წერეთელი აკაკი
გაზიარება

„რაცხა“ 

ივანე მალხაზის ძე თ.დ. ანდრონიკაშვილს, ახალციხისა და ჩოლოყის გმირს, რომელიც, სამხედრო ნიჭის გარდა, შესანიშნავი მეოჯახეც იყო, და დიდძალი ქონებაც შეიძინა, უთხრეს:

- შენისთანა ყოველისფრით სავსე ოჯახი საქართველოში არავისა აქვსო. იმან გაიღიმა და სთქვა:

- ჩემი ოჯახი კი არ არის სავსე, სავსე ამ ჩემი მეზობლის დავითის მამის ოჯახი თურმე ყოფილა, რომ მისი შვილი აგერ ორმოცდაათი წელიწადია ანგრევს და ვერ დაუნგრევია და მე კი ვაშენებ და ვერ ამიშენებიაო.

ამისა არ იყოს, მართლა რომ ყოლიფრით სავსე ყოფილა ძველი საქართველო, თვარა, შვიდასი წლის განმავლობაში გარეშე მტრებისას და ასი წლისაში შინაურ მოყვრების მუსრს როგორ გაუძლო, რომ დღესაც კიდევ ეტყობა სასიცოცხლო ნიშან-წყალი? მაგრამ „ღმერთი არ გასწირავს კაცსა, მტრისგან განწირულსაო“. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა და ღვთისმშობლის წილ-ხვედრი ყოფილა და ღმერთიც ბრძმედში ატარებს, რომ რკინა-ხალხი ქარ-ცეცხლში გამოაფოლადოს! და მაშ, ჩვენც უნდა გულგატეხილად, მოთმინებითა და მორჩილებით ავიტანოთ იობის განსაცდელი, რომ საბოლოოდ, იობისა არ იყოს, მატლი მადლად გადაგვექცეს.

და რომ ასეც იქნება, ამისი თავდები არიან, რუსთველები, ვახტანგ-ბაგრატ-დავითები, დიდი მოურავები, ნანო-თამარ-ქეთევნები და მსგავსნი მათნი!.. რას გადმოგვცემენ? და რას გვამხილებენ? - ის აღარა ვართ, რაც ვიყავითო? დიახ, მართალია!.. მაგრამ არც ის არის ტყუილი, რომ მაღლით საიდუმლო ხმა ჩაგვჩურჩულებს: „ვისაც მოუკლავს, ის მოჰკლავს ნადირსა შავი ტყისასო“. და თუ პირველი სიმართლე გულს გვიტეხს, მეორე სამაგიეროდ გვიმართლებს და დამჭკნარ ძარღვებში, ოცნებით ამაჭრებულ სისხლს, როგორც ჭაბუკობის დროს, გვიდუღ-გვიჩქეფს. და ჩვენც მზადა ვართ სისხლ ოფლად დავიწუროთ ქვეყნის გულისათვის, ხატის სანთლად დავსდნეთ, დავიწვათ და გუნდრუკადაც აღმა ვეკმიოთ ღირსეულ წინაპრებს.

თუ კი მოხუცებულნი ამას გრძნობენ, მაშ რაღა უნდა იგრძნონ იმ ახალგაზრდებმა, რომელნიც ქართველად გამოიზდებიან, ესე იგი, - ქვაკუთხედად ედებათ სახარება და თავზე გვირგვინებად ედგმებათ „ვეფხის-ტყაოსანი“?.. მხოლოდ ამ ორ წმინდა სააიაზმოში ჩაყენებული დედის რძე შეერგება ჩვენ შვილებს! ამას მოველით და რომ მომავალი არ გვატყუებს, ამის ნიშნებს აქა-იქ დღესაც ვხედავთ.

„ოცნება! ოცნება. ნაძალადევი სურვილ-ნდობის წარმოდგენილი მოჩვენებაო! - გაიძახიან მტრები. ნამდვილი კი სულ სხვას გვიჩვენებსო!“

უნდა დაგვაჯერონ და მათი მეთაურებიც, იუდეანნი წვერცამეტაშვილები თამამად გაიძახიან:

- მგოსნებო! ნურც თქვენ თავს იტყუებთ და ნურც თქვენ მიმყოლებს აბრიყვებთ! ის ედემის ხე, რომელსაც თქვენ უგალობთ, ამიერიდან ვეღარ იხარებს, და სამაგიეროდ სხვა უნდა დაირგოს! ნუ თუ ვერა ხედავთ ამ გამხმარ ღეროს და დამჭკნარ შტოებს?!.

- ვხედავთ! როგორ არა ვხედავთ, მაგრამ ჩვენ კიდევ სხვა რამესაცა ვხედავთ ზედ-მეტად... მტრული თვალი იქამდე ვერ მიაღწევს, სადამდისაც ჩვენი მოყვრული თვალი სწვდება. ჩვენ მაგის ფესვებიც გათვალისწინებული გვაქვს. მაგრამ არიან გამჯდარი უჩინრად!.. ძალღონე არ მოკლებიათ და არც მაგ ფესვებს ძირზე ამონაყარ ღერო-შტოებს შეეხება, ხმებიან და არა თუ ნაყოფს დროებით. ყვავილსაც ვეღარ აღებენ რიგიანად.

და ვისი ბრალია?

- მათივე!

აიაზმის წინ რომ ნაღველ-შხამითა და საწამლავით ასხურეს ძირიანადმ ამოსაგდებად. მაგრამ, ამაოდ, ვერ უწია ძირამდი მათმა ნასხურმა! გახმა მხოლოდ აქა-იქ შტო და ეს მაინცა და მაინც დიდი არა არის რა!.. იმათ ჩვენ თვითონ ჩვენის ხელით გადავსხეპავთ, მათ ნაცვლად ახალი შტოები ამოიყრიან და ერთად დანარჩენებთან გამოიღებენ ყვავილ-ნაყოფს.

- აი კიდევ ოცნება! თქვენ ქადილს რომ ძალაც თან ახლდეს, სიტყვას რომ საქმეც გიმტკიცებდესო, მაშინ კიდე ჰო, მაგრამ რა ძალითა და რისი იმედით? წვეთით ზღვას ემუქრებით?.. ვერა ხედავ შენიანებსვე? შეუგნიათ ჭეშმარიტება და ჩემ აზრზე სდგანან...

- იძულებული არიან, რომ იდგნენ!.. ეჰ, ასე თუ ისე მართალია, დღეს ძალა თქვენ ხელთაა; თქვენ გემხრობიან დღევანდელი ჩვენი ნინოები, ქეთევანები, თამარები, გიორგები, ეფთიმეები, დიმიტრები და სხვანი!.. ბრძოლა უთანასწორო იქნება. ადვილად შეგიძლიათ ცხვირში სისხლი წაგვადინოთ! მაგრამ მაგას არ შევუშინდებით! კარგად ვიცით, როგორც ხორცს წმიდა წყალი ეჭირვება, გასაბან-გასაწმენდად, ისე სულსაც უმანკო სისხლი ეჭირვება გასასპეტაკებლად, მის მაგალითი გვიჩვენა თვით ქრისტე მაცხოვარმა, რომელმაც ღვთიური სისხლი დაღვარა ადამის ტომთა გამოსახსნელად. ჩვენ შევიმუსრებით დღეს, როგორც უძლური თქვენთან ბრძოლაში, მაგრამ ყოველი წვეთი ჩვენის სისხლისა გამოიწვევს მომავალში სიმართლისათვის თავდადებულ მოღვაწეთა რაზმებს. ამას ციური ხმებიც გვიმოწმებენ!.. თქვენ თუ დღეს მხარს გაძლევენ აქ ჩვენი მთაუწმინდურები, ჩვენც იქიდან, მაღლით, ჩამოგვძახიან მთაწმინდელები. თქვენ თუ გაგულიანებენ, თავაშვებულები, ჩვენც საიქიოდან გვანუგეშებენ დიმიტრი-თავდადებულები. დღეს თუ თქვენ ფერხულში არიან ჩაბმული დღევანდელი თამარ-ნინო-ქეთევანები, ჩვენ მაღლით ნათელსა გვფენს თამარ-ნინო-ქეთევანის სამაია და მათის ლოცვა-ვედრებით გამოწვეულს ცრემლებს ზეციურ წვეთებათ აფრქვევს მომავალ დედათა ნორჩ გულს, რომ გაამრავლოს მომავალი აღმზრდელი დედები.

- ეგეც კიდევ ოცნება, - გვეუბნებიან მტრები, - ეგ რაღაც სანუგეშო ნიშნებია, დღეს დავინახავთ აქ, ცოცხლებში, საიქიოსაკენ რომ მკვდრებს ეპოტინებით! აჰა, თქვენი ახალთაობა!.. მოგწონთ, სჯერდებით?!

- თუ დღეს არ მოგვწონს, ხვალ მოგვეწონება. მაგათი ახლანდელ არა სასურველ მოქმედება-მოძრაობაში, სამარადისოდ გულის გასატეხს მაინდა და მაინც ვერასა ვხედავთ. ბუნების კანონს ვერავინ აიცდენს. დიდი ხნიდ ნამძინარევი რომ უცბად გამოიღვიძებს, ჯერ სანამ კარგად გამოიფშვნეტდეს თვალებს, ერთთავად მიშუქებული ნათელს ვერ უმართავს თვალს, გარკვევით ვერ ხედავს, ვეღარ არჩევს შავსა და თეთრს და მოძრაობის დროსაც ბარბაცობს და აქეთ-იქით ეხლება გამოურჩევლად მტერსა და მოყვარეს, მაგრამ ეს ხან-მოკლე თავბრუა. გამოიფხიზლებს და სწორ-გზას დაადგება... ჩვენი ახალთაობაც იღვიძებს და ამიერიდგან თქვენი მომხიბლაბი „ნანინა“ ძილში ვეღარ ჩააგდებს, სანამ სხვა სიმღერაც ესმის - „აღსდეგ, გმირთა-გმირო, ნუ გძინავსო“ და სხვანი... თითო ოროლა მერცხალს, გაზაფხულის მახარობლად მოფრენილსა, დღესაც ვხედავთ

??????