანიშვნა-დაჯილდოების “უქაზები,” სხვა მასალები. 
გაზეთის პუბლიკაციებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთისაშია ჩართული. “ქართული გაზეთი” მსჯელობს ბაქოს ნავთზე, შაბის მადანზე, საქართველოს სამღებროებსა და სხვა საკითხებზე. ზოგჯერ სოფლის მეურნეობაზეც იწერება. მაგალითად, ერთგან გაზეთი მკითხველებს ურჩევს, რა თესლი რასთან დათესონ, რომ უხვი მოსავალი მიიღონ. საერთოდ, ეკონომიკის საკითხებზე გაზეთი ძალზე ცოტას მსჯელობს. წამყვანია ინფორმაციული ხასიათის მასალები.
გაზეთში ფართოდ აისახა წინააღმდეგობა, რაც ბატონყმურ წყობილებას თან ახლდა. ქვეყნდება განცხადებები ყმების გაქცევაზე, ყმების ყიდვა-გაყიდვაზე და ა. შ. მასში აისახა 1820 წლის იმერეთ-გურიის აჯანყებაც. გმობს “მეშფოთვარეთ.”
გაზეთი საერთაშორისო საკითხებზეც საუბრობს. დაბეჭდილია ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების შესახებ. ფართო ადგილი ეთმობა ოსმალთა წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებას (1821 წ.). გაზეთი პატრიოტებს უჭერს მხარს და ეს ბუნებრივიცაა, ისინი ხომ ქართველთა საუკუნოებრივ მტრებს ებრძოდნენ.
ერთ ნომერში მიმოხილულია საერთაშორისო ცხოვრება. შეაჯამებულია 1818 წლის მდგომარეობა და გაშუქებულია რუსეთის ინგლისის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების
პოლიტიკა. წერილის სათაურია “პოლიტიკებრივი შეხედვა ჩყიც წელსა.” პირველი ჟურნალისტები იმაზეც მსჯელობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს განათლებას საზოგადოებისათვის და ამ საქმეში გაზეთს რა როლის შესრულება შეუძლია. მის ფურცლებზე ადგილი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის ცხოვრებასაც ეთმობა – აღწერილია საჯარო გამოცდა, წინ დირექტორის მიერ წარმოთქმული სიტყვაა დაბეჭდილი. ალბათ, ამ სასწავლებელში გაზეთს ბევრი ხელისმომწერი ჰყავდა და ასეთი ყურადღებაც იმიტომ გამოიჩინა. ქვეყნდება აგრეთვე პატარ-პატარა მოთხრობები, თარგმანები და სხვა.
“ქართულმა გაზეთმა” სამ წელიწადს იარსება. მისი გამოცემა 1822 წლისთვისაც დაიგეგმა, მაგრამ ხელისმომწერნი ვეღარ შეაგროვა და არსებობა შეწყვიტა. ალბათ, სამხედრო ხელისუფლებაზე დამოკიდებულმა გამოცემამ მკითხველები ვერ დააინტერესა. ფოსტაც საქმეს გულგრილად ეკიდებოდა, ნომრები იკარგებოდა, ჭირდა მასალების მოპოვება (ამას ცარიელი გვერდებიც მოწმობს). ამ და სხვა მიზეზებმა განაპირობა პირველი ქართული გაზეთის დახურვა.
და მაინც, “საქართველოს (ქართულ) გაზეთს” ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველ რიგში იმით, რომ მისით არამარტო ქართული პრესის ისტორია იწყება, მან რუსეთის იმპერიის ხალხთა ეროვნულ ჟურნალისტიკასაც დაუდო სათავე (პირველი გაზეთია, რუსეთის იმპერიაში არარუსულ ენაზე რომ გამოვიდა). 
იგი მკითხველს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ცნობას აწვდიდა, აფართოებდა საზოგადოების თვალსაწიერს, ხელს უწყობდა ჟურნალისტიკის განვითარებას. 
ივ. მჭედლიშვილი წერს, რომ გაზეთმა შექმნა წინაპირობა ქართველი და რუსი ხალხების ეკონომიკურ-კულტურული დაახლოებისა, ხალხში აღძრა კითხვის სურვილი, გაკვალა ევროპისაკენ მიმავალი გზა.
ნაკლიც ბევრი ჰქონდა. 
შინაარსის თემატურ_ჟანრობრივი სიმწირე და ინფორმაციის გეოგრაფიული შეზღუდულობა აუბრალოებდა მის ნომრებს. შინაარსთან ერთად ტექნიკური მხარეც სადა და ერთფეროვანია, მარტივია მისი გრაფიკულ-კომპოზიციური მოდელო (ივ. მჭედლიშვილი).
პირველი ქართული გაზეთის გამოცემა მაინც პროგრესული მოვლენაა, რადგანაც იგი სამამულო ჟურნალისტიკის პირველი მერცხალი იყო.

21 მარტი, 1999 წ.

ლიტერატურა:

1. ალ. კალანდაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ-1, თბ., 1977.
2. მ. გოცაძე, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ-1, თბ., 1954.
3. პ. გუგუშვილი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ., 1941.
4. ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ქართული გაზეთებისა და ჟურნალებისა, თბ., 1902..
5. ნ. ტაბიძე, პირველი ქართული გაზეთი, თბ., 1969.
6. ივ. მჭედლიშვილი, ქართული ჟურნალ_გაზეთების სახოვანება X1X საუკუნეში, თბ., 1995.

??????