ჭეიშვილი გიორგი
გაზიარება

მე, კახა და პოსეიდონი  

2005 წლის 31 აგვისტოს ვეღარ დავიხრჩვი,
ამიტომ ამ მინიატურას ვუძღვნი კახას


 
ამბობენ, როცა კაცი კვდება, მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაურბენსო. ახსენდება დედა, ზოგჯერ - მამაც, ახსენდება კბილის ტკივილი, პირველი კოცნა და პირველი ხელფასი, მარწყვის ტორტი, საყვარელი ლექსის ფრაგმენტი... ეს ყველაფერი - დიდი სიაფანტობაა, დიდი სიაფანტობა.
როცა ვკვდებოდი, ერთადერთი აზრი, რაც ჩემს ნათელშუბლიან თავში ჭრიალებდა, იყო - რა მინდოდა ზღვაში, თუ ცურვა არ ვიცოდი. ღმერთო ჩემო, რა იდიოტური და უაზრო სიკვდილია... თან ეს მლაშე წყალიც რომ ნერვებს მიშლის... თან მისი თხლუმპვაც რომ არ მსიამოვნებს... რა მინდოდა ზღვაში...
ჰოროსკოპის თანახმად კუროებს "აქტიური დასვენება" გვქონდა გამოწერილი. ახლა მომცა მაგის შემდგენელი...
არა და, სიცოცხლე ახლა მწყუროდა. უკიდურეს შემთხვევაში, სიკვდილიც შეიძლებოდა, ოღონდ არა ასეთი ტრივიალური. სად გავამხილო, ნაპირიდან ოც მეტრში დავიხრჩვი-მეთქი, სირცხვილი და თავის მოჭრა. ისე, რაც მართალი - მართალი, თავის მოჭრას ნაღდად ეს სჯობია. თუმცა ამ მიგნებას არანაირი შვება და სულიერი სიმშვიდე არ მოუტანია.  ოცი მეტრი მანძილად არასოდეს მიმაჩნდა, გინდ - იქეთ, გინდაც - აქეთ, სულ ერთია. მითუმეტეს, როცა გახსენდება, რომ მზემდე 150 000 000 კმ.-ია.
ნეტა, რატომ არ მახსენდება დედა, პირველი კოცნა ან მარწყვის ტორტი? როგორც მახსოვს, ეგოისტი თითქმის არასოდეს ვყოფილვარ და მარტო საკუთარ თავზეც თითქმის არასოდეს მიფიქრია. თუმცა,  როგორც მახსოვს, აქამდე არც არასოდეს ვიხრჩვებოდი. კიდევ, მაგალითად, მახსოვს, ვფიქრობდი, რა ვითარებაში წავიდოდი ამ ქვეყნიდან... ხელში სროლისაგან დამდნარი ტყვიამფრქვევი, ბეჭზე - დაჭრილი თანამებრძოლი, მარცხენა ფეხში ორი ტყვია, მთვრალი კუს ნაბიჯები. ბოლო გასროლა. სხვა დროს დავამატებდი, ჩემი მტრისთვის იქნა ბოლო-მეთქი, მაგრამ მართლაც ბოლოა. ჩემი მტერი კი ისევ ისვრის, მეც მესვრის. და მომკლა, როცა ჩვენების პოზიციამდე ისევ ის ავადსახსენებელი ოცი მეტრი მრჩებოდა... ალტერნატიული ვერსია: მე და ის ღამით ვბრუნდებით. რა აზრი აქვს საიდან, ან რა აზრი აქვს სად. მთავარია, რომ ოთხი ჩუჩმეკი დაგვხვდა, თავი დაგვაყაჩაღებინეთო. ჯერ მარჯვენა დავამუჭე, მერე ისევ მარჯვენა, მარცხენაც. მგონი, წიხლიც იყო, მაგრამ... მაგრამ ერთმა დანიანმა იმარჯვა. მერე გაიქცნენ და ჩვენ დავრჩით მარტო. მერე იმდენი სისხლი დავკარგე, ისიც მარტო დარჩა და მეც. მანამდე ბევრი მეფერა, უფრო მეტი იტირა, თუმცა... 
სინამდვილეში კი - მე უკანასკნელი მონღოლივით მევსება ფილტვები მარილიანი წყლით. ფილმის ასეთ საცოდავ დასასრულზე, ალბათ, ჰიჩკოკიც თვენახევარი იფიქრებდა.  


ერთი დღით ადრე მცოდნოდა მაინც, მოვემზადებოდისავით. არ დავკლავდი იმ ქათამს, არ დავლევდი იმდენ ღვინოს, უფრო ჩახუჭუჭებულ სადღეგრძელოებს ვიტყოდი, ერთ კარგ, მაგრამ ბოლო, ლექსს დავწერედი, მამაჩემს დავურეკავდი, დედას უფრო მეტ ხანს დაველაპარაკებოდი, იმ გულის მეფეს აღარ ვატარებდი და პრემიაზე გავიდოდი, მის საჩუქარს დაბადების დღემდე ვიყიდიდი და მერე ბიჭები გადასცემდნენ, დიურენმატის წიგნს ჩავიკითხავდი და ჩემებურ ფინალთან შევადარებდი, ბოლოს-ბოლოს კი - ან ცურვას ვისწავლიდი ან ხვალ საერთოდ აღარ ჩავიდოდი იმ შავ შავ ზღვაში. 
იმის გამო, რომ მომდევნო დღის "მარგალიტების" შეცნობის ნიჭი არ მქონდა, წინა დღეს ყველაფერი ზედა წინადადების საწინააღმდეგოდ გავაკეთე, ანაც გამომივიდა. ეეეჰ! ნოიმანის ფონდის საკონკურსო თემის გამო სამი ღამე არ მეძინა. თურმე, მიდი რა, დაიძინე. შედეგებსაც კი ვერ მოვესწარი...
თუ ასეთი უსაშველო-უმაშველო მჭირს და ხსოვნაში აუცილებლად ახლა უნდა გადავსახლდე, ზეციერებას მაინც შევიგრძნობ უშუალოდ. დედამიწაზე მატერიალური სუბსტანტის ფორმით არსებობისას არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ რაც კი ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა მიმართული, ამიტომ ჩემი ბიოლოგიური სიცოცხლის ისტორიულ ცაიტნოტში არ შემეძლო სავარაუდო პერსპექტივების შესახებ არ ჩავფიქრებულიყავი.
ზეციურ სიტუაციაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. საწყალი ჩემი სული... ორმოცამდე სახლში იქნება, მერე, ალბათ, ავა. წარმოიდგინეთ, თუ ყველას სული ამაღლებას ექვემდებარება, რა უწესრიგობა უნდა იყოს ზევით? ან იქნებ, პირიქით. წესით, რადგან სული მაღლდება, მსუბუქია და სადღაც აირადიც. შესაბამისად, იქ არ იქნება ქარები, რომ არ დაფანტოს ან თავის ნებაზე არ აფრინოს უკვე ისედაც გარდაცვლილები. ფიქრიც არ მინდა იმაზე, რომ დახრჩობისთანავე ყველაფერი დამთავრდება, ანუ მერე რომ ზეციური გაგრძელება აღარ იქნება, მერე რომ ვერაფერს შევიგრძნობ. ამ უსამართლობას უფალი არ დაუშვებს, მე ტყემლის ნორჩი ყვავილი ვარ, მარტის შტერულმა სუსხმა რომ მოუსწრო. ბოლო-ბოლო ჩემი ცოდვებისათვის მაინც მაგებინონ პასუხი. ოღონდ, ერთი რამე ყველამ იცოდეს, მაშინ ფატიმასთვის ბესოზე მე არაფერი მითქვამს, დედას გეფიცებით და ამ პუნქტისათვის პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვაპირებ. ცოდვები ისედაც მყოფნის. ჩემი ადამიანად ფუნქციონირების პერიოდში ყოფიერების მრავალ სფეროში გადამიხვევია მართალი გზიდან, მაგრამ გენერალურად - თითქმის არასოდეს. ისე, არც ისეთი ცუდი ვარ, უფრო სწორედ, არც ისეთი ცუდი ვიყავი, როგორც ერთი ზერელე შეხედვით ჩანდა. მართალია, ცეცხლწაკიდებული სახლიდან მეზობლის ბავშვი არ გამომიყვანია, ან ტოტალიზატორში მოგებული შეჭირვებულთათვის არ დამირიგებია, მაგრამ კეთილი საქმეებისათვის მეც ვიხარჯებოდი. ჩემი ცხოვრების წიგნში "ზეციურ კანცელარიას", ალბათ, ყველაფერი აღრიცხული ექნება. სხვათაშორის, ამის იმედი მაქვს და არ გამიკვირდება დადებითი ბალანსიც რომ აღმომაჩნდეს. აუ, ხე იყოს ნეტა სადმე, სამჯერ დავაკაკუნებდი. არადა, ირგვლივ, თითქოს ჯინაზე, მხოლოდ ეს სველი მარილიანი წყალია. ისე, ზღვის მარილი იოდიზირებულია? ქვა მარილთან შედარებით, უპირატესობას ყოველთვის იოდიზირებულს ვანიჭებდი. ჩიყვს უხდება. ახლა კი - ჩიყვი მკიდია. გამოთქმისთვის ბოდიში, მაგრამ მჯერა, ამ სიტუაციაში გამიგებთ.
მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი დაბადების დღეები. რა თქმა უნდა,  არა იმიტომ, რომ წლები მემატებოდა, რასაც მოარული ხმების თანახმად, ვითომ, დაჭკვიანება უნდა მოჰყოლოდა. ორი მიზეზი იყო. ერთი - მერკანტილური - საჩუქრები. მეორე - ამ დღეს განსაკუთრებულად კარგ რამეებს მეუბნებოდნენ, მისურვებდნენ და მხოლოდ სიკეთეებს იხსენებდნენ. ამ დღეს ჩემი თავი მეც კი ანგელოსი მეგონა. ასეთი კეთილი, ნათელშუბლიანი, ზღაპარი პერსპექტივები, ასეთი ჭკვიანი... რომელიც სიცოცხლის ბოლო წამებს ხელების უაზრო ქნევაში ატარებს... წესით, გარდაცვლილებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან საერთოდ არაფერს. დიდებული ჩვეულებაა. ჩემი გასვენებაც დაბადების დღის ფორმატში ჩაივლის, ოღონდ საჩუქრების, ცეკვა-სიმღერისა და ამნაირების გარეშე. სამაგიეროდ, ლამის წმინდანად შემრაცხავენ. არადა სამადლობელი ყოველთვის მშვენივრად გამომდიოდა...
მახსენდება, ბუნებით მოუსვენარი ვიყავი, ძილის დროს - ორმაგად. საწოლი ჰექტარნახევრიანიც რომ ყოფილიყო, მაინც გადმოვვარდებოდი. ერთხელ ვიხუმრე, დრაკულასავით კუბოში უნდა ვიძინებდე-მეთქი და... ერთ კვირაში ამიხდება. ამ მხრივ ნაღდად დავისვენებ. მე ასეთი ვარ - ყველაფერში პოზიტივს ვეძებ. არადა, ქრონიკულად არ მიყვარს ძილი, უფრო ძლიერ - უძილობა.  დათვებს დავცინოდი. ისინი სამი თვის შემდეგ მაინც გამოიღვიძებენ...
მაგრამ კახას წყალობით ამ გამოსამშვიდობებელ მინიატურას განვრცობა არ ეწერა... არა! ოღონდ "წყალობით" არა...
მაგრამ კახას მეცადინეობით ამ გამოსამშვიდობებელ მინიატურას განვრცობა არ ეწერა. 
ის ჩემი მეგობარია და როცა მისი მეგობარი უკვე პოსეიდონს ვეკურკურებოდი, თვითონ ნაპირზე ჭყუმპალაობდა - ქვიშის ციხე-სიმაგრეს ჩრდილოეთის კედელს უშენებდა. ძალიან სენტიმენტალურია, როცა დამინახა - შევეცოდე... შემდეგ, პირველი რაც ხმელეთზე მითხრა, იყო - "ვიცი, ბევრჯერ ვინანებ ამას, მაგრამ...". ხომ ვთქვი, სენტიმენტალურია-მეთქი. 
მე კი, მისმა გულჩვილობამ ყველაფერი, რაც აქამდე დავწერე, წყალში ჩამიყარა. არა, არა! ოღონდ "წყალში" არა, რა...

??????