კვიტატიანი ქეთი
გაზიარება

თებროლე მიდის წყალზედა 

_ რა დრო მევიდა, ნენა რა დრო?!._ ნაღვლიანად თქვა ბებია თებროლემ, თავსაფარი გაისწორა და წინდის ქსოვა გააგრძელა. _ ამ ახალგაზრდებს ყველაფერი თავის ჭკუაზე უნდათ რომ წეიყვანონ. ბეჩა, მე არ ვიყავი ახალგაზრდა თუ რა? ჩუმად შევიდგამდი კოკას მხარზე, თავდახრილი წევიდოდი წყაროზე და თავდახრილი მევიდოდი... გონია მეხალისებოდა? მარა უფროს რავა შეუბრუნებდი სიტყვას?!. უი, შენ გენაცვალე, მოხვედი ბებიკო? აგი, ქალებო, ჩემი შვილიშვილია, ნახეთ რა ბოვში მყავს! ა, ეს იქნება თუ იქნება, ძვირფასი რძალი, ძვირფასი მეოჯახე...

 

ბებიკო, შენ ხო არ დასვამ შენს დედამთილს ჩემსავით და წინდას ხო არ აქსოვინებ? შენი ჭირიმე, შენ გენაცვალოს შენი ბებია...
_არა, ბებო გაგიჟდი?! სად უნდა გავამხილო ჩემი დედამთილი წინდას ქსოვს-მეთქი?!
_ხო, ბებიკო, ხო შენი ჭირიმე!
_მე “სვეტუნია” დედამთილი მინდა, რომელიც გიჟდება უთაუბაზე, ნუ, აფრენს უთაობაზე! არ შეიძლება?!
_კი, ბებიკი, რავა არ შეიძლება, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალოს შენი ბებია, ყველა შენი ცუდი ბებიაშენს ბებიკო! იმან აუთოოს, შენ სამზარეულოში იტრიალე, სახლი დაალაგე, ახლა პაწას თუ წაგეშველება უთოში, რა უჭირს მერე?!
_იცი, კიდევ რა მინდა ბებო?!
_რაი, ბებია?
_რა და ძალიან მინდა ორი გაუთხოვარი მული.
_უი, ეს რა მითხარი, ბებო! მაი შენს გარდა არავის უთქვამს დუნიაზე!
_აქედან ერთი უნდა გიჟდებოდეს სამზარეულოში ტრიალზე, მეორეს კი ძულდეს მტვერი და სულ გაიძხოდეს „დავაწკრიალოთ სახლი“, თუმცა რატომ „დავაწკრიალოთ“, „დავაწკრიალო სახლი!“დედა, რა გადასარევი ოჯახი მექნება, ბებო!
_შენ რა უნდა აკეთო, ბებია, ოჯახში?
_მე, ბებიკო, შევქმნი განწყობას! ჰო, ჩემი მოვალეობა იქნება კარგი განწყობის შექმნა ოჯახში. წავეჭორავები ყველას, კაი ამბებს მოვუყვები, ამასაც ხომ უნდა ენერგია და შეძლება?!.
_ მოგიკვდეს ბებია! დიდუ, ეს რა გევიგე, ეს რა მითხარი შვილო? წყალი ქალებო!
_ ვაი მე, რა გჭირს ბებია, ბებიკო, ბებო...
დაბნეული მეზობლები გარს შემოეხვივნენ ბებია თებრილეს და მოასულიერეს.
_ ძვირდასი რძალი მყოლია მე, ძვირფასი! ეს რა გეიგონა ჩემმა ყურებმა? ნელ-ნელა სულ ფუჭდება გენაცვალე ახალგაზრდობა!
გოგონა ცხვირს აიბზუებს: _ უი მე, რა გესმით თქვენ თანამდეროვე ცხოვრების? – მერე შებრუნდება და წავა.
_ ყველაფერი მესმის მე, ყველაფერი! _ აკივლდება ბებია: _ ეს რა გევიგე ნენა?!. მე წყალს მაინც ვზიდავდი წყაროდან დაუმადლებლად....

 

??????