დადგება ჟამი
დადგება ჟამი
და ღრმა წყვდიადი
მეც სასიკვდილოს
მომდებს მარწუხებს,
მე ის მაწუხებს,
რომ ვეღარ ვნახავ:
ჩემი ცის ლაჟვარდს,
ჩემი ველების ყვავილთა ბიბინს,
მზის სილამაზეს,
და გაზაფხულის ჩანჩქერთა სირბილს,
სალამს ვერ მივცემ
ქართველს სალამზე.
რაა სიკვდილი!
მე ის მაწუხებს,
რომ შეწუხდება
შენი პატარა უმანკო გული,
და მე გავხდები იმის მიზეზი,
რომ შენ, რომელიც ასე მიყვარდი,
ჩემით გეწვევა, გულს ამოგიწვავს,
პირველი დარდი.