ჰიმნი ქართულ ანბანს
შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
არამედ მზით
ამოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საუკუნის წინად...
იმდროიდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზე შევდეგ
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენ სიძველის
გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი
ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით
ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...
ცხრაასხუთი.
ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას
კაცთ ახალი ტომი.
ხელთ უპყრია
ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხვეულები
გრეხილების ორფის,
გაშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საუკუნის წინად...
სევდიანის
და როდესმე ობლის
გულმხურვალე,
როგორც ზრუნვა მშობლის.
ხარ აღმდგენი
ქალაქის თუ სოფლის
ოცდაექვსი
საუკუნის
შემდეგ.
შენით მღერდა
მომღერალი ვეფხვის,
უდარებლად
მცოდნე ლექსის ხერხის.
ეს შრიალი
იყო მრავალ ვერხვის
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...
შენ სიმები
მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი
თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს,
თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.
ქალიშვილი
შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერ უშლელს
მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ,
არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საუკუნის წინად...
კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საუკუნის წინად,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.