კვიტატიანი ქეთი
გაზიარება

ორშაბათიდან სწავლა იწყება 

მიკუნტის სამხატვრო აკადემია ლამაზ შენობაში მდებარეობდა. ბაროკოს ხანის დეკორი, კლასიცისტური სიმკაცრე და თანამედროვე სისადავე აქ უფრო გემოვნებით ერწყმოდა ერთმანეთს ვიდრე სხვა რომელიმე ათასჯერ გადაკეთებულ ნაგებობაში. წესრიგი და სწავლბა იყო ისეთი როგორც სიტყვა „აკადემიას“ შეეფერება. საერთოდ, პროვინციულ ქალაქებში საშინლად ძნელად აღწევს სიახლე და შეღწევის შემდეგაც ძნელად შესაგუებელია.

სამაგიეროდ დიდხანს ცოცხლობს ტრადიცია, გასული საუკუნეების პატივისცემა და წინაპარის იდეალი, რაც, რა თქმა უნდა, საამაყოა და მიკუნტელებიც ყოველთვის ამაყობდნენ, რომ არ ჰგავდნენ დიდი ქალაქების „უნამუსო“ ადამიანებს, რომ მათთსავით ბევრი აგრესია და სულელური ამბიციები არ ჰქონდათ, რომ ისევ შემორჩენოდათ შაბათობით ლუდხანებში დაცემამდე სმის წეს-ჩვეულება, ყოველ კვირა დღეს სანადიროდ სიარულის ტრადიცია და მაქმანებით გაქუშქუშებული ტანსაცმლის სიყვარული. სამხატვრო აკადემიის რექტორს, ბატონ პოს, რომელიც დედაქალაქიდან აქ სამი წლის წინ ჩამოვიდა, გულწრფელადა უკვირდა, როგორ ითრევდა ფეხს აქაური მოსახლობა რაიმე ახლის მისაღებად და როგორ არ ბეზრდებოდათ არაფერი ძველი, არც დრომოჭმული, უფრო მეტიც, ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობდა მათთვის. ბატონი პოსთვის აქ ჩამოსვლიდან ერთი კვირის თავზე უკვე ყველაფერი გასაგები გახდა, როცა დაათვალიერა აკადემიის სტუდენტების, ლექტორების, ქალაქში პოპულარული სხვა მხატვრების ნამუშევრები და მოსაწყენი პეიზაჟების, ნატურმორტების, ნატურების პორტრეტებისა და მსოფლიოს ძველი შედევრების კოპიოების გარდა ვერაფერი აღმოაჩინა. „გასაგებია, არავითარი ახლის შექმნის სურვილი!“- თქვა ბატონმა პომ და გაეღიმა, გაეღიმა იმიტომ, რომ პირველად ნახა ასე ერთად, ასე მასიურად, ამდენი გულუბრყვილო ადამიანი, რომლებიც თითქოს მხოლოდ თავის ნაჭუჭში ცხოვრბდნენ და განგებ ხუჭავდნენ თვალს თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს დასანახად. ბატონ პოს არც უფიქრია მიკუნტელების უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად ხალისიანი სიმყუდროვე დაერღვია, მოსწონდა კიდეც ამ ადამიანების განსხვავებულობა და ნება რომ მიეცათ, თვითონაც დიდი სიამოვნებით გახდებოდა ქვეყნის ასე მარტივად, ლამაზად და უპრობლემოდ აღმქმელი. ბატონ პოს სკოლაშიც, ინსტიტუტშიც და მერეც, სულ ასწავლიდნენ, რომ რაიმეს შექმნისას ან აღქმისას მთავარია „პრობლემა“, პირველ შემთხვევაში - დასვა და მეორე შემთხვევაში - იპოვნო. ამ ქალაქმა კი რაღაცნაირად პატარაობაში დააბრუნა ის, სადაც არ ხედავენ, ღიმილს აფარებდნენ, ან უბრალოდ ტირიან პრობლემებთან შეჯახებისას.

 

“რა ბედნიერებაა, ჩვენს დროში, იცხოვრო ფრაზით „მერე რა მოხდა“,“არაუშავს“, ”დიდი რამე”... - ფიქრობდა ბატონი პო და ეღიმებოდა: _ მთელი მსოფლიოსთვის მთავარია, რომ თავი დაიმკვიდროს ახლის გამოგონებით, რომელიც როგორც წესი აუმჯობესებს ეკონომიკას, ცხოვრების დონეს, მაგრამ ნერვებს უშლის ადამიანს, ისე, რომ ის ვერც ამჩნევს ამას, მიკუნტელები კი... ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ, უბრალოდ კარგად იგრძნონ თავი, ალბათ ამტომ არ უშვებენ ახლოს „ცივილიზააციის მახეს“, ის ხომ მზად არის მოიხელთოს და დაამსხვრიოს ყველა ძველი იდეალი... ამიტომაც მაკუნტელებს არასდროს არ მოუვათ თავში აზრი, ფუტურისტების მსგავსად, რომ „მანქანა უფრო მშვენიერია ვიდრე ნიკე სამოთრაკიელი“. 
სამხატვრო აკადემიის რექტორი - ბატონი პო შეწუხებული სახით ათვალიერებდა მის სასაწავლებელში შექმნილ უნიჭო სურათებს, ჩვენ დროისთვის უკვე „უნიჭოდ“ წოდებულს, თორემ სადღაც მეთვრამეტე საუკუნეში ძალიანაც დააფასებდნენ შემოქმედებას რომლებსაც დღეს, მხოლოდ ის ფასი აქვთ, რომ არც თუ ძალიან ძვირფასი ინტერიერების გასაფორმებლად გამოდგებიან. ბატონი პო ღიმილით იღებდა ქალაქელების მიერ ძღვნად მორთმეულ ტკბილეულს და სხვადასხვა სიმბოლოებით დატვირთულ საჩუქრებს, იმიტმ, რომ აზრი არ ჰქონდა ხმის ამოღებას, რამდენიმე გადაკრული ფრაზაც საკმარისი იქნებოდა და ქალაქელები მას იმ დღიდანვე თავმომწონე, ამპარტავან ადამიანად ჩათვლიდნენ, კიდევ იფიქრებდნენ: პომ უარი თქვა ჩვენს საჩუქარზე, ალბათ ეცოტავაო... სიტყვა „ქრთამი“ მათთვის ისევე არ არსებობდა, როგორც ფრაზა „ცუდი ტონია“ ან „შანტაჟი“, დასაჩუქრება და სანადიროდ ან საქეიფოდ დაპატიჟება აქ დამეგობრებას ნიშნავდა და ამ ჟესტებით დამეგობრებულმა ქალაქმა გააოგნა ბატონი პო.

 

 

იმის გამო, რომ სამხატვრო აკადემიის ლექტორები და სტუდენტების მამები მეგობრები იყვნენ, ყველა სტუდენტი, როგორც წესი, მარტივად ირიცხებოდა, მარტივად გადადიოდა კურსიდან კურსზე და წარჩინებით ამთავრებდა ინსტიტუტს. რაც შეეხება ობლებს, ისინი უბრალოდ ეცოდებოდათ გულკეთილ მაკუნტელებს და ამ შეცოდების წყალობით ისინიც ადვილად გადიოდნენ ფონს. ბატონმა პომ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, რამე რომ შეეცვალა, ამისთვის, ლამის ცხოვრების წესის, მთელი მსოფმხედველობის შეცვლა იყო საჭირო, ამიტომ გაჩუმდა...

***
მაგრამ ასე უზრუნველად, თავისთავად და უპრობლემოდ ზღაპრებშიც კი არ მიედინება ცხოვრება და ერთხელ მიკუნტში „ავანგარდული სულითაც“ დაიბადა ერთი ბავშვი. რადგან მშობლები ადრე გარდაეცვალა და წიგნის კითხვაც უყვარდა, მეტი თავისუფლება მიეცა თავისი, ინდივიდუალური ხედვა ჩამოყალიბებოდა და ბოლოს... ნიჭი, რომელიც საშუალებას არ აძლევდა არ შეედარებინა ერთმანეთისთვის მიკუნტელები და წიგნებიდან გაცნობილი მსოფლიო ხალხები, პარალელებმა კი ახალი იდეები დაბადეს... როცა ოცდა სამს მიაღწია, მისი დიპლომის დაცვა მიკუნტის სამხატვრო აკადემიაში, აღმოჩნდა საშინლად სკანდალური, უფრო მხცოვანებისთვის კი შოკისმომგვრელი. 
ამ პატარა გოგონას თავიდანვე შეატყვეს მიკუნტელმა ლექტორებმა რაღაც უცნაურობები.

 

 

მას ყოველთვის ყველაფერზე თავისი განსაკუთრებული შეხედულება და აზრი ჰქონდა და ეს აზრი იმდენად უცხო, იმდენად დამაბნეველი იყო, რომ ვერავინ ეკამათებოდა, შენიშვნას ვერ აძლევდა, მისი თავდაჯერებულობა, მსჯელობის ლოგიკურობა და აზრიანი დიდი თვალები უცნაურად აჩუმებდა ყველას. 
ის კი ეძებდა კამათს, რომ უფრო დარწმუნებულიყო საკუთარ პოზიციაში, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო მხოლოდ საკუთარი, უბრალოდ მსოფლიო გენიოსებს და თანამედროვე ლიტერატურას ის კითხულობდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა, იაზრებდა უფრო მეტად, ვიდრე სხვა და მათ პოზიციას ენდობოდა და იყენებდა კიდეც. 
„გიჟი თავისუფალიას“ პრინციპით მიკუნტელები ცდილობდნენ ნაკლები ყურადღება მიექციათ ამ გოგონასთვის.

 

 

როგორც ობოლსა და უქონელს, ლექტორები რამდენიმე მონასმით აგებულ სურათებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით შემკულ ტილოეშიც უწერდნენ ნიშანს. ყველა ლექტორმა იცოდა რომ ეს არ იყო „მხატვრობა“ თავისი ტრადიციული გაგებით, ყველა ფიქრობდა რომ ეს იყო ჩურჩუტული გადახვევა აკადემისტური მხატვრობის პრინციპებიდან, მაგრამ მაინც გადაყავდათ კურსიდან-კურსზე. გოგონას ნამუშევრების ცქერა, გულის სიღრმეში, თითქოს მოსწონდა კიდეც სხვებზე უფრო ნიჭიერ ზოგიერთ მიკუნტელ ხელოვანს, იყო მათში რაღაც საინტერესო, მაგრამ მიკუნტელი რისი მიკუნტელი იქნებოდა, ნება რომ მიეცა საკუთარი თავისთვის ძველის, ტრადიციულის საწინააღმდეგო მოეშვა ახლოს...
ბატონი პო კი წყნარად და გულმოდგინედ ელოდა შედეგს, ფინალს, რაღაცის დასასრულს, რომელიც ყოველთვის ახლის დასაწყისია და აი, სად აღმოჩნდა ნაღმი, სად აღარ ეყოთ მიკუნტელებს ღიმილი და მოთმინება...
გოგონას სადიპლომო ნამუშევარი მეორე მსოფლი ომს ეძღვნებოდა, რომელიც მიკუნტს დიდად არ შეხებია და ამიტომ არ იყო აქტუალური თემა მათთვის. მაგრამ გოგონა მსოფლიო მოქალაქედ თვლიდა თავს, მას არ ესმოდა მიკუნტელების ჩაკეტილი ცხოვრება, ის თანაბრად განიცდიდა მსოფლიო ომებს, ოზონის ხვრელის პრობლემას, კატასტროფებს, იმასაც , რომ რომის პაპმა ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება დართო, რომ ნიცშესთვის ღმერთი მოკვდა, რომ პაულო კოელიომ უფლის ქალური საწყისი დაინახა, რომ ცივილიზებულ საზოგადოებებში მძაფრად წამოიწია წინ ადამინის პიროვნულმა „მე“- მ და მან დაანგრია ყველა ძველი იდეალი...

 

 

ამ დროს გოგონას ყოველთვის ახსენდებოდა პავლე მოციქულის სიტყვები: „არა მე, არამედ ქრისტე ჩემში“; ახსენდებოდა პრომეთეც, რომელმაც მარტივად შეუძლო „ჭკუით ეჯობნა ღმერთებისთვის.“ ჰო, სწორედ ასეთი ასოციაციები უჩნდებოდა გოგონას, რადგან ეს, კატაკლიზმები სამყაროში და იქ მცხოვრებ ადამიანებში, მისთვის წარმართული ცნობიერების დაბრუნებას მოასწავებდა, რაც მეორედ მოსვლის წინაპირობა იყო. ალბათ ამიტომაც კითხულობდა ხშირად „იოანეს გამოცხადებას“, ფსალმუნებს... ამის პარალელურად კი ის იყო ადამიანი სურვილებით, აეთვისებინა მსოფლო სიახლეები და მათზე დაყრდნობით თვითონაც ეთქვა ახალი. საკუთარ ხელოვნებაში წინსწარ განზრახული მას არც ტრადიციის შებღალვა და არც წარსული ფასეულობების გაშარჟება ჰქონია, ეს უნებურად ხდებოდა ზოგჯერ, უბრალოდ ეპოქა დადგა ასეთი, გოგონამ იცოდა, რომ ცხოვრობდა დროში, რომელიც საშინლად „ერჩოდა“ წარსულს, ცხოვრობდა დროში სადაც მხატვრის ფუნქცია, მხოლოდ ფორმების მეტყველად და შთამბეჭდავად გამოსახვა კი არა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იყო, გოგონა ხედავდა, რომ მთელს ცივილიზებულ სამყაროში ხელოვანი იყო სოციალური მოვლენა, დემონსტრანტი... მეტიც, აქციის ლიდერი, რომელიც თავის სათქმელში ახლებურად და უფრო აქტუალურად სვამდა პრობლემას, და ეს პრობლემა ისე მძაფრად უნდა ყოფილიყო გამოხატული, რომ ადრენალინი აეწია ხალხის მასებში, სხვა შემთხვევაში „აქცია“ დაიშლებოდა და ყველა ადამიანი სხვა უფრო აქტუალურ ლიდერს იპოვნიდა. 
საგნებს ზუსტად და საინტერესო კუთხით, დიდი ხანია უკვე ფოტოგრაფია გამოსახავდა, მხატვრის ფუნქცია კი იყო რაღაც სხვა...

***
ბატონი პო ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა მიკუნტის გარემოში, ამ ტიპის აზროვნების ადამინი ჩამოყალიბებულიყო და თან ქალი. მსოფლიო ცივილიზაცია მამაკაცურმა გონებამ შექმნა, მხოლოდ მეოცე საუკუნიდან წამოეშველა მას დედაკაცი.

 

 

თანდათან, როგორც ჩანს, მამაკაცის საუკუნეებგამოვლილ, გადაღლილ ტვინს ქალის „ცინცხალი“ გონება ჩაენაცვლა და მგონი მშვენიერი კონკურენციაც გაუწია მას. ასე ფიქრობდა ბატონი პო და თან გოგონას სადიპლომო ნამუშევარს ათვალიერებდა.
ეს იყო დიდი ზომის კოლაჟი, სადაც ომის დროინდელი გაზეთებიდან ამოჭრილი მეომრების სახეები, ოსტატურად ერთვებოდა საღებავის ფერად ლაქებს. სასურათე სიბრტყეზე ფერი იყო ისე განაწილებული, რომ უცნაური ფორიაქის, დაძაბულობის, თითქოს საომარი მზადყოფნის განწყობას ბადებდა. წითელ ფონზე ლექსის სტრიქონს მიხატული სტალინის და მეორეგან პალიტრაზე ჩამოკიდებული ჰიტლერის თავები სიმბოლურად, იმ არშემდგარ ხელოვანებს წარმოგვიდგენდნენ რომლებმაც ყველაზე ბევრი სისხლი მოუტანეს მსოფლიოს. წარწერები: „ეგოროვი“, „მოლოტოვი“, ციტატები ჰიტლერის წიგნიდან „ჩემი ბრძოლა“ და სხვა, თემის მშვენიერ ცოდნასა და კარგად გააზრებაზე მეტყველებდა. ბატონი პო კმაყოფილი ღიმილით უცქერდა სურათს, თუმცა ვერ ბედავდა ეს კმაყოფილება რომ შეემჩნია.

***
აქამდე ჰუმანური ლექტორები გააბრაზა გოგონას სადიპლომო ნამუშევარმა. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ რექტორს არ გაეცა დიპლომი და საერთოდაც როგორმე არ გაემხილათ, მიეჩქმალათ ეს სირცხვილი.

 

 

ბატონი პო გრძნობდა რომ სიტუაცია ძალიან იძაბებოდა და ცდილობდა ისეთი განმუმხტველი საშუალება მოეძებნა, რომლითაც „ღიმილიანი სახით“ მოგვარდებოდა ყველაფერი. მიკუნტელებისთვის კი ოღონდ ერთი გაღიმების საშუალება მიგეცა და მერე რაღა გაუფუჭებდათ გუნებას. ბატონ პოს ძალიან მოუნდა არც ნიჭიერი გოგნასთვის დაეწყვიტა გული და არც ტრადიციისა და სიძველის მოყვარე მიკუნტელებისთვის. ამიტომ გოგონა მან აკადემიური პრინციპების დარღვევის გამო საჯაროდ დაააჯარიმა ერთი ცალი ტუმბოთი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს ტყუილად ცვეთდა ექვსი წლის განმავლობაში. რექტორის ამ მოულოდნელმა და ორიგინალურმა ჟესტმა ყველა ისე გაახალისა, რომ გოგონას სამიანიც კი დაუწერეს, გაუღიმეს და და გულშიც ჩაიკრეს (”არ გეწყინოს” - მოტივით). ბატონმა პომ ლექტორებს ნელ-ნელა შეაპარა: ბატონებო სურათი უამრავი ისტორიული ფაქტით და პერსონაჟითაა დატვირთულიო, აქედან ჩანს რომ დიპლომანტს უყვარს კითხვაო, მშვენივრად იაზრებს წაკითხულს და საერთოდაც სწავლა სწყურიაო... ილაპარაკა, ილაპარაკა და დიპლომების დაცვიდან ორი კვირის თავზე, თავისი ერთადერთი ავანგარდი სტუდენტი რექტორმა დიდ ქალაქში გაგზავნა სასწავლებლად.
- ჩამოვა თუ თბილი გული აქვს და მიკუნტელები ვეღარ გაბედავენ უკვე მსოფლიოში განთქმულ მხატვართან დაპირისპირებას.

 

- გაიფიქრა ბატონმა პომ და ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს თვალი გააყოლა...

??????