ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

სიჩუმის წინ 

გიცდი და ვიცი, ეს მოლოდინი
გადამექცევა ყულფად თუ თოკად,
მე დუმილმა მშვა, როგორც მგლის ლეკვი,
და ახლა მგლური ალერსით მლოკავს.
ალბათ, არც მე ვარ ასე მართალი
და ეს დუმილიც ბინძურად ტყუის,
მანამდე, ვიდრე ფეხზე ბარბაცით
წამოვდგები და გავაბამ ყმუილს.
ვიყმუვლებ, _ ბედმა კვლავ სიყვარული
ყელში ბურთივით თუ არ ჩამჩარა, _
რომ დავამსხვრიო ღრუბლების ფარდით
ჩამობურული ზეცის ფანჯარა;
თორემ დუმილი მგელივით ბორგავს _
თავისი თავით წელგაზნექილი _
მაწვდის ხმაურის ძუძუს, რომელსაც
ვებღაუჭები უძლურ ლეკვივით,
ვდგავართ ორივე სიმშვიდის ზღვარზე,
ვინ ვის დასჯაბნის _
მე დავძლევ, თუ ის...
და მგლის ლეკვი ვარ, რომელიც მტკივან
კბილებით ძლივსღა იკავებს ყმუილს.

??????