ბერეთელი ნუკრი
გაზიარება

შენ და... არავინ  

სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;
რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,
რომ პირში მაინც არ ვაგინო მიშას თუ მიშელს;

მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვა
რომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,
სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,
ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_

მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.
შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.
მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავს
და სულში შენ ხარ, 
                            შენ ხარ,
                                      შენ ხარ,
                                              შენ და... არავინ.

??????