გაზეთ “დროების” დაარსების 120 წლისთავის გამო
გაზეთი “დროება” და აჭარა
“დროება” მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის უაღრესად სოლიდური და პოპულარული გაზეთია. მისი გამოცემა ილია ჭავჭავაძის ინიციატივითა და უშუალო თანადგომოთ დაიწყო ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი წერეთელმა. ეს პროგრესული გაზეთი, რომელმაც სახელოვნად განაგრძო “საქართველოს მოამბის” საუკეთესო ტრადიციები, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმართულებისა იყო, მაგრამ არ დარჩენილა იმ დროის საქართველოს არცერთი მეტად თუ მცირედ მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისი ავტორიტეტული სიტყვა რომ არ ეთქვა. ასე იქცა “დროება” ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შტაბად და უდიდესი როლი შეასრულა ქართული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში.
გამოცემის პირველივე წლებიდან “დროებამ” დიდი ყურადღება დაუთმო აჭარის ყოფასა და ცხოვრებას, ქართული საზოგადოების გულისყური მიაპყრო “ბედისაგან მივიწყებული ძმებისადმი” – აჭარლებისადმი.
“თქვენ შესაძლებელია არ იცოდეთ, რომ ოსმალოს საქართველოს თქვენზე აქვს სასოება და ცისქვეშეთში არავის შესცქერის თავის იმედათ! გახსოვდეთ, თქვენი ძმები, შვილო!” – ასე მიმართავდა “დროება” თავის მკითხველებს და მოწინავე ახალგაზრდებს ურჩევდა, წასულიყვნენ ოსმალო საქართველოში, შეეკრიბათ ძველებური სიმღერები. ლექსები, ისტორიული მასალები, გაეცნოთ ხალხი.
“ჩვენის გაზეთის რედაქცია დიდის მადლობით მიიღებს, რა მცირეც არის ცნობას, რომელიც იმ ჩვენს მოძმეებს შეეხება და დიდი სიამოვნებით დაბეჭდავს “დროებაში.” –
სთხოვდა გაზეთი მკითხველებს.
და, მართლაც, 1870 წლიდან მოყოლებული, გაზეთის ფურცლებზე სულ უფრო მატულობს წერილები, რომლებიც სრულყოფილად ასახავს აჭარის, ამ ძირძველი ქართული მხარის, ისტორიას, მის მკვიდრთა ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს. ამით “დროება” ორ მიზანს ისახავდა: ჯერ ერთი, ცდილობდა, გაეზარდა ქართველი საზოგადოებრიობის დაინტერესება აჭარისადმი და, მეორეც, ეროვნული თვითშეგნება გაეღვიძებინა მაჰმადიან მოძმეებში, მით უმეტეს, რომ რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომისათვის ემზადებოდა, რასაც შეიძლებოდა სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლება მოჰყოლოდა.
ომის წინა პერიოდში, როგორც “დროება” გვამცნობს, ნათლად გამოიკვეთა აჭარის მკვიდრთა სწრაფვა საქართველოსთან შეერთებისათვის, რაც ოსმალთა წინააღმდეგ არაერთმა აჯანყებამაც დაადასტურა.
ამ მოძრაობამ დიდი აღტაცება გამოიწვია საქართველოში და გაზეთი “დროებაც” მხარში ამოუდგა თანამოძმეებს. “ჩვენი ვალია, - წერდა სერგეი მესხი, - დავეხმაროთ თანამოძმეებს, დავეხმაროთ როგორც სლავიანები და, განსაკუთრებით რუსები, ეხმარებიან აჯანყებულ ჰერცოგოვინელებს.” იმ დროისათვის “დროების” რამდენიმე ნომერი მოდიოდა აჭარაში და გამარჯვების რწმენას ნერგავდა მოსახლეობაში. ამიტომაც იყო, რომ ოსმალოს მთავრობამ აკრძალა “დროებისა” და ქართული წიგნების აჭარაში შემოტანა.
1877 წლის აპრილში, რუსეთ-თურქეთის ომის პირველსავე დღეებში, ათასობით ქართველი მოხალისე ჩაეწერა მოქმედ არმიაში, შეიქმნა ქართული რაზმები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იბრძოდნენ და საკუთარი სისხლის ფასად ართმევდნენ მომხვდურებს საუკუნეების განმავლობაში მიტაცებულ ქართულ მიწებს. გაზეთში მკაფიოდაა გდმოცემული აჭარის მოსახლეობის სულისკვეთება ამ ომში ჩაბმისას, რადგანაც ეს იყო ერთადერთი გზა დედასამშობლოსთან დაბრუნებისა. ნიშანდობლივია, რომ ომის დაწყებისთანავე ასობით ქობულეთელი გამათავისუფლებელთა მხარეზე დადგა. მთელი ომის პერიოდში “დროებამ” დიდი მუშაობა გასწია აჭარელთა გასამხნევებლად, ოსმალთა მიერ გავრცელებული პროვოკაციული ხმების საწინააღმდეგოდ ამცნო მოსახლეობას, რომ რუსეთი მტრული მიზნებით არ შედიოდა მათ მხარეში, რომ მას სურდა შევიწროვებული და შეურაცხყოფილი ხალხის დაცვა და ოკუპანტების დათრგუნვა-განადგურება.
აქვე არ შეიძლება გვერდი ავუართ გაზეთის რედაქტორ სერგეი მესხის ღვაწლსა და დამსახურებას. ამ კეთილმა კაცმა მთელი თავისი ქონება და სიცოცხლე საერთო საქმეს ანაცვალა. იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო აჭარით, ამიტომაც ომის დაწყებისთანავე ფრონტს მიაშურა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოქმედ არმიას. აქედან რედაქციას უგზავნიდა ომის ვითარების ამსახველ კორესპონდენციებს. სერგეი მესხი გამარჯვებულ რუს-ქართველთა არმიასთან ერთად შემოვიდა ბათუმში (შემდგომშიც არაერთგზის იმოგზაურა აჭარაში) და აღწერა ის მძიმე მდგომარეობა, რაც აქ დახვდა. იგი ურჩევდა მთავრობას რიგიანი, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ხალხის ხასიათის მცოდნე მოხელეები დაენიშნა აჭარაში, არ შეელახათ ახალდაბრუნებული მოძმეების თავმოყვარეობა, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა. განსაკუთრებული სიმძაფრით გაილაშქრა მუჰაჯირობის წინააღმდეგ და მოუწოდა მთავრობას, ქმედითი ღონისძიებები განეხორციელებინა ამ მოძრაობის შესაჩერებლად.
სერგეი მესხის ყოველი სიტყვა უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი “ბედისაგან დაჩაგრული მოძმეებისადმი,” ამიტომაც იყო, რომ როცა იგი გარდაიცვალა (1883 წ.), მთელ ქართველ ხალხთან ერთად აჭარის მოსახლეობამაც ცხარედ დაიტირა მათი მოსარჩლე და გულშემატკივარი მამულიშვილი.
“ყოველი ბათუმელი ქართველები ღრმა მწუხარებაში ჩაგვყარა ამ კაცის გარდაცვალებამ,” ”წერა-კითხვის საზოგადოება მწუხარებს სერგეი მესხის გარდაცვალებას. მასში სკოლამ დაკარგა საუკეთესო მოსარჩლე და კეთილმსურველთაგანი.” “დროებაში” გამოქვეყნებულ სამძიმრის ამ წერილებს, ბათუმში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად, იბრაიმ, ისმაილ, ახმედ და ხუსეინ აბაშიძეებიც აწერენ ხელს.
სერგეი მესხის მზრუნველობას აჭარისადმი ისიც ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის დავალებით იგი არაერთგზის ჩამოვიდა ბათუმში, რათა შეერჩია ქართული სკოლისათვის კარგი ადგილი, მოეგვარებინა სკოლის გახსნასთან დაკავშირებული საქმეები. აღსანიშნავია ისიც, რომ “სერგი-ბეგმა,” როგორც მას აჭარლები ეძახოდნენ, თავისი ხელით დაურიგა ქობულეთლებს მათ დასახმარებლად შეგროვილი ორი ათასამდე მანეთი.
“დროებას” და მოწინავე ქართველ ინტელიგენციას მშვენივრად ესმოდათ, რომ აჭარის მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებაში, ეროვნული გრძნობის გაღვივებაში უპირველესი როლი ქართულ სახალხო სკოლას და თეატრს უნდა შეესრულებინა.
“დროებას” წერილებს აწვდიდნენ ახმედ და გულო კაიკაციშვილები _ ქობულეთიდან, მუხამედ ირემაძე _ ღორჯომიდან, სულეიმან მიქელაძე _ საღორეთიდან (ახლანდელი პირველი მაისი), დავით _ წერეთელი მაჭახლიდან, ლევან და ლუკა (კრაზანა, ჭიაჭამია) მჭედლიშვილები _ ბათუმიდან, ლუკა ქუთათელაძე ზემო აჭარიდან. მათ კორესპონდენციებში აღწერილია მშობლიურ უბეში ახლად დაბრუნებული მხარის წარსული, მისი აღორძინების პირველი ნაბიჯები, აჭარის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრება, ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები. მათი მეშვეობით “დროებამ” მკითხველებს მიაწოდა აჭარული ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები – ხალხური ლექსები, ლეგენდები...
“დროებამ” არაერთი აქაური მამულიშვილის ნათელი ხატება შემოუნახა შთამომავლობას, საზოგადოებას გააცნო აჭარის გათავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი შერიფ ხიმშიაშვილი, კაცი, რომელსაც “ზორბა ტანზე ქართული ჩოხა აცვია,” რომელსაც აქვს “ისეთი ტკბილი კითხვა-პასუხი და უბრალო ლაპარაკშიც კი ისეთი, რომ მგონი არ მოგწყინდებათ იმას ყური უგდოთ.” სწორედ
“დროებამ” შემოგვინახა შერიფ ხიმშიაშვილის სიტყვები, წარმოთქმული ბათუმის გუბერნატორთან გამართულ სადილზე. შერიფმა დიდი შეფასება მისცა იმ ღვაწლსა და ამაგს, აჭარას რომ დასდეს რუსთა მხედრიონმა და ქართველმა ძმებმა.
“ესეც იმათი სადღეგრძელო იყოს, ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო და ძველი და ახალი განაწილებული ქართველები შეგვაერთა. არც ჩვენგან და არც ჩვენი შთამომავლებისაგან დავიწყებული არ იქნება მათი შრომა და კაცობრიობა.” _ საინტერესოა მისი სიტყვები თბილისში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე, რასაც სპეციალური წერილი უძღვნა სერგეი მესხმა.
“დროებამ” შემოგვინახა ხსოვნა ჩაქველი ხუსეინ ბეჟანიძისა, რომელსაც “ძლიერ უყვარდა მამა-პაპის მიწა-წყალი და მისი მოშორება სიკვდილად მიაჩნდა,” კაცი, რომელმაც “საშვილიშვილოდ, საუკუნოდ მოსახსენიებელი, საქართველოს საისტორიოდ საღაღადებელი, ქართველთა ქვეყნისათვის ძვირფასი საქმე მოიმოქმედა – 100.000 შვილი გადაურჩინა დედა-ქვეყანას,” მუჰაჯირობას რომ აღუდგა წინ.
“დროებამ” გაგვაცნო მუჰაჯირობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქტიური მებრძოლი, ოლადაურელი ჰაჯი ლომან ქარცივაძე – “ჭკვიანი, ნასწავლი და ხალხში გავლენიანი კაცი,” რომელიც ოსმალეთიდან დაბრუნებული ურჩევდა ხალხს, რომ “ბევრი ადგილი დავიარე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთანა შემკობილი და საჩვენო ვერსად ვერა ვნახე-რა,” ამიტომ ოსმალეთში არ გადასახლდეთო.
დიდი წონა ჰქონდა ასეთი ადამიანების სიტყვას და კარგად იცოდა ეს გაზეთის რედაქტორმა.
როცა “დროების” დამსახურებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მემედ აბაშიძის სიტყვები, გაზეთის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით რომ წარმოსთქვა: “თქმა არ უნდა, ჩვენი თანამოძმე ქართველი პირების ერთად-ერთი მიზანი იყო გაზეთ “დროების” გამოცემით გავრცელება სამშობლოს შვილებში ეროვნულ-კულტურული შეგნებისა, რომ მით გაემდიდრებინათ ის ეროვნული სალარო, საიდანაც ხალხი როგორც კაცობრივს, ისე სულიერ საზრდოს მიიღებს.”
ვთხოვთ ღმერთს, რომ მიანიჭოს თავისი სასუფეველი ამ ეროვნული შემეცნების საქმეში მოურიდებელ და თავდაუზოგველ მოღვაწეებს – სერგეი მესხს, გიორგი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელსა და სხვებს, რომლებმაც ჩვენს ეროვნულ მეტყველებას ასპარეზი აუმღლეს და გაუფართოვეს.”
გაზეთმა “დროებამ” და მისმა რედაქტორმა სერგეი მესხმა დიდი როლი შეასრულეს ქ. ბათუმში 1881 წელს პირველი ქართული სკოლის გახსნაში.
მადლიერმა შთამომავლობამ სათანადოდ დააფასა გაზეთ “დროების” რედაქტორ სერგეი მესხის ღვაწლი და ამაგი. მისი სახელი მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩხუტუნეთის საშუალო სკოლას, ხოლო ზაქარია ჭიჭინაძის სახელი _ ერგეს საშუალო სკოლას. მაგრამ, დასანანია, რომ დღეს, როცა მთელი სისავსითაა წარმოჩენილი “დროება”-“ივერიაში” (1880-1885 წლებში “დროება” და”ივერია” საერთო რედაქციით გამოდიოდა) მოღვაწე ქართველი მამულიშვილების – ლუკა და ლევან მჭედლიშვილების, დავით წერეთლის (აკაკი წერეთლის ძმა), ბათუმის პირველი ქართული სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძის, მიხეილ შარაშიძის და სხვათა ამაგი, მათი დამსახურება ჯეროვნად არაა დაფასებული. კარგი იქნება, როგორც მათი, ისე გაზეთების “დროების” და”ივერიის” სახელები მიეკუთვნოს აჭარის ქუჩებს, სკოლებს, კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებს.
გაზ, “საბჭოთა აჭარა,”
11. 04. 1986.
დაბრუნება: 1878 – 1988
ერთი სადილი შერიფ-ბეგთან
ამ სათაურით გაზეთი “დროება” (1866-1885) აღწერს სახელოვანი მამულიშვილის, ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლებისათვის აქტიური მებრძოლის შერიფ ხიმშიაშვილის თბილისში სტუმრობის ამბავს. იგი საქართველოს დედაქალაქს სწვევია 1878 წლის 13 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბერლინში შეიკრიბა ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონგრესი, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საკითხიც უნდა გადაეწყვიტა.
მისი ქართული ორიენტაცია ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომამდე გამოიკვეთა. ამის გამო, 1876 წელს, ეჭვი მიიტანეს მასზე, სტამბოლში გაიწვიეს და დაატუსაღეს. შერიფმა გავლენიანი ნაცნობების დახმარებით მოახერხა თავის დახსნა და სამშობლოში დაბრუნება. რუსთა ჯარმა გადმოლახა თუ არა აჭარის საზღვრები, საქართველოსაკენ შერიფის ლტოლვა უფრო აშკარა გახდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამ ომს მისი მშობლიური მხარის გათავისუფლება მოჰყვებოდა და აღარც ცდილა განზრახვის დაფარვას.
განმათავისუფლებლებთან შეტაკება რომ აეცილებინა, შერიფმა ეშმაკობა იხმარა – თავის განკარგულებაში მყოფი ჯარი დაშალა და ბათუმის ფაშას შეუთვალა: ძალები არ მყოფნის, რუსებს რომ შევუტიო და ისევ სჯობს, ზემო აჭარა გავამაგროო. გაზეთ “დროების” რედაქტორი სერგეი მესხი შერიფისავე სიტყვებით ამ ამბავს ასე გადმოგვცემს:
“ადრე ცხრა ბათალიონი ჯარი მყავდა. დევრიშ-ფაშა ყოველ კვირაში მწერდა – გეიწი, გეიწი ახალციხისკენო! რას გაჩერებულხარ ერთ ადგილასო! ჯერ კი ვაღორებდი, რომ გზა მაქ გამაგრებულიო, ვერ დევინგრევი აქედამ, მაგრამ როცა რუსის ჯარი არტანუჯისკენ გავუშვი ხელუხლებლად, მაშინ კი სულ უფრო ეიღო ეჭვი დევრიშ-ფაშამ. ახლა სხვა ოსტატობა ვიხმარე: ვითომ ჩხუბი ავტეხე ზემო და ქვემო აჭარას შუა, “წაუკიდე” ისინი და ოთხი ბათალიონი იმათ დასამშვიდებლად გავგზავნე, კიდევ ორი სხვაგან გავფანტე და მივწერე დევრიშ-ფაშას, რომ ამ სამი ბათალიონით წინ ვერ გევიწევი, ისევ აქ გავმაგრდები-თქვა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამასმინეს: იმას რუსისკენ უჭირავს თვალიო და მეტი არ შემეძლო, ცოლ-შვილი არტაანში გავხიზნე, მე კი აქ გამოვიპარე.”
აღარც დაედგომებოდა შერიფს აჭარაში, მტრები მიუჩინეს და სხალთაში სახლ-კარი გადაუწვეს. თავად ძლივს გაასწრო ახალციხეში. სწორედ ახალციხიდან ჩავიდა იგი თბილისს – თავის ძუძუმტე მიხეილ მეფისაშვილთან ერთად.
19 ივნისს თბილისის საზოგადოებრიობამ ძვირფასი სტუმრები სტეფანე მელიქიშვილთან საგანგებო სადილზე მიიწვია. აქ შეხვდა მას სერგეი მესხი.
“შერიფი 45 წლის კაცია. “დიდკაცობა” იმას პირველ შეხედვაზევე ეტყობა: გადაშლილი შუბლი, ნათელი სახე, თეთრი კანი, პატარა, ნაზი ხელები, დინჯი, დარბაისლური მიხვრა-მოხვრა და წყნარი, მშვიდობიანი ლაპარაკი.
ზორბა ტანზედ ქართული ჩოხა აცვია და მხრებზე დაკერებული ახალი პაგონები ამტკიცებენ, რომ რუსის გენერალია.
შერიფი წმინდა ქართულით ლაპარაკობს; მხოლოდ სიტყვების გამოთქმაში გურულად
უქცევს, იმ განსხვავებით, რომ ის ლაპარაკობს უფრო წყნარად, აუჩქარებლად და ისეთი ტკბილი სიტყვა-პასუხი და უბრალო ლაპარაკშიც კი ისეთი, თითქო ორატორული საუბარი აქვს, რომ მგონი თავის დღეში არ მოგწყინდებათ იმას ყური უგდოთ. ერთის სიტყვით, როგორც ძველი დარბაისელი თავადიშვილის ლაპარაკი გაგიგონიათ, ისე ლაპარაკობს.”
_ ასე ახასიათებს სტუმრით მოხიბლული სერგეი მესხი შერიფ ხიმშიაშვილს.
_ ქართული ხომ არ დაგვიწყნიათ? – ჰკითხა ვიღაცამ.
_ რა ბრძანებაა, ბატონო, მთელ აჭარაში სულ ქართულს ლაპარაკობენ, შინაობაში სხვა ენას ვინ ხმარობს. მამაკაცებმა კიდევ იციან თათრული, დედაკაცებს კი ქართული სიტყვა-პასუხი აქვთ.
_ წერა-კითხვა, ბატონო ბეგო?
_ მაგაში კი სუსტობენ. ალაგ-ალაგ კიდევ იციან ზემო აჭარაში, მაგრამ სხვაგან ძვირად. მოგეხსენებათ, მედრესეები აქვთ და იქ ოსმალები ოსმალურ წერა-კითხვას ასწავლიან. უფრო დედაკაცებმა იციან ქართულად წერა-კითხვა.
იმ დროს მწვავედ იდგა ბათუმის საკითხი, ევროპის სახელმწიფოებს მისი რუსეთისათვის გადაცემა არ სურდათ.
შერიფს ჰკითხეს:
_ მოისურვებს კი აჭარის ხალხი ჩვენსკენ გადმოსვლას?
_ რატომ არაი, ბატონო!
_ ახლა სულ ახალციხეში უნდა იცხოვროთ, ბატონო ბეგო?
_ მაგი ვინ იცის, ბატონო, საქმეზე ჰკიდია. საცა მეტყვიან, იქ უნდა წავიდე... – ეს რომ თქვა, სინანულით დასძინა, _ ჩვენი სახლობა უბედურია: ამ სამოც წელიწადში სამჯერაა აოხრებული ჩვენო ოჯახი. პაპუაჩემი სულთან მახმუდმა მოიხმო სტამბოლში, მოჭრა თავი და რაც გააჩნდა, ყველაფერი ფაშებმა წაიღეს. მამაჩემი იყო და ისიც მოკლეს. მე სულ ხელ-ახლად დავდგი ოჯახი, მაგრამ ხომ ხედავთ, მეც რა ბედი მქონია: ყველაფერი მივატოვე და წამოვედი.
შერიფმა სიტყვა რომ დაასრულა, მასპინძელმა, სტეფანე მელიქიშვილმა აიღო ჭიქა და თქვა:
_ ესეც ჩვენი მოძმე აჭარლების სადღეგრძელო იყოს!
შერიფს სახე გაუნათდა, სიამოვნების ღიმილი მოერია და ასე მიმართა მასპინძლებს:
_ კაი იქნება, ბატონებო, რომ აჭარლებიც საქართველოსთან იყვნენ შემოერთებული... განათლებაი ეჭირება, ბატონო, იმათ, ამდენი ახალგაზრდა კაცები ხართ, განათლებულები... წადით, გეიცანით, ზოგი აქ მოიყვანეთ, სკოლა გაუმართეთ, ასწავლეთ და ასე უნდა... აბა, რა ძმა ხართ, თუ ისე აბდლურად დატოვებთ.
სადილის შემდეგ შერიფ ხიმშიაშვილმა დაათვალიერა მელიქიშვილის სტამბა, ეწვია ჩარკვიანის წიგნების მაღაზიას, იყიდა 20 ეგზემპლარი ქართული ანბანი, თითო ეგზემპლარიც სხვა ქართული წიგნები და მეორე დღეს, მიხეილ მეფისაშვილთან ერთად, თბილისიდან გაემგზავრა.
გაზ, “საბჭოთა აჭარა,”
16. 11. 1988.
დაბრუნება: 1878-1988
ათი ათასი შვილი გადაურჩინა დედა-ქვეყანას
“გონიერი, მოსწრებული სიტყვისა, გულკეთილი, კეთილშობილი, საყვარელი ხასიათის მქონებელი, სულით და გულით ნამდვილი გურჯი.” _ ასე ახასიათებს ხუსეინ ბეჟანიძეს გაზეთი “დროება.”
იგი ჩაქვის მებატონე იყო, ფრიად გავლენიანი კაცი თავის მხარეში. გაჭირვების დროს მასთან მიდიოდა ხალხი და რჩევას ეკითხებოდა. მის სიტყვას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა და, აკი, ათი ათასი შვილი გადაურჩინა კიდეც დედა-ქვეყანას, მუჰაჯირობას რომ აღუდგა წინ.
აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებამდე ოსმალოს ჯარში მსახურობდა. ციხისძირს რუს-ქართველთა ლაშქარი მიადგა თუ არა, გამათავისუფლებლებს ამოუდგა მხარში.
1878 წელს აჭარიდან თბილისს თექვსმეტკაციანი დელეგაცია ეწვია. მის შემადგენლობაში ხუსეინ ბეჟანიძეც იყო. სტუმრების პატივსაცემად გამართულ სადილზე გრიგოლ ორბელიანს გვერდით (მარცხნივ) ეჯდა და მასპინძლებს კარგადაც დაამახსოვრა თავი – მჭერმეტყველმა, ფრიად განათლებულმა, ერის ისტორიასა და აწმყოში კარგად გათვითცნობიერებულმა ადამიანმა. მან ხომ “მთელი “ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა, კარგი მკითხველი და წესის მცოდნე იყო, პირად მხიარული მოლხინე,” ერთი ნახვისთანავე შეაყვარებდა კაცს თავს.
იმ დროს, როცა აჭარაში მუჰაჯირობამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხუსეინ ბეჟანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ამ შავ-ბნელ მოძრაობას გაბედულად რომ აღუდგა წინ და ოსმალეთის აგენტების მზაკვრული აგიტაციით გონებააბნეული ხალხის სამშობლოსაკენ შემობრუნება სცადა.
“მამულის სიყვარული, თავისი მამა-პაპის მიწა-წყლის სიყვარული ისეთი ძლიერი ჰქონდა, რომ ყოველ თავის გონებას და ღონეს ხმარობდა, ჩაეგონებინა გარეშემო მის მყოფთათვის, რა უბედურება, რა წახდენა მოელოდა ხალხსა თავისი მიწა-წყლის დატოვებით და უცხო ქვეყანაში გადასახლებით.” მისმა და მისთა მსგავსთა შრომამ სასურველი შედეგიც გამოიღო _ “ბათუმის მაზრის ხალხი გადაარჩინა გადასვლას, განადგურებას, ამოწყვეტას, უცხოობაში გადასახლებას.”
ხუსეინის დამსახურება მთავრობას დაუფასებელი არ დარჩენია – მას მაიორობა უბოძეს, 1883 წელს კი პეტერბურგშიც გაგზავნეს. იქ დიდხანს არ დარჩენილა, გზაში გაცივდა, შინ დაბრუნდა და დიდხანს აღარც უცოცხლია, 60 წლისა გარდაიცვალა. მის დასფლავებაზე მისულან ბათუმის გუბერნატორი და სხვა მოხელენი, გაუგზავნიათ ჯარისკაცებიც და დიდი პატივით მიუბარებიათ მიწისათვის.
ნეკროლოგში, “დროებამ” რომ გამოაქვეყნა, გაზეთი დიდ შეფასებას აძლევს მამულიშვილის ღვაწლსა და ამაგს.
“ვერც არავირარი ცრემლი, ვერც არავითარი მეტყველი ენა და კალამი ვერ გამოხატავს შენსა და შენს მსგავსთა ღვაწლს, კეთილო კაცო, უსეინ-ბეგ, რაც საშვილიშვილოდ, საუკუნის მოსახსენებელი, საქართველოსათვის საისტორიოდ საღაღადებელი, ქართული ქვეყნისათვის ძვირფასი საქმე მოიმოქმედე – ასი ათასი შვილი გადაურჩინე დედა-ქვეყანასა,”- წერს გაზეთი.
აჭარის რადიოს გადაცემიდან.
1988.
დავით წერეთელი: წერილები მაჭახლიდან
მშობლიურ უბეში აჭარის დაბრუნების შემდგომ აკაკი წერეთლის ძმა დავითი რუსეთის მმართველობამ მარადიდის მაზრის უფროსად დანიშნა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ერთად, იგი გაზეთ “დროების” კორესპონდენტის მოვალეობასაც ითავსებდა და რედაქციასთან აქტიურად თანამშრომლობდა.
დავით წერეთელი საინტერესო ცნობებს გვაწვდის მაჭახლის ხეობიდან. გვაცნობს აქაურთა ზნე-ჩვეულებებს, ადათ-წესებს, გადმოგვცემს თქმულებებსა და ლეგენდებს, მრავლად რომ ჩაუწერია ხეობაში და ბევრ საყურადღებო მასალას შეიცავს ამ კუთხის ისტორიის ნათელსაფენად.
“მაჭახელა ცოცხალი ისტორიაა საქართველოსი. – წერს დავითი. – იგი მდებარეობს ორ წყალს შუა. მარცხნით მდინარე ჭოროხია, გაღმა მარადიდი, 30 სოფლით. მარჯვნივ აჭარისწყალია. მაჭახელა იყოფა ორი ხედით, ორივე მთებში 26 სოფელია: მაჭახლის პირი, აჭარის აღმართი, სინდიეთი, ცხემლალა, ჩიკუნეთი, ხერთვისი, მინდიეთი, აკრია – მაჭახლისწყლის მარჯვენა ქედზე. მარცხენაზე _ ქობულეთი, კირნათი, გვარა, ქედ-ქედი, ჭანევრი, ქვედა და ზედა ჩხუტუნეთი, გორგაზეთი, საფუტკრეთი, ზედა ვაკე, ეფრატი, ქვაბისთავი; მეორე გვერდზე აჭარისწყლისკენ – ქვედა ხერთვისი, მაღლაკონი, ჭალახმელა, უჩხითი, მილისი, ნამლისევი. აკრია და ქვაბისთავი რომ გათავდება, ტყე იწყება – კორდა და ლეკობანი. მაჭახელაში იქნება 2.500 მოსახლემდე. მათ ჭოროხით ბათუმში ჩააქვთ ხე-ტყე, ვაშლი. დიდი სიმარჯვე და გამოცდილება აქვთ წყალში.
მაჭახელა ავაზაკების ბუდეა. თავის დღით აქ ასში ერთი არ მომკვდარა. კაცის სიკვდილი ქებაა, ძაღლისა ცოდვა. აქ მარტო 30 იარაღის მკეთებელია, აქაური “მაჭახელა” კი ქებულია კავკასიაში.
მარტო აქ 30.000 გამორჩეული მსროლელი გამოვა, მსწრაფმსროლელი თოფებით, და გაბედვით ვიტყვი, რომ ექვსი წლის ნასწავლი ჯარისკაცი ისე ვერ მოიხმარს ევროპულ თოფებს, როგორც ესენი”.
აქ ცოტა სცდება დავითი – ზევით წერს, მაჭახელაში 2.500 მოსახლე იქნებაო. 30.000 მსროლელი რომ გამოვიდეს, თითოეულ ოჯახში, ბავშვებსა და მოხუცებს თუ არ ჩავთვლით, სულ ცოტა, 10-12 მამაკაცი მაინც უნდა იყოს.
დავითის გადმოცემით, თამარის ისტორია აქვს ზედაჩხუტუნეთელ ხოჯას ასლან-ეფენდის, მაგრამ ნახვა ვერ მოუხერხებია. იქნებ, ეს ცნობა საფუძველს მოკლებული არ არის. საჭიროა კვლევა-ძიება. შესაძლოა, ეს ხელნაწერი მართლაც აღმოჩნდეს რომელიმე ოჯახში.
მაჭახლის ხეობა მოფენილია ისტორიული ძეგლებით. აქაურებს წმინდად შემოუნახავთ ძველი ეკლესიები, რომელთა კედლებზე არაერთი წარწერა და ნახატი ყოფილა. დავითი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ აჭარის გათავისუფლების შემდეგ ჩვენებს გამოუძვრიათ ეს ქვები და წაუღიათ _ “ამნაირად, ეს საბუთები ისტორიისათვის და საქართველოს ერთ დროს ძლიერების მაჩვენებელი, ამშენებელის სახელი და მოთხრობა შენახული, ქრისტიანებს ამოუხოციაო”.
დავითს რამდენიმე წარწერიანი ქვა ბათუმში, ქურდიოღლის სახლში, უნახავს. ისინი ფოტოგრაფ ერმაკოვს ეკუთვნოდაო. ერთ ქვაზე დავით აღმაშენებელი ყოფილა გამოსახული _ გელათის მსგავსი ეკლესიის მაკეტით ხელში. ამ ქვების მოძებნა, ალბათ, აღარც მოხერხდება. იქნებ, ერმაკოვის ფოტოარქივში Aაღმოჩნდეს მათი ფოტოასლები.
დავით წერეთელს ჩაუწერია ასეთი გადმოცემა:
ყოველი გაჭირვების ჟამს თამარი მაჭახელაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, აფარებდა თავს. დედოფალს ერთი შვილი ჰყოლია. არაბებთან ომის დროს თამარი ეფრატში წასულა. იქ, კარჩხალის მთაზე, ჰქონია ციხე-გალავანი. თამარს არაბი მეჯინიბე ჰყოლია, რომელიც კარგად უვლიდა ცხენებს და დედოფლის გული მოუნადირებია. იგი შეყვარებია თამარის შვილს, რომელსაც ხშირად ათამაშებდა. ერთ დღეს ისინი ეფრატის ეკლესიის გალავანში ჩასულან და იმ დღიდან არც არაბი და არც თამარის შვილი არავის უნახავსო.
დავითი გვაცნობს თამართან დაკავშირებულ კიდევ ერთ ლეგენდას:
მაჭახელაში მხოლოდ ერთი სოფელი – მაჭახლისპირი ყოფილა, სადაც ზაქარაძეები სახლობდნენ. თამარს ეკლესია ჰქონია კარჩხალის მთაზე. ერთ ღამეს ამ ეკლესიის სარკმლიდან გაუხედავს და ეფრატის მთაზე მოციაგე სანთელი შეუნიშნავს. იგი განუწყვეტლივ ენთო და ყოველ ღამეს მოსჩანდა. თამარმა იმ ადგილზე ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. დედოფალს იმოდენა ჯარი ჰყოლია, რომ კარჩხალიდან გამწკრივებული ეფრატის მთამდე აღწევდა (6 საათის სავალია ცხენით). კარჩხალში რომ პირველი კაცი ქვას აიღებდა, ბოლო ეფრატში ოსტატს გადასცემდაო. ეს ეკლესია რომ აიგო, ახალი სამლოცველოს მშენებლობა ხერთვისში (აქ ორი ხევი ერთვის ერთმანეთს და მისი სახელწოდება აქედან წარმოსდგებაო: ხევი ერთვის – ხევერთვისი _ ხერთვისი), მაგრამ ეკლესიას აშენება არ ეწერა – დღისით რამდენ აგურსაც დააწყობდნენ, ღამით რაღაც ძალას ეფრატში აჰქონდაო. – ამბობს თქმულება. როცა აქ ეკლესიის მშენებლობას მორჩნენ, დაიწყეს საცხოვრებელი სახლების აგება. ხის ჩამონათალი მაჭახლისწყალს ბარისაკენ მიჰქონდა. ნაფოტები ზაქარაძეებმა რომ ნახეს, იფიქრეს, ჩვენს ზევითაც სახლობენო და შეუყვნენ აღმართს. როცა მაღალ მთაზე ციხე და ეკლესია იხილეს, გაოცებულებმა იკითხეს:
_ ეს რაფრათ აგიგიათ?
_ იმფრათ. – იყო პასუხი.
ამის შემდეგ დაერქვა სოფელს ეფრატი (იმფრათი – იფრატი - ეფრატი). – ასკვნის დავითი.
წერეთელი აგვიწერს მუსლიმანურ დღესასწაულ ყურბან-ბაირამს. მას ახარებს ის, რომ მაჰმადიანობის მიუხედავად აჭარლებმა არც ქართული წეს-ჩვეულებები დაივიწყეს – ყოველი რელიგიური დღესასწაული და რიტუალი ქართული სიმღერებით და ცეკვა_თამაშით მთავრდებოდა.
დავით წერეთელი აჭარის ისტორიის მეტად შავბნელ მოვლენას – მუჰაჯირობასაც ეხმიანება და ოსმალეთში მოსახლეობის მასობრივად გადასახლებას მაჰმდიან ქართველებს აბრალებს.
ამით სურს, თავისი და აჭარაში ხელისუფლების მიერ დანიშნული სხვა მოხელე-ჩინოვნიკების ნამოქმედარი გადაფაროს. – თვლის აჭარის დიდი გულშემატკივარი ზაქარია ჭიჭინაძე. იგი დავითს ასე აფასებს:
“ეს ძმა გახლდათ ჩვენის მგოსნის აკაკის და ამასთანავე თაღლითი კაცი, ძმის არამსგავსი, სამხედრო პირი და დიდი გაიძვერა-გაქლესილი, ნაპრისტავ-ნადიამბეგი, რომელმაც თავისი მოქმედებით მაჭახელი შეაწუხა.” ჭიჭინაძის აზრით, დავითის ბრალიცაა, მაჭახლიდან ასობით ოჯახი რომ წავიდა მუჰაჯირად. ეს ცარიზმის პოლიტიკაშიც შედიოდა და აქ მოღვაწე ჩინოვნოკებიც ამ პოლიტიკის აქტიური გამტარებლები იყვნენ, თუმცა, ყველა არა (მაგ. Mნიკო მეფისაშვილი, გრიგოლ გურიელი, თუფან-ბეგი შერვაშიძე, ახმედ-ეფენდი ხალვაში და სხვები).
და მაინც თავად დავით წერეთლის წერილები, გამოქვეყნებული 19-ე საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში გაზეთ “დროებაში”, მაჭახლის ხეობის წარსულზე ბევრ საყურადღებო ცნობას შეიცავს.
1988.
აჭარის რადიო.
ლიტერატურა:
ო. ფუტკარაძე, გაზეთი “დროება” აჭარის შესახებ, ბათ., 1980.
გაზ. “დროება”, 1880 – 1882 წ.წ.
ზ. ჭიჭინაძე, ქართველ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირი – ემიგრაცია, თბ., 1914.
სერგეი მესხი: ქომაგი “ბედისაგან მივიწყებული ძმებისა”
დედასამშობლოსთან დაბრუნების პირველივე დღეებიდან აჭარის საკითხებს დიდი ყურადღება მიაქცია სეგეი მესხმა – წარსული საუკუნის ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ნიჭიერმა პუბლიცისტმა და დიდმა მოაზროვნემ.
სერგეი მესხი 1845 წლის 25 ოქტომბერს, ქუთაისთან ახლოს, სოფელ რიონში დაიბადა. პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა თუ არა, “ახალი ახალგაზრდების”ჯგუფმა, რომელშიც ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები შედიოდნენ, გაზეთ “დროების” რედაქტორად მიიწვია. არჩევანში არც შემცდარან – სერგეი მესხის მეთაურობით “დროების” რედაქცია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ შტაბად გადაიქცა. უფრო მეტიც, “სერგეი მესხი იყო – რედაქტორი ერთადერთი ევროპული ტიპის გაზეთისა, ქართული უნივერსიტეტის სადარი საქმეების გაძღოლა რომ შეძლო გასულ საუკუნეში!” კეთილმა კაცმა თავისი ქონებაც და სიცოცხლეც საერთო საქმეს ანაცვალა.
სერგეი მესხი აჭარით განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული. ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს ეს ძირძველი მხარე მონობიდან თავს გამოიხსნიდა და ქართველი კაცი “ძმას ძმურად მკერდზე მიიყრდენდა.” მამულიშვილი გაახარა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დაწყებამ, რადგანაც მოელოდა, რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი გაიმარჯვებდა და საქართველოს ძირძველი კუთხე – აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდებოდა. ასეც მოხდა და “დროების” რედაქტორმა ახალშემოერთებული ძმების სატკივარ-საფიქრალზე ზრუნვა და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შექმნა მიზნად დაისახა.
ომის დაწყებისთანავე სერგეი მესხმა საბრძოლო ფორმა ჩაიცვა და, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ქართული მილიციის ქვედანაყოფში ჩაეწერა. იგი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოქმედ არმიას, ფრონტის წინა ხაზიდან რედაქციას ომის ვითარების ამსახველ კორესპონდენციებს უგზავნიდა და ხალხს გამარჯვების რწმენას უნერგავდა. მესხი გამათავისუფლებთან ერთად შევიდა ბათუმში – ფეხი დაადგა “დედა-სამშობლოს მოწყვეტილAაჭარის მადლიან მიწას, რომლის შემოერთებაც უდიდეს ბედნიერებად, დაკარგულ ძმებთან ნანატრ დაბრუნებად და ქართველთა ეროვნული ცნობიერების ამაღლების საფუძვლად მიიჩნია.”
სერგეი მესხი დიდად დაანაღვლიანა ომის შემდგომი პერიოდის ბათუმის მდგომარეობამ, დანგრეულ-გაპარტახებული ქალაქი და გაღატაკებული მოსახლეობა რომ იხილა. ამასთან, ქართველ ხალხს ახარებდა, რომ დიდი ხნის დაკარგული ძმები დაგვიბრუნდნენო და იქვე დასძენდა: “რა მოძმეები იქნებიან, რა შემოერთება იქნება, თუ ისინი ჩვენ ვერ გვიცნობენ და ჩვენ იმათ?” და მოწინავე ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა, გაიცნონ ახალშეძენილი ძმები და გააცნონ მათ თავიანთი თავი.
“ჩვენ თითქმის სრულებით არ ვიცნობთ ამ ახლად ჩვენს უბეში დაბრუნებულ მოძმეებს. ვიცით მხოლოდ, რომ ყველა ესენი გამაჰმადიანებულები არიან, რომ მომეტებულ ნაწილს ამათგანს ძველი საქართველოს ხასიათი და ზნე-ჩვეულებანი ჯერაც არ დავიწყებიათ და ასრულებენ, ვიცით, რომ ზოგან იმათ თავიანთი სამშობლო ქართული ენა ჯერაც არ დაკარგვიათ და სხვა არაფერი.” – ბათუმიდან იწერებოდა სერგეი მესხი.
მას ახრებდა, რომ მთელ “ოსმალოს საქართველოს ხალხს, ჯერ კიდევ ქართველი ხალხის ხასიათი აქვს, ჩვეულება და ცხოვრება საქართველოსი.”
სერგეი მესხი მთავრობას ურჩევდა – რიგიანი, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ხალხის ხასიათის მცოდნე მოხელე-ჩინოვნიკები დაენიშნათ აჭარაში, არ შეელახათ ახალდაბრუნებული მოძმეების თავმოყვარეობა, შეემსუბუქებინათ მათი მდგომარეობა. “აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად-შეძენილი ქართველების სარწმუნოებას. ჩვენი ჰაზრი ეს არის, რომ არათუ ძალდატანებით, ტკბილი სიტყვითაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ მაჰმადიანი ქართველების გაქრისტიანებას, გამართლმადიდებლობას... სარწმუნოება სინდისის საქმეა, ერთობ ფრთხილად უნდა შეეხოს იმას კაცი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ მაჰმადიანის სარწმუნოების კაცი გიდგია.” _ მოძღვრავდა აჭარაში მომუშავე ჩინოვნიკებს სერგეი მესხი. მოძმეთა დაახლოება-შეთვისების მძლავრ საშუალებად მას ქართული სახალხო სკოლების გახსნა, ქართული ლიტერატურის გავრცელება და აჭარული ფოლკლორის შეკრება მიაჩნდა.
სერგეი მესხმა კარგად იცოდა, რომ ოსმალთაგან მიტაცებული ადგილების, განსაკუთრებით კი ბათუმის, შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დაწინაურებისათვის, ამიტომაც შეეცადა ქართველი ინტელიგენციის დარაზმვას “დაკარული ძმების” დასახმარებლად.
აჭარელთა დიდმა ქომაგმა განსაკუთრებული სიმძლავრით გაილაშქრა მუჰაჯირობის წინააღმდეგ და მთავრობას მოუწოდა, ამ შავ-ბნელი მოძრაობის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებები განეხორციელებინა. წუხდა მამულიშვილი, რომ მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა მამა-პაპათა მიწას, საცხოვრისს, მონაგარს და ოსმალეთიდან შემოგზავნილი მსტოვრების წაქეზებით დედა-წულიანად უცხო ქვეყანაში მიიბარგებოდა. იქ კი, ვინ იცის, რა ელოდა. მით უფრო დარდობდა, რომ დაცარიელებულ მიწებზე უცხოტომელები სახლდებოდნენ და ქართველობას შთააგონებდა, დროულად შემოეკრათ განგაშის ზარებისათვის. ს. მესხი, სხვა მოწინავე ქართველებთან ერთად, მოუწოდებდა აჭარლებს, არ აჰყოლოდნენ თურქთა შეგონებას. დადიოდნენ Aაჭარის სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ხალხს გადასახლების უაზრობას ჩააგონებდნენ, უხატავდნენ მუჰაჯირიბით გამოწვეულ უბედურებას. მათი აზრით, მუჰაჯირობას ადგილობრივი მოლა-ხოჯები, აღა-ბეგები და მოხელე-ჩინოვნიკებიც უწყობდნენ ხელს. ისინი ავიწროებდნენ ხალხს, ცდილობდნენ, მამა-პაპისეული ადგილებიდან აეყარათ, რომ შემდგომში ამ მიწებით ხელი მოეთბოთ.
მუჰაჯირობას სერგეი მესხი მავნედ მიიჩნევს როგორც საქართველოსათვის, ისე რუსეთისთვისაც, ეძებს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. მისი აზრით, გადასახლების შეჩერების ერთერთი მთავარი პირობაა, ჩავაგონოთ ხალხს, თუ რა მოელით ოსმალეთში და დავანახოთ, რომ საძმოდ მოვედით და არა გასაძარცვავად. პირველ რიგში, ამის მაგალითებს პირადად უჩვენებდა. სერგი-ბეგმა, როგორც მას აჭარაში უწოდებდნენ, თავად ჩაიტანა ქობულეთ-მაჭახელაში ქართველი საზოგადოების მიერ შეგროვილი დახმარება და გაჭირვებულთ თავისივე ხელით დაურიგა. კინაღმ ემსხვერპლა კიდეც ამ ჰუმანურ მისიას. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, მარადიდში ”სამწუხაროდ აჭარლებს რუსი ეგონათ და ნავში მოგზაურობის დროს ჭოროხში დამბაჩაც ესროლა ერთმა აჭარელმა.” მესხი ილია ჭავჭავაძის დავალებითაც ეწვია ბათუმს და პირველი ქართული სკოლის გასახსნელად კარგი ნიადაგი მოამზადა.
1878 წლის 19 ივნისს სტეფანე მელიქიშვილის (“დროების” გამომცემელი) ოჯახში შეხვედრა მოუწყვეს შერიფ ხიმშიაშვილს და მიხეილ მეფისაშვილს – პირველ სტუმრებს აჭარიდან. ამ შეხვედრას სერგეი მესხმა მიუძღვნა ვრცელი წერილი _ “ერთი სადილი შერიფ-ბეგთან,” რომელსაც აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ. სერგეი მესხი დაწვრილებით აღწერს ამ ორი დარბაისელი ქართველის გარეგნობას, მათ ტკბილ საუბარს და აჭარის მომავალზე გულისწუხილს. იმავე წლის შემოდგომაზე აჭარელთა კიდევ უფრო დიდი სტუმრიანობა ახარა საზოგადოებას – 20 ნოემბერს თბილისს, სამუსლიმანო საქართველოდან, თექვსმეტკაციანი დეპუტაცია ეწვია. დ. ყიფიანის ინიციატივით მათ მუხრანსკის სასახლეში დიდი პურობა გაუმართეს, სადაც საქართველოს შვილნი დანაწილებული საქართველოს შეერთებას Dდღესასწაულობდნენ.
“დანაწილებული საქართველოს შეერთება, გამთლიანება, ერთ სხეულად გადაქცევა სერგეი მესხის სანუკვარი ოცნება იყო. მისი ყოველი სიტყვა “ბედისაგან მივიწყებული მოძმეებისადმი” უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი. ამიტომაც იყო, რომ როცა გარდაიცვალა (1883 წლის 21 ივლისი), მთელ ქართველ ხალხთან ერთად, აჭარის მოსახლეობამაც ცხარედ დაიტირა მათი ქომაგი და გულშემატკივარი მამულიშვილი.
“ყოველი ბათუმელი ქართველი ღრმა მწუხარებაში ჩაგვყარა ამ კაცის გარდაცვალებამ.”
“წერა-კითხვის სკოლა უზომოდ მწუხარებს სერგეი მესხის გარდაცვალებას. მასში სკოლამ დაკარგა საუკეთესო მოსარჩლე და კეთილმსურველთაგანი.” – გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნებულ სამძიმრის ამ წერილებს ბათუმელი აბაშიძეები და სხვები აწერენ ხელს.
მადლიერმა შთამომავლობამ ამაგი გაუფასა სერგეი მესხს. მის სახელს ატარებს ხელვაჩაურის რაიონის ჩხუტუნეთის საშუალო სკოლა და ქუჩა ბათუმში. ვფიქრობ. “ბედისაგან მივიწყებული ძმების” უანგარო ქომაგის ძეგლიც დიდად დაამშვენებდა მისგან შეყვარებული აჭარის დედაქალაქს.
ეს წერილი მინდა დავასრულო ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარის, პროფესორ დალი ჩიკვილაძის სიტყვებით, რომელშიც სრული სისავსითაა წარმოჩენილი დიდი ქართველი მამულიშვილის დამსახურება:
“სერგეი მესხი პუბლიცისტური სიტყვით ემსახურა თავის სათაყვანებელ სამშობლოს, ემსახურა მხურვალედ, მოთმინებით, თავდადებით, მუხლმოუდრეკლად. დაუღალავად, შეუბღალავად...”
2008.
ლიტერატურა:
ო. ფუტკარაძე, გაზეთი “დროება” აჭარის შესახებ, ბათ., 1980.
გაზ. “დროება,” 1878-1882 წ.წ. ნომრები.
ქართული მწრლობა, ტ. 18. თბ., 2001.
ზ. ჭიჭინაძე, ქართველ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში – მუჰაჯირი ემიგრაცია. თბ., 1914.