ჯანაშია ნათია
გაზიარება

თერძი მელა 

თერძივარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:
- საქმე თავზე საყრელი მაქვს,
 ჯერ არ შემომლევია.
 
ჩემთან დადის ცხოველების
თითქმის ნახევარია,
ქურქით თავს რომ იწონებენ,
ჩემი ნახელავია!
გვიან ღამით დავამთავრე
წუხელ ლომის შეკვეთა,
ის ფაფარი მე შევკერე,
ამ დილით რომ ეკეთა.
 
მე შევმოსე თბილი ქურქით
ზამთრისათვის დათვები,
სასკოლოდ მე შევუკერე
კენგურუებს ჩანთები.
 
რასაც მელა იკვეხნიდა,
კურდღლებს გაუგონიათ,
ამ ცანცარებს გრძელი ყური
ტყულად არ ჰქონიათ.
 
 გაიფიქრეს, ნუთუ თავად
 ლომმა ანდო ფაფარი?
- ვთხოვოთ კუდი შეგვიკეროს
 თავის კუდის სადარი.
 
მეორე დღეს მელიასთან
რიგი დადგა კურდღლების,
ყველას სურდა დაგრძელება
პაწაწინა კუდების.
 
მელაკუდას უხარია,
ზომებს იღებს ხალისით,
კუდის კერვა რომ არ იცის,
თქვენ გგონიათ განიცდის?
 
ერთ კვირაში დაიბარა
ყურპარტყუნა კურდღლები
და სულ ყველას გამოაბა
მოჯღანული კუდები.
 
- არც ისეთი ურიგოა!
 ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.
- არც ისეთი გრძელი არის,
- არც ისეთი ფუმფულა!
 
 მელაკუდა ანუგეშებს:
- ჩემი საქმის მე ვიცი,
 კუდები გაქვთ სანაქებო,
 ყურთა შესაფერისი!
 
 ციყვებმა რომ ეს გაიგეს
 უჰ, იმდენი იცინეს:
- კუდი აბა რა კუდია,
 თუ ვერ გააქიცინე?

??????