ლეკიაშვილი ლექსო
გაზიარება

ბებრები 

ტკივილმა გული კვლავ მიიზიდა,
ვიღაც წარსული დღეებით ხარობს,
საკინძის ღილებს იხსნის იზიდა,
რითმებს სახეში ნუ მაყრი, ქარო!
მოენატრებათ შვილები ანცი
და საუკუნეს, წამებით ნაქსოვს,
მწარე ღიმილით გახედავს კაცი
და ქალიც ჩუმად ჩურჩულებს - გახსოვს?

***

ღამეებს ალბათ ფიქრებში ათევ,
თვალებს ასაკის აჩნიათ დაღი
და ხილაბანდის ჩარჩოში ვატევ,
როცა ხელებში გეჭირე ბალღი.
შენ აირეკლე მზის ათინათი,
უგნურმა ბედმა შუბლი დაღარა,
შენ ალბათ მზესაც სჯობდი, თინათინ,
მაგრამ დაბერდი!.. მზე კი აღარა!..
შენ მზეს ისევე სჯობიხარ, ამინ!
და მეც ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ:
შენ შვილიშვილი სამი გყავს, სამი,
მზეს კი არცერთი არა ჰყავს, ბაბო!

***

გული _ უცვეთი, გული _ მედგარი,
გული _ ობლობის ცრემლით ნაბანი,
გული _ ჩახმახი, ფეხზე შემდგარი
და გატენილი, როგორც ნაგანი.
მერე _ ცხოვრება _ პანდორას ყუთი _
ყმაწვილურ მზერით გადასერილი,
ორმოცდაერთი-ორმოცდახუთი,
მერე ფრონტიდან ძმების... `წერილი~.
თვალებს ერჭობა ცრემლები _ ხიწვი,
ჭაღარა თმები მოჰგვანან ლამპარს,
ჩვენს სიყვარულში ყოველდღე იწვი,
შე უსამართლოდ დასჯილო პაპა!

***

მოენატრებათ შვილები ანცი,
განვლილ ცხოვრებას, წამებით ნაქსოვს,
მწარე ღიმილით გახედავს კაცი
და ქალიც ჩუმად ჩურჩულებს _ გახსოვს?
ამ დროს ეშმაკიც ვეღარ ქირქილებს,
შენც გაიზარდე, უღელო ხარო,
იზიდა იხსნის საკინძის ღილებს,
საწუთროვ, რარიგ უძლური ხარო!

??????