დათვების მარანში
რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დაასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
აივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
ასეთ სიმღერას მღერიან:
`გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას.