სამნი ერთი ქოლგით
წვიმა ბაღებს აშრიალებს,
მზე ღრუბლებში ჩადის,
ქვაფენილზე დაცვენილა
ყვავილები ატმის...
და წვიმაში, ქოლგით ხელში
მშვიდად მიდის ბატი,
მიჰყავს თაგვი და კურდღელი,
მფარველია მათი...
ორღობეში ჩაიარეს
სამმა ერთი ქოლგით,
სარკმლებიდან უყურებენ
ნინო, გიგა, გოგი.
ახლა მათთვის ეს ამინდი
სულ არაა ცუდი,
წვიმს... მიდიან და სველდება
მხოლოდ თაგვის კუდი.