ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

სადიდმარხვოდ 

ამ დალოცვილს დიდმარხვას რომ საუბარი შეეძლოს, უთუოდ დიდს სამდურავს შეუთვლიდა და არც წყევლას დააკლებდა მარხვაჭამიებს, რომელნიც უფრო ბლომად მოიძებნებიან ქალაქ ადგილებში, მანამ სოფლად. სოფელს ჯერ კიდევ ძველი სუნი მოსდის და მამა-პაპათ ანდერძი არ დაუვიწყნია. ძველად, ხომ ვიცით, მარხვას დიდის პატივისცემით ეპყრობოღნენ და ეხლაც ისევ დალოცვილი ლობიო, მახოხი, ღოლოს საჭამაბდი და სხვანი მრავალნი მცენარეულნი საჭმელები არიან, დიდმარხვის პატივსაცემლად დამზადებულნი. ქალაქ ადგილას კი ყველა საზოგადოდ ჩვეულებისაგან აკრძალული საქმე ადვილად ჩასადენია კაცისაგან, ხოლო სოფელში ყველა მალე გაიგებს ავს საქმეს და ავის თვალითაც შეჰხედავენ. ამის გამო, სიმართლით უნდა ვსთქვათ, სოფელშიაც ბევრი ძალად წმინდანობს, თორემ გაგიხარიან, რომ ისინი, თუ თვალი იცდინეს და ერთი დასტური დასცა საზოგადოების შეხედულებამ, ყელს ჩაიპოხებენ. მე რომ ზოგ-ზოგი მსუნაგი დიაკვანი ვიცი, აბა ის რას არ წაატანს ხელს ღორის ლურთ-ლურთ ნაჭრებს, - პატივი მარხვას და უკაცრავად მარხულებთან, - ინდაურის კანჭს, დედლის გვერდებს, ჯამში ჩაბუჟბუჟებულს ბოზბაშს, რას არ ამოუჯდება გვერდში.

თქვენ გგონიათ, მარხვისა არ ეშინიან იმას? არა, ეშინიან, მაგრამ მუცლის ამოძახილი სთრგუნავს ხმას შიშისას და კაწკაწი კბილთა აბათილებს ძალსა სულისასა. რა ვუყოთ. განა ლოცვა-წირვა კი ეხალისება, მაგრამ მოვალეა ილოცოს; მანამ მარხვა დადგებოდა, იღლიაში ჯოხამოჩრილი დასუნსულებდა სოფელში, იგები რასმე სასმელ-საჭმელს, ან სანოვაგეს წავაწყდე და ერთი კარგად გამოვიბრუჟოვო და ეხლა, როცა დიდი მარხვა დადგა, თუ არ წავიდა საყდარში, ქისტის-კვრით წაიყვანენ. გაისმის მწუხარე ხმა ზარისა და მიდის ისიც საყდარში წელმოწყვეტილი. ფეხებს ძლივს მიათრევს და დიდმარხვის ჯავრს ჟამნ-დავითნზე იყრის. გაგიხარიან, ის სხაპასხუპით გაუსვამს და ადგილ-ადგილ შეუმაღლებს ხმას შეტევით; ერთს კი გაიგონებთ: „უფალოვო“, რომ წამოიძახებს გაჯავრებული, და შემდეგ გესმით მხოლოდ - ფალო, ფალო, ფალო, ფალო!.. სად არის კაცი და პატრონი უთხრას „ფალო კი არა, უფალო, უფალო, დაგიდგეს, შე მსუნაგო, თვალი! წაიკითხე, როგორც წესი და რიგია! გაგვაგებინე, რას გვასწავლის უფალი; სულ ბოზბაშისა და ღორის ლურთები ნუ გაგონდებაო“.

აბა, რა სასოება უნდა აღუძრას ამან იქ, რომ გასათხოგარი ქალები სდგანან და ბიჭებისაკენ თვალი მიურბით...

დიდმარხვისთვის და ლოცვა-წირვისათვის ღმერთმა დალოცოს ისევ მოხუცებულნი, რომელთაც პირი სამარისაკენ უქნიათ, ვნებანი დაჰხშობიათ და ეხლა სულის მოგებაზე დამდგარან, რათა შეინანონ ყოველნი ცოდვანი თვისნი ნებსითნი და უნებლიეთნი და წარსდგნენ პირნათლად სამსჯავროსა მას ღვთისასა. ისინი თუ გამოისყიდიან დიაკვნისა და ახალგაზრდების ცოდვათა, თორომ სხვა არავინ...

დაიწყება აღსარების თქმა და მსუნაგი დიაკვანი ჩუმ-ჩუმად ყურს ადებს საყდრის კარებს, გავიგონო, შევიტყო რამ საჭორაკუდაოვოო...

კიდევ ბოდიშს ვითხოვ მარხვასთან და თქვენთანაც, მარხულნო, მაგრამ რომ მარხვის საკადრისი არ არის ტყუილის საუბარი, ამიტომ მეც სიმართლეს მოგახსენებთ. მაშასადამე, სიმართლისათვის ნურას უკაცრავად.

კუჭის მარხულობა რაც არის, არის, ღმერთს გაუჩენია, თუ წმინდანთა დაუდგენიათ, ჩვენის სჯულის გვერდად უნდა ავასრულოთ. მაგრამ თუ ვინმე გონების მარხულობასაც შემოიღებდა. ის კი სწორედ მოგახსენოთ, ჩასაქოლავი იქნებოდა და ყოველი ქრისტიანი მოვალეც გახდებოდა პირველად იმას ეკრა თავში ლოდი იმ ახირებულის კაცისათვის. მაგრამ რას ვამბობმ ჩვენში ხომ გონებას უფრო ამარხულებენ, მანამ კუჭსა, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ორივეთი მარხულნი ვბრძანდებით: გონებითაც, კუჭითაც. თუმცა, ხანდახან, მართალია, ვიძახით და ვიმღერით:

სანამ ცოცხალ ვარ, ესე ვიქ,
ვახარებ ცემსა იასა;
მოვკვდები - გაუხარდება
სამარის კარსა ჭიასა-ო.

მაგრამ, მაინცდამაინც მარხულნი ვართ კუჭითა და გონებითა. ვინ ვის უნდა სდრუზოს თავში ლოდი, ვინ ვინ დასაჯოს, ვისი ჯავრი ამოიყაროს, - ეხლა თქვენ გაასამართლეთ! საით გაიხედავთ, ვისა ჰბაძავთ, რომ გონებით არა მარხულთბდეს?! უმრავლეს ნაწილს ჩვენის ერისას შემოუვლია უმეცრების გალავანი გარშემო და აღარ უნდა იმ გალავანს იქით გადაიხედოს. მცირე ნაწილი რომელსაც ერთს დროს უსწავლია რამ, დღეს გონების მარხულობას მისცემია, გლეხკაცობა უფრთხის სკოლას, სწავლას, იმიტომ, რომ მისი გემო არ იცის; გაიგო, ვინც იმის წრიდამ გამოსულმა ისწავლა რამ, ხალხს არ გამოადგა, არაფერი არგო, წავიდა ისიც, გაიძღო კუჭი და დაიწყო, მიჰყო ხელი გონებით მარხულობას. კეთილშობილთ ისტორიულად მოპოვებული ძალა რა დაჰკარგეს, სხვაგან მოძებნეს ეს ძალა, რომ კიდევ რამე მნიშვნელობა ჰქონოდათ ხალხში და თვითონ სწავლასაც, რომელმაც ვითომ ჩამოჰყარა უფლება, მრუდეთვალით შეხედეს. ამიტომაც ეჭვიანის თვალით უცქერიან ჟურნალ-გაზეთებს და ხელში ასაღებად ეჯავრებათ: მაგეების კითხვა ყარტა-ყურტა ხალხის საქმეაო...

გონების მარხულობას სულის მარხულობაც მოსდევს, რასაკვირველია. სული დარჩენილია ობლად, უპატრონოდ, აღარაფერი არ აფრთოვანებს მას; დალპობას აპირობს, ურწმუნო ხდება. უსაგნო, უხეირო, უკეთური, უგერგილო.

სული სტიროდა ბედკრული
ნაოხარს გონებაზედა:
„ერთხელ როგორ არ იფიქრებ
მაგ შენსა მონებაზედა.
თავი დასჩაგრე, მეც მჩაგრავ,
მიმეც ლაფსა და მწურესა;
წამწყმიდე, გადამისროლე
ბნელს ჯოჯოხეთის ყურესა.
ძნელია, როცა ორივეს
პატრონი არა ჰყურებსა.

სული და გონება მარხულობს-მეთქი, და ერთი რამ არა მარხულობს. ამიცან და რა არი? - ჩვენსა რო ქანდარაა - ის არი სწორედ. დაილოცე, ქანდარავ. შენ ენა გქვიან, ერთი შენ არა ჰმარხულობ ზოგ-ზოგის პირში, თორემ ზოგის პირში ხომ სამუდამოდ დაუწყევიხარ სამარხულოდ ღმერთსა, გამჩენსა მარხვისა და ხსნილისას, - დაუწყევიხარ, როგორც ტანტალი მშიერი და მწყურვალი შუა ზღვაში. შენს თავზედაც, როგორც იმ ღმერთთაგან შეჩვენებულის თავზედ, ჰკიდია პური და ღვინო, ყურძნის მტევნები, ეწვდები საჭმელად და მიგირბის ხელიდამ მაღლა; დაბლა წყალს ეწვდები სასმელად და ფეხებიდამ მიგირბის ისიც. გიფრთხება, არ გესმეინება; ვინა ხარ შენა და რა გქვიან სახელი? - ბეჩავის კაცის ენა. აი, რას იმღერის ეს ბეჩავი ენა:

საცა მე ვსცხოვრობ, წყალი სდგას,
მტკივა, მემსჭვალვის გვერდები,
ესე სუსტი და უძლური
სუსტს პატრონს შევაბერდები.
ბევრი რამა მაქვს სათქმელი,
მაგრამ ვმდუმარებ ისევა,
ძლიერ აშინებს ყანასა
კალიის გუნდის მისევა.
ძნელია, როცა ქვეყნისა
გონება გადაირევა!..
ჩემს პატრონს თავში ტვინი აქვს,
როგორც ლოდი და კაჟია,
ვინც იმას გასტეხს, ის არის,
აბა, ის არის ვაჟია,
თუმცა კი ვერ გადაურჩება,
რომ არ გარდახდეს ბაჟია...
უბირის, ბეჩავის ენა
გასამტყუნარი რაშია?!

ღმერთმა დასწყევლოს ზოგის ენა, რომელიც არა მარხულობს და მოჰყვება ქვეყანაზე ტიკტიკს, ჰფქვავს, რაც ძალი და ღონე აქვს, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ პურსა ჰფქვავდეს. არა, ვინ მოსთვლის, რას არა ჰფქვავს! აღარც მარხვისა სცხვენიან და აღარც კაცისა: მთას მთას მიაჯახებს და ზღვას - ზღვასა, დედამიწას - ცასა. ტყუილად არ არის ნათქვამი: სანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ თავი მოსჭრაო. ამისთანა ენას ბევრი ვნება შეუძლიან, მაგრამ სარგებლობას ნურაფერს მოელით, ბევრს ამბობს, იმდენს, იმდენს, რომ თავის თავს მოჰბეზრდება და ქვეყანას ხომ თავს აბეზრებს, რა თქმა უნდა. აი, ამისთანა ენაა დასატუსაღებელი და სათოკ-საბორკილე, მაგრამ სად არის, ვინ არის კაცი და პატრონი?! თუ სადმე სამართალია, მარხვა, მარხულობა იმისთანა ენისათვის უნდა დაწესდეს და დაწესდეს ისე, რომ მუდამ კრიჭაში ედგეს და რამდენდერაც გაინძრევა სისულელის, სიავის წამოსაროშად, იმდენი ნესტარი დაჰკრას, ან ნაკვერჩხალი დაადოს, რომ სდუმდეს და არა სწამლავდეს კაცთა გულსა და გონებას...

შენ გეუბნები ამასა, 
ენავ, ბილწო და მრუდეო:
რა ეშმაკად და ქაჯადა
ჩვენს შორის დაიბუდეო?!
მიკვირს, რად არ გწყინს სიავე,
არ გემწარება მწარეო?
ნეტავი დამახსნეინა
შენგან ეს ჩემი მხარეო.
შენის ძალითა ბნელში მყოფთ
ბევრჯელ ვიწუნეთ მთვარეო,
ეხლა კი დროა მოგშორდე,
გასწი, შორს გაიარეო!

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ შხამიანს ენას კრიჭაში არ ედგას მართალი და მადღიანი ენა; იგი წაჰლეკავდა მთელს ქვეყანას. მაგრამ მადლიანი ენა თითს უქნევს: ჰა, ციც, დაუკრეფავში ნუ შესდიხარო!

დიაღ, ცოტასაც არის ეს მართალი და პატიოსანი ენა ამარხულებს იმას და აფრთხილებს.

ენა დალოცოს ზოგისა:
მართალს სთესს, მართლის მხვნელია,
რაც კი რამ კაცსა ერგება,
სულ მუდამ იმის მთქმელია.
კაცს არ გაუთხრის ორმოსა,
პირს არ გაუყოფს სოფელსა,
არ აპატიებს საქციელს
ტავის სამშობლოს მგმობელსა,
ამისთვის უყვართ ჭკვიანთა,
უდღეგრძელებენ მშობელსა.

მაგრამ მაგარი ის არის, რომ თურმე, როცა ენა ხმასაც ატკბილებს, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, ე.ი. ისე, როგორც ერთმა ჩვენმ მწერალმა სთქვა, ხმას „აფაფუკებს“, მაშინ თურმე ვნების მოტანაც შეუძლიან

??????