ბერეთელი ნუკრი
გაზიარება

დედა მაპატიებს  

შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,
ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.

თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,
(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)
ვხედავ ნეგატივებს... და ეს შეჩვენებაც
ვფიქრობ, ლოცვებია თოვლში გარეული.

ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,
ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!
სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,
გულო, არ მგონია დიდხანს აუხვიდე.

ყალბი ტკივილებით ჰაერგაჯერებულ
ქალაქს როგორ გინდა რამე დააჯერო?
როცა ყველა გხედავს მზეზე გაჩერებულს,
შენ კი ჯურღმულებში ჭინკებს დააჭენებ.

მეტად ცოდვებისგან ვეღარ დავმძიმდები,
ვეღარ შეგინახავ სხეულს ნაპატიებს.
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით.
დედა მაპატიებს...

??????