ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

დათვლილია დღეები მისი... 

/ბალთაზარის სიკვდილი/
 

სასანთლის წინ,
კირით შეფეთქილ კედელზე ჩანს 
უცნობის ხელი როგორ წერს სიტყვებს;
გულის თვალი თუ ჩაწვდება
სათუოა, რაიმე რომ ამოიკითხოს,
გარდა შიშისა, 
რომელიც ჩუმად უკითხავს მეფეს: 
...გადაითვალა ღმერთმა 
შენი ქვეყნის დღეები, 
ბოლო მოგიღო,
შეგსვა სასწორზე 
და ბუმბულივით აგიტაცა სასწორის პინამ...

სადაა მეფე?! 
ჯერ ისევ შიში აცახცახებს, ისე მჩატეა, 
მუხლები ისე გაეყინა რომ კუნძად იქცა.

მორჩა, 
მისივე უმეცრებით გაიყოფა განუყოფელი,
მორჩა, მას სტკივა გული, 
რომელიც დღემდე არ ჰქონდა,
სასოწარკვეთამ მოუძებნა 
და მისი ფიქრი __ 
გათიბული დროის ზვინი ქარმა გაშალა
და ელვის ბაგემ აკოცა და 
ცეცხლის ენამ გადაურბინა... 

ღამის ცეცხლი მოედო ღამეს, აღრჩოლდა ღამე _
იბადება ღამე ღამიდან 
და ჩაიწვა მეფის დღენი თივის ცეცხლივით 
და მიინავლა, მიილია და ჩაიბჟუტა 
და ისე ძლიერ ჩამობნელდა,
რომ ღამესაც აღარ ახსოვს 
სიბნელის ასე შედედება _ ჩაწყვდიადება... 

სასანთლის წინ 
კირით შეფეთქილ კედელზე ისევ გამოჩნდა ხელი,
გრძელი თითები, მოძრავი მაჯა;
დაუწერელ სიტყვების სული მსჭვალავს ყველას, 
მერე სიტყვები ჩნდება კედელზე,
ხმოვნები კი არ იწერება. 

ხმოვნები მუდამ იგულისხმება 
და გულისხმაში იარსებებენ __ 
დაწერამდე, გაქვეყნებამდე 
და სუნთქვას ჩვენში გააგრძელებენ. 

ჩვენ დღემდე გვზარავს, 
რაც კედელზე მიაწერა უცნობის ხელმა: 
მენე, მენე თეკელ, უფარსინ... *


ღია სარკმელში კვიპაროსი ჩუმად ირწევა, 
მაღალ კენწეროს შენს თვალებში აწებს ფუნჯივით
და სიზმარ-ცხადში შეყოვნებულ
მომავლის კადრებს 
იმარხავ გულში და უენო ზარის სიმუნჯით
არავის უმხელ, აღარ გინდა თვალის შევლება 
აღარაფერზე, არავიზე, 
შენ ისიც გყოფნის, 
სულის სიღრმეში უთქმელობა რომ გეცრემლება. 


* დანიელი, თავი მეხუთე 4 _5; 26 _ 28;

??????