ბოროტმოქმედნი
ყეფდა ძაღლი,
ყიოდა მამალი,
სახურავიდან ამოდიოდა კვამლი
და იყო პატარა ოჯახი,
ოჯახი იგი ეკუთვნოდა სილიბისტრო ქაშაძეს.
**
ლაფაროში ოთხ გამურულ ბავშს ოსტატურათ გადაუხლართავს ხელები, რომ ვინც მეთაურობს, მან ვერ გაიგოს, თუ ვისია გამოწვდილი თითი. ერთი ნაწყენია და თვალზე ძლივს იკავებს ცრემლს; მეორე მადიანათ სჭამს ჭადს; მესამეს მარცხენა მუჭში მწიფე ტყემალი აქვს და ეშინია, არავინ წაართვას; მეოთხე კი გაიძახის:
ახლოს, მახლოს, ჩიტმა გნახოს
შენი ფესვი-ფესმანდური; გოგია
ფაღავა შვა მინდორში დაბღავა;
ჩემი ძროხა კაბელეი ფეხს
მოიტეხს აქანეი; ატატა-ბატატა,
ფრანიშვილი პაატა; ლარსე, ლურსე,
მოგვერდი და ცრუტ.
**
ვაჟებს აღარაფერი დარჩათ მეტი გასაკეთებელი. ვისაც კი ჰყავდა კრავი, ცხვარი თუ თიკანი, დაჰკლა, გაატყავა, შამფურზე წამოაგო და სურდა მოესვენა, მაგრამ იატაკების ხვეტამ, ქათმების პუტვამ, შიგნეულის წმენდამ, კვერცხების ღებვამ ისინი ქალებზე გააბრაზა და ეზოდან გადმორეკა.
მაგიერათ საქალეთი ჯარასავით დატრიალდა... ისმოდა ბავშების დატუქსვა, კარდალების ხეხვა, ფარდაგების ფერთხა...
აღდგომას ელოდებოდენ.
ალიონზე გადავიდოდენ ეკლესიაზე, თავიანთ მიცვალებულთ წითელ კვერცხებს მიუტანდენ, ნაწირვებს გულდამშვიდებული მიუჯდებოდენ სუფრას. ქაშაძესაც ჰქონდა სააღდგომო კრავი; პატარა ვაჟიშვილი, სილიბისტრო და მისი და გალობდენ:
„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“...
II
ყაყანმა, ამ ახირებულმა კამათმა, დაღალა ყრილობა. ორივე მხარე ცალ-ცალკე გადგა; მხოლოდ აქა-იქ ერთი ორი თუ კიდევ წამოიძახებდა მკვახე სიტყვას მოწინააღმდეგის გულის გასახეთქად.
- ე, რა ამდენი ვიჩხუბოთ, ხალხო, შიმშილით ხომ არ დავიხოცავთ თავს, ამევირჩიოთ ე ჩვენი სილიბისტრო.
- შენც ბოდავ ერთი!
- აბა შენი მუნიანი ზაქარეი ჯობია კი!.. - დაუღრინა პირველმა.
- მართლა და, რა უჭირს, ხალხო, დინჯი კაცია... ნამუსიანი... ამევირჩიოთ!...
- ერთი მაგათ გვარსაც ერგოს „ჩინონიკობა“.
- ჩინონიკობა, თვარა ღუბერნატორათ ირჩევ, შენმა მზემ!..
ამ ყვირილ-ყვირილში სილიბისტრო იდგა და ფიქრობდა: ქეც უნდოდა ნაცვალი გამხდარიყო, ყვითელი მენდალი ჩამოეკიდა და არც უნდოდა.
ჯერ უარზე გადგა:
- რა დროს ჩემი ნაცვლობაა... დავბერდი... ძლივს დავდივარ...
უარმა გააღიზიანა ხალხი... ზოგს იმედი მიეცა, დაბეჯითებით იტყვის უარსო და დაიყვირა:
- სილიბისტრო იყოს, სილიბისტრო!
ასე აირჩიეს სილიბისტრო ქაშაძე ნაცვლად; ჩამოკიდეს ყვითელი მენდალი, ყრილობა დაიშალა.
**
- ქაშაძე ნაცვალო!
- რა გინდა?! - შეუბღვირა ქაშაძემ.
- ა, პეტროიი უნდა წეიყვანო ხონში... საჩქაროთ...
- ჩემ მეტი ვერავინ ნახე? ...
- შენი უბნისაა!.. რას მედავები?.. მარა იცოდე, არ გაგექცეს, თვარა ხომ იცი - შენც ციმბირში წახვალ და მეც.
- რავა გემექცევა, - იწყინა ქაშაძემ, - ხელშეკრული კი არა, თოფ-ზარბაზანი რომ ქონდეს, მაინც ვერ გამექცევა.
- ჰოდა იცოდე, ხელშეკრულს გატან, ხანჯალი ქე დეიკიდე. ა, ქაღალდი!.. ჩვენც ჩამოგისწრებთ...
III
ერთ ხანს სდუმან.
- კაცო, რა ღმერთი გაგიწყრა, ერთი კოკა ღვინიზა რავა მოკალი კაცი?!
- რას ამბობ, შე მამაცხონებულო, ვინ ეშმაკმა მოკლა?!
- აბა, მე ხომ არ მომიკლავს?!
- იმ ოჯახმა მომინელა... გამათავა... ხელს უწყობდი, ვეხმარებოდი, შენ არ მომიკვდე - არაფერი გამივიდა; კოხინჯრობას ძმარი ღვინო შემომაპარა. - სამი მანეთი მიანგარიშა ჩაფი. ხეები გადამიჭრა - თითო ხე სამ არშინიანი იყო სიგრძით და მტკაველი სისხოთი... შაურის ძლევა დამიწყო. მის ჭურში ტყემალი ჩავყარე - მანეთი გადამახდევინა... ჭრაქი რაა, შე კაცო, ჭრაქი, ისიც კი არ მათხოვა!.. ერთი ვაი-უით გამოვართვი, მეორე დღეს კაცი მომიგზავნა - ჩამომეცალეო... მეც ჩამოვეცალე... მარა ის ამბავი ხომ იცი... თითქოს განგებ ეშმაკი შემიჯდა გვერდებში... მერე მაინც რავა მეეწყო, ი, წყეული ყველაფერი... კაცო, ღმერთი არაა ქვეყანაზე?! მეც ისე უნდა გამგზავნონ ციმბირში, როგორც კაცის მკვლელი და ყაჩაღი?! იმე, სამართალი არ ყოფილა, ძმაო! შე კაცო, მაგენის ბრალი იყო... იმ ოხერ ფერისცვალებას - მიწა ვჭამე, ღმერთო, შემინდევ! - მივდივარ ორღობეში... დევინახე, ჭური მოუხდიათ... სავსე დოქიც დგას... ვიფიქრე, ერთი დოქი ღვინო ვის დაავსებს-თქო... ევიღე... თითქოს განგებ იყო დატოვებული და წევიღე... დამეწია ის სულწაწყმენდილი... დავდევი დოქი, დაუძახე: „თავს ნუ მომჭრი, ნუ ყვირი, აი შენი ღვინო-თქვა“... მარა შენ არ მომიკვდე... ღრიალებს - თითქოს საცხოვრებელიდან გამეცალოს... მეცა... გული მომივიდა... ვინმე ღონიერი რომ ყოფილიყო, კიდო ჰო, თვარა სული ძლივს უდგია მუცელში და გალახვას მიპირობს... ვსტაცე ხელი, მევიქნიე ერთი... აცხონოს ღმერთმა, გლახაკი იყო - წიწილივით დავარდა... უფრო იღრიალა... შემოგვესია ხალხი... მერე ქე მორჩა, წამოდგა... მარა თავისით მოკვდა ერთი თვის შემდეგ...
- ეჰ! ორი კაცი ქე დეიღუპეთ იმ ერთი დოქი ღვინისთვის.
დუმილი.
- სილიბისტრო, შევიდეთ სახლში, ერთი ჭადი მაინც წევიღოთ, თვარა დევიხოცებით შიმშილით.
- დაგვაგვიანდება, - ყოყმანით უპასუხა ნაცვალმა.
- აბა, კაცო, ხონში ჩვენ არაფერს გვაჭმევენ და... ყველიც ქე აქ, მგონია, ჩემ დედაკაცს.
- შევიდეთ, მარა ჩქარა გამევიდეთ.
IV
- უი, თვალები კი დამიდგა... ე, რავა შეკრული გაქ ხელები!
- კაი ახლა!.. ერთი ჭადი მოგვეცი და ყველი.
ქალი ტირის.
- გამიხსენი, თუ ღმერთი გწამს, ხელი: ცოდვაა ქალი - ასე ჰგონია სახრჩობელაზე მიგყავარ...
სილიბისტრო უხსნის ხელებს და ეუბნება:
- არ დამღუპო კაცი!..
დაფაცურდა ქალი.
- შემიშვი, კაცო, ქალს ორ სიტყვას ვეტყვი...
- არ დამღუპო კაცი - არ გეიქცე!
ოთახში ბავშები იკუჭებოდენ.
- ქალო, ბევრი ლაპარაკის დრო არ არი, მე უნდა გავიპარო...
- რას ამბობ?! ყაჩაღათ აპირებ გავარდნას?!.
- რას სულელობ! ყაჩაღს რა მიგავს? ოღონდ ორ წელიწადს მაინც გამომალპობენ ნაობახში... და ისევ წავალ სადმე ჭიათურაში, აფხაზეთში... ჩუმჩუმად ქე მოვალ... ფულსაც გამოგიგზავნი... მერე ყველას დაავიწყდება და ქე მოვალ... ისევე.
- რომ დაგიჭირონ?..
- დამიჭერენ კი არა!.. ზანდუკში ქეა ორმოცდათექვსმეტი მანეთი და ორი აბაზი... გამეიზოგე. ხუთი ბათმანი რომანოზას მართებს, გამოართვი... საზიარო ღორი რომ გვყავს ბატონის, აუყვანე... გოჭები გაყავი - ნახევარს წეიყვანს, ღორზე თავი შეაცოდე, უთხარი ქმარი დამეკარგა და ეს ერთი სანოგროთ მაჩუქე - ღმერთი სამაგიეროს არ დაგაკლებს-თქვა. არაა თლათ ცუდი კაცი - იქნებ ქე მოგცეს... მაშინ ყიდე გოჭები და ისაზდოვე... აბა ნახვამდის... ერთ ხანს უთხარი სილიბისტროს, იცვამს-თქვა და, მერე, რომ გამოვა, მე ტევრში ვიქნები, და რაღას იზამს...
**
სილიბისტრომ უიმედოთ შეაღო კარები...
- წევიდა?! - იყვირა და მოირთო თავში ხელი!.. - ვაი ცოლო და შვილო!... ხომ დამღუპეთ!.. ერთ ჭადს გადამაყოლეთ!.. ცეცხლი მეჭამა, თქვენ ერთ ჭადს არ მერჩია! ახლა მის მაგიერ უნდა ვეგდო ნაობახში... ნეტაი მამასახლისი ამტერებული მაინც არ მყავდეს... დაგწყევლოთ ღმერთმა თქვენ და თქვენი ჯილაგი და მომავალი!..
რადგან ქუდი არ ქონდა მიწაზე დასანარცხებლათ, ყაბალახის ყუა დაიფერთხა...
V
სახლის წინ სკამ-ლოგინთან სდგას პატარა ბიჭი და, რადგან მამის დიდი ჯოხი ხელში ჩაუგდია, დინჯათ უჭირავს თავი: თვალწარბი შეჭმუხნული აქვს.
- დედა!
- რა, შვილო?
- დღეს სტუმრები მოვლენ, - ჯერ კიდევ საკმაოთ გაუმაგრებელი ენით ამბობს ბიჭი.
- რატომ?
- ვერ ხედავ, ეგერ ციფუნია როგორ იბანს პირს და ფუცუციაც მთელი დღე აივანს ხვეტს.
დედას გაეღიმა.
- შენ არ თქვი, ბაღანე რომ ხვეტას დაიწყებს ან ციფუნია პირის ბანას - სტუმრები მოვლენო.
დედა ოდნავ დაცინვით და თან სიყვარულით:
- კი, შვილო, კი!..
ბავშს სრულიადაც არ მოსწონს კილო და უფრო ჩაფიქრებული ხაზავს ჯოხით მიწაზე რაღაცას.
- წევიდეთ, შვილო, წირვაზე...
სიხარულით მიდის... წითელ-წითელი ქორგები... შორიდან ისმის გალობა, ყაყანი... ეკლესიის კარებიდან ოდნავ მოსჩანს სანთლები...
წინ მიდის ბიჭი. უჭირს, ძლიერ უჭირს დიდი ჯოხის ტარება, მაგრამ მიათრევს და, როცა მამასავით დააბჯენს, - უხარია.
მას მიჰყვება ფუცუცია. უჭირს სიარული, მაგრამ რცხვენია კოკის ჩამორჩეს და თანაც უნდა ახალი კაბა ყველას აჩვენოს.
სულ ბოლოს მიდის დედა და ფიქრობს:
„არც ეს ბავშებია წასახდენი... ღმერთო, კეთილად დამიბრუნე ჩემი ქმარი, ამით მარჩენალი... ექვსი თვე კიდო და გაუთავდება ვადა... მოვა ჩემი სილიბისტრო.
„ღმერთო, გამიზარდე ჩემი ბრძენი ბიჭი!“..
1920 წ.