ხორნაული ვაჟა
გაზიარება

ბატთან მეომარი 

ზეზვა ხევსური ბიჭია, 
უყვარს კოშკების მხარე, 
წამოიზარდა, სკოლაში 
ივლის ძალიან მალე... 
დაუდეგარი ვინმეა, 
მართლაც,მთიელის ჯიშის, 
ხან კატას ჩაუსაფრდება 
და გულს უხეთქავს შიშით, 
ხან მამალს ეკინკლავება 
დიდი ზვინების ჩრდილში. 

მაგრამ როდესაც მახლობლად 
ასისინდება ბატი, 
არც მეტი და არც ნაკლები- 
ზეზვა ეზოდან გადის. 

ერთ მშვენიერ დღეს აიღო 
პაპის ნაქონი ხმალი, 
მერე ხევსურულ პერანგზე 
გადაიკიდა ფარი, 
ბატმა რომ დაუსისინა, 
დაუბრიალა თვალი, 
დაიწყო ბრძოლა ფიცხელი, 
უმზერს ქათმების ჯარი. 
ჯერ ბატმა ჩაუნისკარტა, 
ზეზვას აეწვა მკლავი, 
ბატს ხმალი შემოუქნია 
და გაუკაწრა თავი. 

გადაირია მამალი, 
ჩადგა მოჩხუბართ შორის 
და,როგორც იქნა,დამთავრდა 
ბიჭის და ბატის ომი. 

მერე ქათმების კრებაზე 
ხელშეკრულება დადეს, 
რომ ზეზვა დაუმეგობრდეს 
ქათმებს,ბატებს და კატებს. 
ან კატას,ან ბატს,ან ქათამს 
მისი რაიმე მართებთ?! 

შერიგდნენ... 
ახლა ეზოში 
ორი ძმობილი დადის: 
მკლავშეხვეული ზეზვა და 
თავშეხვეული ბატი.

??????